სიახლეები

ახალი უფლება ბიზნესს – ძველი ტენდერების ფასი გადაიხედება

31.05.2015 • 2189
ახალი უფლება ბიზნესს – ძველი ტენდერების ფასი გადაიხედება

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

„ხელშეკრულება ხელმოწერილი მაქვს, ვალდებულება აღებული და რადაც არ უნდა დამიჯდეს, შევასრულებ. ბიზნესი რისკია თავიდან ბოლომდე და ხელს რომ ვაწერდით ხელშეკრულებას, ვიცოდით რა რისკზეც მივდიოდით. ამ რისკს ვიღებ ჩემ თავზე. ასე რომ, მერიისთვის მიმართვას არ ვაპირებ“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში შპს „გზების“ დირექტორმა ირაკლი აბაშიძემ. 

 

„გზებს“ ბათუმში ასფალტირებული ქუჩების სარემონტო სამუშაოებზე აქვს ტენდერები მოგებული, რისთვისაც ქალაქის მერიასთან მილიონ-ნახევარ მეტ ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები.

 

„ბათუმელების~ ინფორმაციით, ქალაქის მერიას წერილობით მიმართა კომპანია „ეი ბი სი ფარმაციამ“, რომელსაც მერიის რამდენიმე ტენდერი აქვს მოგებული – პარკინსონით, მეორე ტიპის დიაბეტითა და ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, სახელშეკრულებო თანხა ჯამში – 188 238 ლარი. კომპანია მედიკამენტებზე ფასების გაზრდის გამო ხელშეკრულების გადახედვას ითხოვს.

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში. ისე, ზოგადად, ჩვენ გვქონდა საუბარი და მერიაში წინააღმდეგნი არ არიან ეტაპობრივად დაგვიმატონ თანხა. ეს წინა წელსაც ასე მოხდა. თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია“ –  განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს დირექტორის მოადგილემ გიორგი შაინიძემ.

 

ა(ა)იპ „წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე“ ბათუმის მერიის მიერ უპოვართა და მზრუნველობას მოკლებულ მოხუცთა მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერშია გამარჯვებული. სავანე ხელშეკრულებით კისრულობს მთელი წლის განმავლობაში 115 ბენეფიციარის მოვლა-პატრონობას, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 629 625 ლარს მიიღებს (ერთ ადამიანზე 15 ლარს დღეში).

 

მერიას რამდენიმე შემსყიდველმა მიმართა სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების გადახედვის თხოვნით, თუმცა ამ კომპანიებს მერიაში არ ასახელებენ. ღიად საუბარი არც იმ რამდენიმე კომპანიას სურს, რომლებსაც „ბათუმელები“ დაუკავშირდა. მერიას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე და სხვა შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების გამოც მიმართავენ.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით „ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის ან/და რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შედეგად მიმწოდებლის ხარჯის ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, თუ ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-მდე და იგი იწვევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ზრდას 100 000 ლარზე მეტი ოდენობით; ან ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-ზე მეტით“.

 

მაშინ, როცა ლარის კურსის ვარდნამ პიკს მიაღწია, მშენებელ კომპანიებში აცხადებდნენ, რომ სამშენებლო მასალების ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა, რაც მათ ზარალზე წასვლას, ან ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტას ნიშნავდა. ეს უკანასკნელი კი ეჭვქვეშ აყენებდა დაწყებული პროექტების დასრულებას. პრობლემებზე საუბრობდნენ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც. თავის მხრივ, კანონი ხელშეკრულების გადახედვას, მითუმეტეს ღირებულების გაზრდას, არ ითვალისწინებდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით კი, შემსყიდველ სახელმწიფო უწყებებს კანონმდებლობა უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ შესყიდვების სააგენტოს მიერ მიღებული ეს ცვლილება საჭირო იყო, რადგან ქვეყნის მასშტაბით არაერთი სამუშაოს მიწოდება შეფერხდა, ან საერთოდ, კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, თუმცა საჭიროა კონკრეტული მომწოდებლების შესყიდვებში დოლარის კომპონენტის განსაზღვრა.

 

„ის, რომ უნდა მოხდეს ხელშეკრულების გადახედვა, მისაღებია. უბრალოდ, ეს 10% რას ეყრდნობა, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. ეს ზღვარი, რაც დაადგინა სააგენტომ, უნდა ეფუძნებოდეს ანალიზს. ანალიზი გულისხმობს იმას, რომ შესწავლილი იქნეს კონკრეტული კომპანიის მიერ მომსახურებაში დოლარის წილი რამდენი იყო, რამაც მიმწოდებელი კომპანია დააყენა, დავუშვათ, საფრთხის წინაშე. ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა ამ შემთხვევაში და ეს არის პრობლემა“ – აცხადებს მიხეილ კუკავა.

 

მისივე თქმით, ხელშეკრულების გადახედვა და ღირებულების გაზრდის მოთხოვნის უფლება შეღავათია კომპანიებისთვის „უბრალოდ, სახელმწიფო რომ არ დაზარალდეს, ამისთვის იყო საჭირო შეფასება და ანალიზის გაკეთება. იქნებ არა 10 პროცენტი, რომელიც დიდწილად ბრმადაა აღებული, არამედ 5 ან 15 პროცენტი უნდა იყოს ეს ზღვარი“.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით „ბათუმელები“ კომენტარს სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოდანაც ელოდება.

 

ვინაიდან ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა, ბაზრის კვლევა შემსყიდველ ორგანიზაციებს მოუწევთ.
„ჩვენ შემთხვევაში იყო რამდენიმე კომპანიის მხრიდან მომართვა, ძირითადად მაინც იმ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც უცხოეთიდან შემოაქვთ. თუმცა სამხარაულის დასკვნა არავის წარმოუდგენია. ჩვენ ვუპასუხეთ – წარმოადგინონ დოკუმენტაცია სრულად და როცა წარმოადგენენ, შემდეგ განვიხილავთ, ბაზრის მოკვლევას გავაკეთებთ და არსებული საბაზრო სიტუაციის გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეიძლება მიმწოდებელს გაუძვირდა საქონელი, მაგრამ თუკი ბაზარზე არის ანალოგიური საქონელი უფრო დაბალი ღირებულებით, ბუნებრივია, კომპანიას ვერ დავეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდაზე. შესაბამისად, ან გააგრძელებს, ან შევწყვეტთ ხელშეკრულებას“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ.

 

მისივე თქმით, მერიას შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა მიმწოდებელმა, ვისაც მერიასთან ხელშეკრულება დადებული აქვს 2015 წლის პირველ მარტამდე, და აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, ეს ცვლილება ეხება მერიასთან გაფორმებულ ნებისმიერ ასეთ ხელშეკრულებას, რომლებზედაც ავანსი სრულად გაცემული არაა. თუ ავანსი გაცემულია, მაშინ მასზე ხელშეკრულების გადახედვის პუნქტი არ ვრცელდება.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, „მიმწოდებლებს ეძლევათ უფლება მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის მოთხოვნით და მას წარუდგინონ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას ზემოაღნიშნული გარემოებებით გამოწვეული მიმწოდებლის ხარჯის ზრდა. შემსყიდველი ორგანიზაცია განიხილავს ექსპერტიზის წარდგენილ დასკვნას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ათანხმებს ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდის საკითხს. საგულისხმოა, რომ ცვლილებების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულების გაზრდასა და მის ოდენობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას“.

 

„ფინანსთა სამინისტრო ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები არ არის, ის, ერთგვარად ითანხმებს ამ პროცესს, რათა არ მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან გაუმართლებლად ხარჯების გაზრდა ბიუჯეტებიდან. არა მგონია, სამინისტრო წინააღმდეგი წავიდეს, თუკი კომპანია დაასაბუთებს, რომ ხარჯი გაეზარდა. მაგრამ ისეც არ უნდა მოხდეს, რომ შემსყიდველმა რაღაც ვერ გათვალოს ბიუჯეტი ისე, რომ სამინისტრომ არ იცოდეს და შემდეგ ასიგნებები საკმარისი არ იყოს“ – განაცხადა არჩილ ვანაძემ.
გაიზრდება თუ არა ამა თუ იმ კომპანიის დაფინანსება, ვთქვათ, ჯამური ღირებულების 15%-ით, თუ კომპანია დაასაბუთებს, რომ ამდენივე პროცენტით გაეზარდა ხარჯი? – ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

 

„ჯერ რთულია თქმა, ვინაიდან სამხარაულის დასკვნა არავის წარმოუდგენია. არც კონკრეტული თანხა მოუთხოვია არავის. ალბათ კომპანიებიც თავს იკავებენ, იმიტომ, რომ ეს დასკვნა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მათ სახელშეკრულებო ფასს გაუზრდიან. თუმცა, რა თქმა უნდა, თუკი ობიექტური გარემოებები იქნება, განვიხილავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. იმასაც ვვარაუდობთ, რომ ლარის კურსი სტაბილიზაციისკენ წავიდეს, რა პროცესიც უკვე დაწყებულია“ – ამბობს არჩილ ვანაძე.

 

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის ნაცვლად, ღირებულების უცვლელად დასაშვებია მისაწოდებელი საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს ოდენობის/მოცულობის შემცირება. ეს საკითხი ასევე საჭიროებს ექსპერტიზის დასკვნას. თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა აღარ მოითხოვება.

 

ექსპერტიზის დასკვნის გაცემისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა მიმწოდებელს არ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადაში. გამონაკლისია სამშენებლო სამუშაოები, რა დროსაც მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობის შეჩერება შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: