მთავარი,სიახლეები

„ეს ზღვისპირა სოფელი ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა“ – ბათუმი 1915 წლის მეგზურში

14.11.2017 • 7255
„ეს ზღვისპირა სოფელი ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა“ – ბათუმი 1915 წლის მეგზურში

ავტორი: თამარ ორაგველიძე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორი 

შავიზღვისპირეთის მეგზური – „Путеводитель по черноморскому побережью“ – გრეგორი მოსკვიჩის მიერ შედგენილი, ილუსტრირებული და პრაქტიკული მეგზურია,რომელიც, ქ. პეტროგრადში, ტროიცკაიას ქუჩის № 23-ში,1888 წლიდან გამოდიოდა.

ამჟამად განვიხილავთ 1915 წლის აპრილში გამოსულ XXII გამოცემას, რომლის სარეალიზაციო ღირებულებაც 1მ.25 კაპიკი იყო. მისი შეძენა შეიძლებოდა როგორც დედაქალაქში, ისე პროვინციების ნებისმიერ სადგურში, გემებსა და წიგნის ყოველ მაღაზიებში. ავტორი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული გამოცემა სხვებთან შედარებით მნიშვნელოვნად ჩასწორებული და შევსებული იყო. მას თანდართული ჰქონდა 5 გეგმა, 16 ილუსტრაცია და ბროშურები სახელწოდებით: „ექსკურსიები კავკასიასა და ვოლგაზე გრეგორი მოსკვიჩისგან“. იქვე, მოსკვიჩი მკითხველს ატყობინებს, რომ 1916 წლის მეგზურისათვის განცხადებების მიღება უკვე დაწყებული იყო.

ოცდაშვიდი წლის მანძილზე 155 ნომერი გამოიცა, 600 000 ეგზემპლარით. გამომცემელი რედაქციის დამსახურებაზე ამახვილებს ყურადღებას და იმ მიღებულ ზომებზე საუბრობს, რამაც ხელი შეუწყო ყველა მნიშვნელოვანი ადგილის წარმოჩენას.

საინტერესოა ავტორის მიერ პეტროგრადში მომზადებული წინასიტყვაობა, სადაც აღწერს შავიზღვისპირეთის სანაპიროს, როგორც კავკასიის მშვენიერ რივიერას, გამორჩეულად მდიდარი ბუნებით, სილამაზით და საოცარი კლიმატით.
მეგზურში წერია, რომ კავკასიის სქემატური რუქის და მრავალი სხვა ილუსტრირებული ბროშურის გარდა, თანდართული იყო ნოვოროსისკის, ტუაფსეს, სოჩის, სოხუმის და ბათუმის გეგმები.

ძირითადი ცნობები ბათუმის შესახებ მოცემულია ქვეთავებში: „სოხუმიდან ბათუმამდე“ და „ქობულეთიდან ქუთაისამდე“. ავტორი თხოვნით მიმართავს თითოეულ მომხმარებელს, მოურიდებლად მიანიშნოს უზუსტობებზე, რადგან ამით რედაქციას დაეხმარება მსგავს გამოცემათა სრულყოფისათვის.

როდესაც ქალაქის დაგეგმარებაზე საუბრობს, მოსკვიჩი ყურადღებას ამახვილებს მთებით გარშემორტყმულ მომაჯადოებელ ყურეზე. ამბობს, რომ ეს ზღვისპირა სოფელი 37 წელიწადში ევროპული დონის ქალაქად გადაიქცა. სწორად განლაგებული ქუჩები გამოირჩევა ქვაფენილით და ასფალტირებული ტროტუარებით. ცენტრალურ ნაწილში ბევრი ლამაზი სახლია, რომელიც მას ევროპულ ელფერს მატებს. ჩამოსულ სტუმრებს, განსაკუთრებით ავადმყოფებს, ურჩევს სიმშვიდის შეგრძნების, სასიამოვნო ჰაერით და მზის სხივებით ტკბობისათვის ბულვარის, სმეკალოვის, შეპელევის, ბაღის და ზღვის ქუჩებში გასეირნებას.

საინტერესო ცნობებს გვაწვდის ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის, ალექსანდროვის ბაღის და ნიკოლაევის ბულვარის შესახებ, რომელსაც კვლევის მომდევნო ეტაპზე ვრცლად შემოგთავაზებთ.

ავტორი საუბრობს ბულვარის ბოლოს განთავსებულ ცნობათა ბიუროს შესახებ, რომლის მომსახურებაც უფასო ყოფილა. რაც შეეხება სასტუმროებსა და რესტორნებს, გვიყვება მათი ევროპული დონის შესახებ და გამოარჩევს „იმპერიალს“, „ორიენტალსა“ და „ფრანციას“.

მრავალგზის უბრუნდება ბათუმის შემოგარენის მცენარეული სამყაროს თემას და მას საოცარს უწოდებს. მწვანე კონცხს კი მოიხსენიებს, როგორც მაღალი კულტურის ნიმუშს და აქვე საუბროს სხვა ბაღების შესახებ (დევისონის, ტრიანტაფილიდესის, ბარიატინსკის, დუკმასოვის, პალმის და ა.შ.). მოსკვიჩი ვრცლად განიხილავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და გვთავაზობს პროფესორ ა. კრასნოვის ნარკვევს, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ დაბეჭდილა, საუბრობს ბათუმის ნავსადგურის მნიშვნელობის შესახებ და ცნობებს გვაწვდის ნავთისა და მარგანეცის გადაზიდვების თაობაზე. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას,მოსკვიჩი მიიჩნევს, რომ ადგილობივები მშვიდობისმოყვარე ხალხია, საინტერესო წეს-ჩვეულებებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: