მთავარი,სიახლეები

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით

17.11.2017
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ხელისუფლებას „სამართლიანობის აღდგენის“ დაპირება შეახსენეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ასლან აბაშიძის დროს უკანონოდ გასხვისდა მაღაზია „მაგნოლია“ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. მაღაზიის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგეს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ საქმე ხელახლა უნდა შეისწავლონ სამართალდამცველებმა.

„ჩვენ ვდავობთ 1996 წლიდან, როცა მაღაზიიდან პირდაპირ გამოვყარეს და ქუჩაში დაგვტოვეს,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გურამ ხიმშიაშვილი. მისი თქმით, ტანსაცმლის მაღაზიაში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა და კიდევ 9 ადამიანთან ერთად იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული მაშინდელ მთავრობას.

„ეს ხელშეკრულება ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ გვქონდა გამოსყიდვის უპირატესობა, მაგრამ ჩაატარეს ფორმალური აუქციონი და ბიზნესმენმა გოგი შევარდნაძემ იყიდა 250 კვადრატული მეტრი ქონება 18 ათას დოლარად. ეს ყველაფერი მოხდა დოკუმენტაციის გაყალბებით. ამის მტკიცებულებები გვაქვს, მაგრამ არავინ გვისმენს. პროკურატურას არაერთხელ მივმართეთ და გამოძიება დაიწყო, მაგრამ არაფერი გარკვეულა. ამ ეტაპზე გამოძიება შეწყვეტილია,“ – აღნიშნავს გურამ ხიმშიაშვილი.

„მართალია, ამ ადამიანებმა სასამართლო პროცესები წააგეს, მაგრამ ვის აქვს განცდა, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული? როცა ხელისუფლება საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე, სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მიაქციონ ყურადღება. ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების ხელახლა დაწყებას,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: