სიახლეები

სამხედრო გემების საქართველოში შემოსვლის საკითხს პრემიერი გადაწყვეტს

24.03.2015
სამხედრო გემების საქართველოში შემოსვლის საკითხს პრემიერი გადაწყვეტს

 

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტმა 2015 წლის 4 მარტს დაამტკიცა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი კი 23 მარტს გამოქვეყნდა.

 

კანონის ახალი რედაქციით, „უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში.

 

იგივე პროცედურაა უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებადაც. ამ შემთხვევაში გემის მფლობელი ქვეყანა გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. თავის დროზე, მთავრობის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში იმოქმედებდა კრიზების მართვის ცენტრი, რომელიც სტიქიური უბედურებების და სხვა ფორს მაჟორული სიტუაციების დროს ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის კოორდინაციას გაუწევდა ყველა შესაბამის უწყებას.

 

საბჭოს დებულება, რომლის აპარატშიც 81 ადამიანია დასაქმებული, პრემიერ-მინისტრმა გასული წლის იანვარში დაამტკიცა.

 

აშშ-ს სამხედრო გემი ბათუმის ნავსადგურში /ფოტო: თედო ჯორბენაძე/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: