სიახლეები

რა ელის მოსახლეობას დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ?!

28.07.2015 • 1367
რა ელის მოსახლეობას დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ?!

 

ბატონო ლევან, ლარის გაუფასურებისგან გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებს მოსახლეობა ჯერ კიდევ არ გამკლავებია. ამ ფონზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა როგორ აისახება რეგიონის მოსახლეობაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს სიღარიბის ზრდას?

წინასაარჩევნო დაპირებებს, რომ დენი გაიაფდებოდა, არ ვიცი იჯერებდა თუ არა მოსახლეობა, თუმცა სპეციალისტებისთვის თავიდანვე გასაგები იყო, რომ დენის ტარიფის შემცირება იყო შეუძლებელი. საქართველოს იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ტარიფის თვალსაზრისით ევროპასა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის. მხოლოდ რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და თუ არ ვცდები, ბელორუსი გვისწრებდნენ დაბალი ტარიფით, რადგან ამ ქვეყნებში კარგად არის განვითარებული ატომური ენერგეტიკა. სხვა ქვეყნებში, მათ შორის მეზობელ თურქეთში, 1კვ/საათის ღირებულება 30 თეთრი იყო.

 

მაგრამ ხელისუფლება საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის საკმარისი რესურსი ჰქონდა და ყიდდა კიდეც მას. რა მოხდა ახლა?

ენერგორესურსების საკმარისი ოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ დენის ტარიფი იქნება დაბალი. ტარიფი დამოკიდებულია ელექტროენერგიის წარმოების დანახარჯებზე, გადაცემაზე და ა.შ. ამას ემატება მოგების მარჟა, რომელსაც ენერგოკომპანიები იტოვებენ მოგების სახით. მე არ მაქვს დეტალური კალკულაციები დენის წარმოების ღირებულებაზე, რადგან ამას კომპანიები საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა როგორც ენერგეტიკოსს, დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი საკმაოდ დაბალი იყო.  

 

„ენერგო პრო-ჯორჯია“ არ გამოირჩეოდა დახვეწილი სერვისით, მოსახლეობას ხშირად  ჰქონდა პრეტენზიები მის მიმართ, დღეს ეს კომპანია აპირებს ბაზრიდან გასვლას. რას უნდა ელოდოს მოსახლეობა ახალი ინვესტორისგან?

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გასვლა ლოგიკურიც მეჩვენება, რადგან ენერგეტიკის განვითარების პერიოდი დავკარგეთ მისი ბაზარზე ყოფნით, სიხარბისა და არაკომპეტენტურობის  გამო ამ კომპანიას არ აღმოაჩნდა რეფორმების გატარების რესურსები, ამიტომ, საბოლოოდ მოსახლეობა დაზარალდა. გაძვირება ლარის ინფლაციის გამო მოსალოდნელიც იყო, რადგან გაძვირდა გაზი და ტრანსპორტიც. თუმცა ლარის გაუფასურება თბოელოექტროსადგურებს უფრო შეეხო და არა ჰიდროელექტროსადგურებს, რადგან მათთვის წყალი არ გაძვირებულა. 

 

რაც შეეხება ახალ ინვესტორს, არა მგონია, რომ ტარიფის ზრდა ახალი ინვესტორის ინტერესებს უკავშირდებოდეს. თუმცა, სანამ არ გავიგებთ დენის წარმოების ტარიფებს და ეს ინფორმაცია იქნება დაფარული, კონკრეტული მიზეზების ანალიზი საკმაოდ რთული გასაკეთებელია.

 

ახალი ჰესების მშენებლობის შემდეგაც იგივე ტარიფი უნდა შენარჩუნდეს დენზე?   

საერთოდ, დენის ექსპორტი უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის, ვიდრე შიდა ბაზარზე გაყიდვა, ამიტომ ჰესების მშენებლობა ამაზეა გათვლილი და მათი მშენებლობის სიკეთე პირდაპირ არ აისახება მოსახლეობაზე. ეს აისახება საბიუჯეტო შენატანების გაზრდით, რითაც სხვადასხვა პროგრამა დაფინანსდება. 

 

დენზე ფასების ზრდის გამო თუ ელოდებით სოციალურად დაუცველების ახალ ტალღას ქვეყანაში?

ეს დამოკიდებულია სახელმწიფო პოლიტიკაზე. დღეს ჩვენ გვესმის რამდენიმე ვერსია: ამბობენ, რომ ელექტროენერგია გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც იქნება დამღუპველი; ისმის დაპირება, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება სუბსიდირებული, ესეც არასწორია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დასაშვებად მიმაჩნია. თუმცა სახელმწიფო კი არ აკეთებს სუბსიდირებას, ფაქტობრივად, ჩვენ, მოსახლეობას გვიწევს ამ თანხის გადახდა, რადგან ჩვენთვის გაიზარდა ტარიფი 4 თეთრით. აქ სხვა საფრთხეებს უფრო ვხედავ. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის წარმოებები, სადაც ენერგეტიკულ მდგენელს დიდი მნიშვნელობა უკავია. იგივე ნავთობპროდუქტების გადაზიდვა-რეალიზაცია, საკვები მრეწველობა და ასე შემდეგ, რამდენად გაუძლებენ ტარიფის ზრდას.

 

ნავთობის გადატუმბვაში დაახლოებით 25-30 პროცენტი უკავია ელექტროენერგიის ღირებულებას, ეს დიდი მაჩვენებელია, ამიტომ ამ კომპანიებმა რომ არ გაზარდონ თავიანთ პროდუქციაზე ფასი, მაშინ საკუთარი მოგება უნდა შეამცირონ. თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ ფასების ზრდა ჯაჭვურად, ყველა პროდუქციაზე აისახება და ეს შეიძლება გახდეს სოციალური აფეთქების საბაბი.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: