სიახლეები

როგორ მუშაობენ ტრენერი მასწავლებლები

30.05.2015 • 3046
როგორ მუშაობენ ტრენერი მასწავლებლები

 

მასწავლებელთა ტრენინგები
მასწავლებელთა ტრენინგები

თებერვალში დამტკიცებული მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებელთა სავალდებულო აქტივობებს სამოდელო გაკვეთილის წარმართვა დაემატა. სამუშაო შეხვედრებზე, ვორქშოფებზე, რასაც აჭარაში დასაქმებულ პედაგოგებს სთავაზობს ფონდი, სწორედ სამოდელო გაკვეთილებია წარმოდგენილი.

 

„ჩვენ მიერ შეთავაზებული ვორქშოფები მომხიბლავია მასწავლებლებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ სამოდელო გაკვეთილს. მოსწონთ ის, რომ ეს არის ერთდღიანი შეხვედრა. რაიონებში ყოველთვის ჭირდა გადაადგილება“, – ამბობს ლალი ლომთათიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიმართულებით.

 

სამუშაო შეხვედრები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ თითქმის ყველა საგანში ტარდება. ვორქშოფზე დასასწრებად მასწავლებლებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: www. aef.ge

 

„მასწავლებელთა სახლმა ტრენინგების ჩატარება შარშან დაიწყო. შარშან აპრილიდან ივნისის ჩათვლით ჩავატარე სამი მოდული. თითო მოდული 26-საათიანია, ხუთსაათიანია ერთი შეხვედრა. წელს, რადგან ტრენინგებს აღარ ვატარებთ, ტრენერებმა შევიმუშავეთ შეხვედრების გეგმა. ზოგს ორსაათიანი შეხვედრა გვაქვს, ზოგს – ოთხიანი. ვორქშოფები დავარქვით, რომელსაც ვატარებთ ჩვენი მასალებით,“ – ამბობს მათემატიკის მიმართულების ტრენერი მაია ძაძამია.

 

კითხვაზე, თუ რას სწავლობენ ვორქშოფებზე მასწავლებლები, მაია პასუხობს: „შეხვედრა დიდი მოდულისგან განსხვავებულია. დიდ მოდულში იყო მთელი მასალა, რაც კი მათემატიკის მასწავლებელს სჭირდება, გნებავთ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, გნებავთ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად. ყველა საკითხი შედიოდა, ამიტომ იყო ძალიან დიდი. ოთხსაათიან შეხვედრაში უკვე კონკრეტულად რაღაც თემას ვიღებთ, რომელიც საჭირბოროტოა მასწავლებლებისათვის სკოლაში და აი, ამ თემას გავშლით. ეს მერე გამოადგებათ მასწავლებლებს, თუ როგორ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. მეთოდოლოგია ძირითადად ისეთია, რომ აუცილებელია პრაქტიკული სამუშაოები, დისკუსიები“.

 

ფიზიკის მიმართულებით ტრენერი მერაბ გობაძე ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებული ვორქშოფები პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.

 

„ხშირად პედაგოგები სასკოლო პროგრამაში არიან ჩაკეტილნი. ვმუშაობთ ამოცანების ამოხსნაზე, კონკრეტულ საკითხებს უფრო სიღრმისეულად ვხსნით. თუ რაიმე სიახლეებია, ვაწოდებთ ამ სიახლეებსაც,“ – ამბობს მერაბ გობაძე.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ტრენერი მაია მენაბდე იმ სირთულეებზე საუბრობს, რის წინაშეც მაღალმთიანეთში მცხოვრები პედაგოგები დგანან.

 

ტრენინგი ქედაში
ტრენინგი ქედაში

„მაღალმთიანი რეგიონებისათვის ბევრი რესურსი არის მიუწვდომელი. ბევრ პედაგოგს ინტერნეტი არა აქვს, სახელმძღვანელო იქნება ეს თუ ინტერნეტმასალა, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეს უქმნის მასწავლებლებს ბევრ პრობლემას. სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა თავისთავად გულისხმობს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებასაც“ – ამბობს მაია მენაბდე.

 

ბათუმის მასწავლებელთა სახლის ისტორიის მიმართულების ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე ამბობს, რომ იმ ტრენინგებიდან, რომელიც მას აჭარის რეგიონში ჩაუტარებია, ყველაზე დიდი დაინტერესება ხულოში მცხოვრები პედაგოგებისგან იყო.

 

„ჩემი, როგორც ტრენერის აზრით, ყველაზე მონდომებული ხულოს პედაგოგიური კოლექტივი იყო. ხულოში ვინც ესწრება ჩვენს ვორქშოფებს, ყველა მონდომებულია და შედეგსაც ვიღებთ. სამუშაო შეხვედრის დროს მასწავლებლები ძირითადად სწავლობენ, თუ როგორ დაგეგმონ გაკვეთილი, სწავლობენ ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის შეფასება. აგრეთვე არის ის კატეგორია მასწავლებლებისა, რომლებიც ემზადებიან სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის. რაც შეეხება სირთულეებს, ტრენინგების მომზადების დროს არანაირი პრობლემა არ არის. მასწავლებლების პრობლემა, რასაც ვხედავ, ისაა, რომ მაგალითად, შორი გზიდან უხდებათ ხულოში ან ქედაში ჩამოსვლა, ტრანსპორტზე არიან დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთმა მსმენელმა მითხრა, ტრენინგი რომ მთავრდება, მარშუტკა სანამდეც მიმიყვანს, იქედან ექვსი კილომეტრი უნდა ვიარო, რომ სახლში მივიდეო. მიუხედავად ამისა, დიდი ენთუზიაზმით დადიან. გარდა ამისა, მაღალმთიანეთში რესურსების სიმწირეც არის. ჩვენი ჩასვლა მათთვის არის ერთგვარი პოზიტივი. ჩვენგან იღებენ თითქმის ყველანაირ ინფორმაციას, რადგან ძირითადად მარტო სახელმძღვანელო წიგნებზე არიან დამოკიდებული, მეთოდური ლიტერატურა ნაკლებად აქვთ. ინტერნეტიც არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. მეთოდოლოგიური რესურსების კუთხით ერთადერთი ვართ ჩვენ და ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია,“ – ამბობს კახაბერ ჩაკვეტაძე.

 

მასწავლებელთა გადამზადების მიზნით ტრენერების მომზადება ბათუმის მასწავლებელთა სახლმა 2013 წელს დაიწყო. გასულ წელს აჭარაში 79 ტრენერი იყო, აქედან 54 ტრენერს დამოუკიდებლად შეეძლო ტრენინგების ჩატარება, ხოლო 19-ს მეწყვილესთან ერთად უწევდა მუშაობა. აჭარის განათლების ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრძელვადიანი ტრენინგები, რისთვისაც ტრენერები მოამზადეს, მას შემდეგ გაგრძელდება, რაც თბილისის მასწავლებელთა სახლი აღადგენს ტრენინგების ჩატარებას. მანამდე კი პედაგოგებს მოკლევადიანი შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: