სიახლეები

კაფეები ტროტუარებზე – რა ცვლილება იგეგმება კანონში

21.06.2015
კაფეები ტროტუარებზე – რა ცვლილება იგეგმება კანონში

კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ აბაშიძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარეობს და ზაფხულობით ტროტუარის მიმდებარე ნაწილი თითქმის დაკავებული აქვს. ტროტუარზე განთავსებულია მაგიდები, სკამები და გამწვანება. სივიწროვის გამო ფეხით მოსიარულეები ან ველობილიკზე უნდა გადავიდნენ, ან ავტომანქანის სავალ ნაწილზე.

მიმდებარე ტროტუარი დაკავებული აქვს მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებულ კაფე BK-სა და „ბულანჟერიასაც“.
მსგავსი ვითარებაა ძველ ბათუმში, ქუთაისის, მაზნიაშვილისა და სხვა ქუჩებზე, სადაც ყველაზე ბევრი კაფე-ბარი ფუნქციონირებს.

ბათუმის მერიის 2011 წლის 10 თებერვლის დადგენილებით, ღია კაფე ბორდიურიდან 75 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული, სავალი ნაწილიდან კი – ორი მეტრით. თუმცა, როგორც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის გარევაჭრობის განყოფილებაში ამბობენ, საკრებულოს მიერ დადგენილი პარამეტრები ყველგან დარღვეულია.

„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ძველ ბათუმში, რადგან იქ ქუჩები ვიწროა და კაფეების გამო მთლიანად იხერგება სავალი ნაწილი. მოქალაქეებს ჰქონდათ ამაზე პრეტენზია და მოგვმართავდნენ ხოლმე. მაგრამ ტროტუარის მთლიანად დაკავებას კანონი ისედაც კრძალავს“, – ამბობს მერიის გარევაჭრობის განყოფილების უფროსი თამაზ გოგიტიძე.
გოგიტიძე ამბობს, რომ მათ წელს კაფე-ბარების მფლობელებზე ტროტუარით სარგებლობის ნებართვა არ გაუციათ: „დღეს რაც გარევაჭრობები არსებობს, ყველა უკანონოა და ექვემდებარება აღებას. ამაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მოახდინოს რეაგირება და როგორც ვიცი, აფრთხილებს კიდეც, მაგრამ ერთ დღეს აკრძალავ, მეორე დღეს ისევ გამოტანილია.“

მერიაში ამბობენ, რომ გასულ წელს ტროტუარის დაკავების ნებართვა გაცემული იყო კაფე BK-ზე, თუმცა წელს მსგავსი ნებართვა აღარ გაიცემა. „წინა წლებში ქაოტური სიტუაცია იყო, ვინ აწერდა ხელს, ვინ რას გასცემდა, გაუგებარი იყო, წელს გარევაჭრობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დარეგულირდება. უკვე მომზადებულია ცვლილებების პაკეტი, რომელიც საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა და განიხილება“.

გარევაჭრობის ახალი რეგულაციების მიხედვით, ქალაქი სამ სავაჭრო ზონად უნდა დაიყოს. თამაზ გოგიტიძე: „შესაბამისად, განსხვავებული იქნება გადასახადებიც. დღეს მიზერული გადასახადი არსებობს იგივე ქალაქის ცენტრში არსებულ კაფეებზე ან სხვა სახის სავაჭრო ობიექტებზე, მაგრამ ახალი რეგულაციების მიხედვით, ბულვარის ზონაში უფრო მაღალი სტანდარტი იქნება დაწესებული, გარეუბანთან შედარებით. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ გარეუბნებში არსებული ობიექტებზეც ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ვიცით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა პუშკინის ქუჩაზე, ლერმონტოვის, ჭავჭავაძისა და კიდევ სხვა ქუჩებზე. სტანდარტებს ეს ქუჩებიც დაექვემდებარება“.

გასულ წელს გარევაჭრობის მოსაკრებლისგან თვითმმართველობის ბიუჯეტში 30 ათასი ლარი უნდა შესულიყო, თუმცა მერიის გარევაჭრობის განყოფილებაში ამბობენ, რომ დაახლოებით 14 ათასი ლარი დავალიანება დარჩა – მოვაჭრეებმა თანხა არ გადაიხადეს.„მონაცემები გადაგზავნილია იურიდიულ დეპარტამენტში და შემდეგ ალბათ სასამართლოში გადაიგზავნება“, – ამბობს თამაზ გოგიტიძე.

დადგენილების მიხედვით, ყოველთვიური გადასახადი ღია კაფეებისთვის ერთ კვადრატულ მეტრზე (დაახლოებით ერთი მაგიდა და ოთხი სკამი) თვეში სამი ლარია, დახლის კონსტრუქციაზე, სადაც ხილი იყიდება – 5 ლარი, მაცივარზე კი – 6 ლარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.