მთავარი,სიახლეები

დამენგრა ოჯახი, რომელიც სიმწრით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც არ ვგეგმავდი

10.01.2018 • 2953
დამენგრა ოჯახი, რომელიც სიმწრით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც არ ვგეგმავდი

ყოფილი პატიმარი ნინო კ. სამი შვილის დედაა. ბევრი უსიამოვნო თავგადასავლისა და რთული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, ვისთან ერთად გაატარებდა მთელ ცხოვრებას საბოლოოდ. სასჯელი მოიხადა და გათავისუფლებიდან სამ თვეში ახალი ადამიანი გაიცნო.

მანამდე კი იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც თელავში ცხოვრობდა: ცოლ-ქმარი სამი შვილი და ბებია-ბაბუა. ნინოს საკუთარი მაღაზია ჰქონდა და ასე უმკლავდებოდა დიდი ოჯახის საჭიროებებს. მეუღლეც ეხმარებოდა და მალე ძლიერ ოჯახად იქცნენ, რომელსაც სხვების დახმარებაც შეეძლო.

„არასოდეს ვამბობდი უარს ხელის გამართვაზე. როცა აღარ გიჭირს, კარგად ხარ და ახლობელს დახმარება სჭირდება, რა თქმა უნდა, დაეხმარები. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ურთიერთობა ძალიან დაგვეძაბა ოჯახში ნათესავების გამო: ქმარი დაჟინებით მთხოვდა მესესხებინა პროცენტიანი თანხა მისი დეიდაშვილებისთვის, რომლებსაც ოქროს ბიზნესის წამოწყება სურდათ და არ ჰქონდათ საწყისი თანხა. ჩვენ კარგად ავაწყეთ ყველაფერი და რატომ არ უნდა გავუმართოთ ხელი სხვებსაცო – მაქეზებდა მეუღლე და ამაში ცუდს მეც ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ თავიდანვე მეძნელებოდა პროცენტიანი თანხის ჩემი სახელით სესხება და უარს ვამბობდი. ეს იყო ჩვენი უთანხმოების მთავარი მიზეზი“, – ყვება ყოფილი პატიმარი ნინო კ.

მიუხედავად იმისა, რომ ნინოს თავად არ სურდა თანხის სესხება, ქმრის ოჯახმა და ნათესავებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქალის საბოლოო გადაწყვეტილებაზე და დაიყოლიეს. ქმრის ნათესავმა ნინოს სახელით აღებული სესხი არ გადაიხადა, მიიმალა და მერე ქვეყნიდანაც წავიდა, ისე, რომ ოჯახის წევრებისთვის, როგორც ნინოს არწმუნებენ, უცნობია, სად გაქრა ადამიანი.

საქმე ეხებოდა 18 ათას ლარს, რომლის პროცენტსაც ნინო თავიდან მაშინაც კი ფარავდა, როცა ქმრის ნათესავი ვერ იხდიდა, მაგრამ მერე ვეღარც მან შეძლო პროცენტის გადახდა და ვალმა 45 ათას ლარს გადააჭარბა. მევალეებმა ნინოს სასამართლოში უჩივლეს. როგორც ნინო ამბობს, მის მაღაზიაში შეიჭრნენ და საქონელი დაიტაცეს.

ქმარი ნინოს ურჩევდა უკრაინაში გაქცეულიყვნენ და ასე აერიდებინათ თავიდან სასჯელი, თუმცა ცოლი ქმარს ამ წინადადებაზე არ დასთანხმდა: სამივე შვილის წაყვანას ვერ მოახერხებდნენ და მიმალვასა და შვილის საქართველოში დატოვებას ქალმა პატიმრობა არჩია – თავისით ჩაბარდა. ნინოს მეუღლე კი უკრაინაში წავიდა და მას შემდეგ იქ დასახლდა.

„სასამართლოზე ყველა მგულშემატკივრობდა, პროკურორიც კი და ხშირად იმეორებდა: რა დააშავა ამ ქალმა, რა ამის ბრალიაო, ყველაზე მცირე სასჯელი დამაკისრეს, რაც კი თაღლითობის მუხლით შეიძლება განისაზღვროს – 4 წელი და რამდენიმე თვე. ამნისტიის შედეგად თვეები მომაკლდა და სრული 4 წელი ვიყავი საპატიმროში. 2008 წელს დამიჭირეს, 2013-ში გავთავისუფლდი. შვილებს ბებია ზრდიდა, გოგონა 16 წლის მოიტაცეს ჩემი პატიმრობისას, ახლა 26 წლისაა და შვილები ჰყავს“, – გვიყვება ნინო.

ძალიან გაუჭირდა ციხესთან შეგუება. არ ტოვებდა სირცხვილის, შიშისა და უიმედობის განცდა, მაგრამ, როგორც ამბობს, ფიქრების შეკავება ისწავლა, საქმე გაიჩინა, რომ ფიქრის დრო არ დარჩენოდა: მძივებით ნივთების გაფორმება, ხატწერა და ხელსაქმე. მერე დრო ნელ-ნელა გავიდა და ბოლოს აღმოაჩინა – ციხეში რომ არ მოხვედრილიყო, ვერც იმ ადამიანს გაიცნობდა, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებს.

„გამათავისუფლეს და ჩემს ტანჯვას საზღვარი მაინც არ ჰქონდა, მეგონა, რომ თითოეულმა უცნობმა, რომელიც ქუჩაში მხვდებოდა, იცოდა ჩემი პატიმრობის შესახებ და მაქილიკებდა, ცუდად მიყურებდა. მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი ფსიქიკის პრობლემა იყო, აკვიატებული აზრი, რომლიც უნდა დამემარცხებინა და მალევე მივხვდი, რომ ყველა ადამიანს თავისი პრობლემა აქვს და სინამდვილეში არავის არავისთვის აქვს ამდენი დრო სხვის განსჯას შეალიოს. პირველი, რაც გათავისუფლებულს თვალში მომხვდა იყო თბილისის ქუჩებში ერთიანად მომრავლებული უამრავი მანქანა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თავზარდამცემი იყო ქუჩაში ხმაურისა და მანქანების თვალშისაცემად გაზრდილი რაოდენობის დანახვა“, – აგრძელებს ნინო ამბავს.

გათავისუფლების შემდეგ ნინო ხშირად სტუმრობდა ქალს, ვისთან ერთადაც სასჯელს იხდიდა. მასთან ნინომ თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამ თვეში ახალი ოჯახი შექმნა. შვილებს გაუხარდათ, რომ დედა მარტო აღარ იქნებოდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. ნინო ახლა სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. მისდევენ სოფლის მეურნეობას და თავს ასე ირჩენენ. ჰყავთ რამდენიმე ძროხა, მათ შორის  ერთ-ერთი დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის დაფინანსებით შეიძინეს, რომელიც  ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების გაძლიერებას ისახავს მიზნად. რძისა და ყველის რეალიზაცია ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, მაგრამ ნინო ამბობს, რომ ფინანსურად მათ ძირითადად საბერძნეთში სამუშაოდ წასული დედამთილი ეხმარება.

„აღარ ვენდობოდი ადამიანებს, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მეორედ შევქმნიდი ოჯახს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემმა ახლანდელმა მეუღლემ ყველაფერი გააკეთა, ადამიანების ნდობა რომ დამბრუნებოდა. ყველაფერი უცნაურად მალე მოხდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. ხუხულასავით ჩამომენგრა პირველი ოჯახი, რომელიც სიმწრით და წვალებით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც საერთოდ არ ვგეგმავდი“, – ასრულებს ნინო თავის ამბავს.

სატელეფონო ინტერვიუს ვწერთ და მის შესახებ მხოლოდ ხმის ტემბრით, თხრობის რიტმით, ისტორიის მიხედვით შემიძლია შთაბეჭდილება შემექმნას. 44 წლის ქალის ხმა ცოცხალ, მხიარულ ქალს ჰგავს, რომელსაც ცხოვრება ძალიან უყვარს და ყოველი სევდიანი მონაკვეთის მოყოლის შემდეგ რამე ხუმრობასაც ჩაურთავს უსიამოვნო ამბის გასანეიტრალებლად. გრჩება შთაბეჭდილება, რომ სიცოცხლისმოყვარული ადამიანები ყოველთვის იგებენ ამავე სიცოცხლესთან ნებისმიერ ბრძოლას.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: