სიახლეები

სახალხო დამცველი: სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოება

20.04.2015 • 1401
სახალხო დამცველი:  სახელმწიფოს  ვალდებულება უზრუნველყოს  შრომის უსაფრთხოება

 

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის შეფასებით, აჭარის მაღალმთიანეთში  მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მინიმალური და მაღალმთიან აჭარაში საინფორმაციო ვაკუუმი მეტ პრობლემას წარმოშობს. ჰესების მშენებლობასთნ დაკავშირებით უჩა ნანუაშვილმა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებიც ახსენა, საუბარი იყო იმაზეც, რომ, მაგალითად, ჰესების მშენებლობაზე არათანაბარი მოპყრობა არსებობს თანამშრომლებს შორის. სახალხო დამცველის თქმით, შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით არსებობს ხარვეზები, რაც ფიქსირდება პრაქტიკაში და რასაც მისი შეფასებით, საკანონმდებლო მიზეზებიც გააჩნია. სახალხო დამცველმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.


ბატონო უჩა, უსაფრთხოების ნორმებსა და შრომის კოდექსის დარღვევაზე საუბრობდით. კონკრეტული ფაქტი თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

რამდენიმე დღის წინ, სამუშაოს შესრულების დროს, ორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედაა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ტრაგედია საღამოს რვა საათის შემდეგ მოხდა, ანუ არასამუშაო საათებში მუშაობდნენ. ის, რომ ქვეყანაში მინიმალური სტანდარტი არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვის  და ეს არც ამ კომპანიაში, მე მგონი არავისთვის არ არის სიახლე. ჩვენი რეკომენდაციაა, აუცილებელია შეიქმნეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც რეგულარულ ვიზიტებს განახორციელებს ნებისმიერ კომპანიაში, რომ შემოწმდეს, რამდენად არის დაცული  შრომის უსაფრთხოების პირობები. ასეთი ორგანოს არ არსებობა ხელს უწყობს მსგავსი ფაქტების გახშირებას. ეს ბოლო ტრაგედია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისი, რომ სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნლყოს შრომის უსაფრთხოება ქვეყანაში, არ არის დაცული.

 

ზემო აჭარაში ყოფნის დროს მთელი სიმძაფრით ვიგრძენი, რომ მთის კანონის მიღება უნდა დაჩქარდეს. ამ კანონმა უნდა შექმნას ის ბერკეტები, რომ შეჩერდეს მიგრაციული პრობლემები. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა ითხოვს მეტ ინფორმაციას ამ კანონის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები უნდა იყვნენ ჩართულები. ამ კანონის შეღავათებზე, სამწუხაროდ, მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია. კირნათის თემში მოსახლეობასთან შეხვედროს დროს სასაზღვრო ზოლში, სასოფლო სამეურნეობის მიწის დამუშავებისა და  მიწის რეგისტრაციის პრობლემაა. აჭარაში ყველაზე მძაფრად არსებობს მიწის რეფორმის გაჭიანურება, ეკომიგრანტების პრობლემა, სათანადო საცხოვრების პრობლემა საოციალურად დაუცველებისთვის.

 

პრობლემების ჩამონათვალი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ძალიან დიდია. ხომ არ აპირებთ აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებას, ანუ ადამიანური რესურსის დამატებას?

 

იმისთვის, რომ გაძლიერდეს და გაფართოვდეს ჩვენი საქმიანობის არეალი, სახალხო დამცველის აჭარის ოფისის გაფართოებას ვგეგმავთ. იმედი მაქვს, ახალ თანამშრომელს მალე ავიყვანთ. გარდა ამისა, მალე თანამშრომელი გვეყოლება გურიაში, საუბარია ასევე რეგიონალური ოფისის გახსნაზე გურიაში.

 

რომელი უწყება ასრულებს ყველაზე უკეთ თქვენს რეკომენდაციებს და რომელი უგულვებელყოფს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს?


რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ყველაზე რთულია მაინც სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მისამართით არის ყველაზე მეტი რეკომენდაცია. რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ხშირად გვაქვს დისკუსია ამ ორგანოს წარმომადგენლებთან, მაგალითად, რა ითვლება რეკომენდაციის შესრულებად – ის, რომ ჩვენ მივმართავთ და დაიწყება გამოძიება, თუ ის, რომ კონკრეტული საქმის გამოძიება უნდა დასრულდეს და დადგეს რეალური შედეგი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა ის, რომ მხოლდო დაიწყოს ძიება. ბევრი საქმე გვაქვს, სადაც შედეგი არ არის. უწყებები, რომელიც ასრულებენ ჩვენს რეკომენდაციებს, ძალიან ბევრია და ამის ჩამოთვლა გამიჭირდება, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროა.  

 

 

გადაბეჭდვის წესი