მთავარი,სიახლეები

ბათუმის ვიცე-მერი: ლეოგრანდს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც

25.11.2017 • 4510
ბათუმის ვიცე-მერი:  ლეოგრანდს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც

11 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაშავდა გუშინ, 25 ნოემბერს  სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად. ათი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის. ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის თქმით, სასტუმროში მყოფი პირები ქალაქის სხვადასხვა სასტუმროებშია გადანაწილებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 21 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, აქედან 13 პირი უკვე გაწერილია, რვა კი საავადმყოფოში რჩება.  „ლეოგრანდში“ იმყოფება ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელიც ამბობს, რომ სასტუმროს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც.

„არის თუ არა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამის თაბაზე შემიძლია გითხრათ, რომ სახანძრო უსაფრთოებაზე სასტუმრო შემოწმებულია და დაჯარიმებულიც კი იყო, თუმცა, დადასტურებით მაინც არ შემიძლია ამის თქმა, რადგან დოკუმენტურად ამ საკითხებს არ გავცნობივარ. ჩემთვის გადმოცემით არის ეს ინფორმაცია ცნობილი.

„ლეოგრანდში“ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახური მუშაობას ისევ აგრძელებენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ხოლო, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოება და არსებობდა თუ არა საევაკუაციო გეგმა, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ეს გამოძიების შემდეგ დადგინდება“-ამბობს პეტრიძე.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ადგილზეა სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ხანძრის შედეგად „ლეოგრანდში“ 11 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაშავდა.
ფოტო: ლელა დუმბაძე

სასტუმროები და სხვა შენობა-ნაგებობებს ექსპლუატაციაში ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია იღებს. თენგიზ პეტრიძე ვერ აზუსტებს, სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმდა თუ არა ის სახანძრო უსაფრთხოებაზე. „ექსპლუატაციაში მიღებისთვის რა დოკუმენტებიც არის საჭირო, „ლეოგრანდს“ ყველაფერი გაკეთებული აქვს, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები ჰქონდა თუ არა დარღვეული ან მართებულად მოხდა თუ არა შენობის ექსპლუატაციაში მიღება, საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ დადგინდება“- ამბობს პეტრიძე.

სასტუმროს ტერიტორიაზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან. ისინი საქართველოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანებისთვის პანაშვიდს გადაიხდის.

სასტუმრო „ლეოგრანდი“

ამავე თემაზე: 

შს სამინისტრო: დაღუპულია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: