სიახლეები

ბსუ-ს თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე

28.06.2015 • 2081
ბსუ-ს თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე

 

 

ბექა მაკარაძე
ბექა მაკარაძე

ბექა, რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით თვითმმართველობის თავმჯდომარე?

ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და მინდა კარგი გავაკეთო უნივერსიტეტისთვის. ბევრი ახალი და საინტერესო იდეა მაქვს და მინდა მისი განხორციელება, ამაში კი თვითმმართველობის თავმჯდომარეობა ძალიან დამეხმარება. სტუდენტებმა ნდობა გამომიცხადეს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავამართლო. 


რის გაკეთებას აპირებთ?

 პირველ რიგში სამეცნიერო ღონისძიებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას. ასევე წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეა. გვინდა გავაკეთოთ საერთაშორისო კონფერენცია. თუ უცხოელებს ვერ მოვიწვევთ, გვინდა, რომ თბილისის უნივერსიტეტები ჩავრთოთ ამ ღონისძიებებში. რეფერატულ ნაშრომებს ამზადებენ სტუდენტები, გვინდა, შემდეგ ეს ნაშრომები სადმე დავბეჭდოთ, გამოვაქვეყნოთ. ეს მათი ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამეცნიერო ცხოვრებაში. სამსახურს რომ დაიწყებენ, გამოადგებათ. 


94 წევრი ვართ სტუდენტურ თვითმმართველობაში. მათაც რამე კარგი აზრი თუ ექნებათ განსახორციელებლად, დავამატებთ და გავაკეთებთ. ასევე გვინდა, მივხედოთ სტუდენტურ ცხოვრებას, სტუდენტური დღეების განხორციელება კარგი იქნება. ადრე რომ ხდებოდა ფაკულტეტებს შორის შეჯიბრებები, უფრო აქტიურს გახდის სტუდენტებს. ასევე სპორტულ ღონისძიებებსაც მივხედავთ, შეჯიბრებებს მოვაწყობთ.

21-ე საუკუნეა, მაგრამ ინფორმაციას, რომელიც სჭირდება სტუდენტს, იღებს სტენდზე გაკრული ფურცლებიდან. ამიტომ გვინდა დიდი ტელევიზორები შევიძინოთ, დავამონტაჟოთ რამდენიმე კუთხეში, სადაც მიღებულ ინფორმაციებს გავაშუქებთ ელექტრონულად. ყოველ სტუდენტს ახალი ინფორმაციის მიღება ელექტრონული ტაბლოს მეშვეობით შეეძლება.

ასევე შემეცნებითი ექსკურსიების ჩატარება გვსურს. როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობ, ეცნობი რომელ წელს აშენდა ეკლესია, რომელი მეფის პერიოდში, ეს და განათლების დონესაც ზრდის.

გვინდა მანტიები შევიძინოთ კურსდამთავრებულთათვის, ოღონდ არ ვიცით რამდენად მოგვცემს ბიუჯეტი ამის საშუალებას. უნივერსიტეტს არ აქვს ყველა სტუდენტისთვის საკმარისი მანტია, ამიტომ იცვამს მხოლოდ წარჩინებული სტუდენტი, რაც არ მომწონს. ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტს ამთავრებს, ამ დღეს ერთნაირად ელოდება და არ უნდა დაწყდეთ გული. ამ საკითხის მოგვარებას ვფიქრობთ. შევკერავთ იმდენს, რამდენის საშუალებასაც მოგვცემს ბიუჯეტი და ეტაპობრივად ეს პრობლემაც მოგვარდება.

 

როგორც ვიცი, საგამოცდო ბარიერი 21 ქულით არის განსაზღვრული. სტუდენტებს ამასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია და თუ აპირებთ ამ საკითხით დაინტერესებას?

 მე პირადად ახლა ბარიერთან შეხება არ მქონია. ჩემთვის ბარიერი პრობლემა არ არის, რადგან სტიპენდიაზე გავდივარ და ყოველთვის ვეცდები მაქსიმალური ქულები მივიღო, მაგრამ სტუდენტების უმრავლესობა თუ ჩათვლის, რომ საჭიროა ბარიერის დაწევა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგები.


უნივერსიტეტში სწავლის დონესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული სწავლის ხარისხით?

პირადად მე ჰუმანიტარულზე ვსწავლობ, ახალი მოსული ვარ თვითმმართველობაში და სხვა ფაკულტეტებთან დიდად შეხება არ მქონია. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ. მაქსიმალურად ითხოვენ ლექტორები სტუდენტებისგან და ყოველთვის დატვირთული ვიყავი. 


 რამდენად რეალურია იმის განხორციელება, რა გეგმებიც გაქვთ?

თვითმმართველობაში მარტო მე არ ვარ, აქ არის 94 კაცი. რა თქმა უნდა, მათთან ერთად მაქსიმალურად ვეცდები განვახორციელოთ ისეთი რამ, რაც უნივერსიტეტისთვის იქნება კარგი, რაც მას მოუტანს წარმატებას. 


წინა წლებში იყო ისეთი პრაქტიკა, თვითმმართველობის თავმჯდომარე ვერ გახდებოდა ისე ვერავინ, თუკი მას არ ჰქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა. თქვენი აზრით, უნდა ერეოდეს თუ არა ხელისუფლება ასეთ საკითხებში?

არ უნდა ერეოდეს ხელისუფლება და ვფიქრობ, არც ერევა. სტუდენტები, თვითმმართველობა და პოლიტიკა არ არის ერთმანეთთან კავშირში. სტუდენტებს თავისი საქმე აქვთ – უნივერსიტეტში ამდენი რამაა გასაკეთებელი. 


ახალი სასწავლო წლისთვის რა გეგმები გაქვთ?

სექტემბრისთვის ჩვენი გეგმა არის კონფერენციის ჩატარება უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით.

 

გადაბეჭდვის წესი