როგორ უნდა დავიცვათ თავი სტომატოლოგიურ კლინიკებში C ჰეპატიტისგან [video]


არასრულყოფილი სტერილიზაცია და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა სტომატოლოგიურ კლინიკებში C ჰეპატიტისა და სხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. როგორ უნდა დავიცვათ თავი?

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში C ჰეპატიტის დამარცხების მნიშვნელოვან წინაპირობად დაავადების პრევენციას მიიჩნევს, რაც სამედიცინო დაწესებულებებსა და სილამაზის სალონებში დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესის მკაცრ კონტროლსა და დარღვევის გამოვლენას გულისხმობს.

C ჰეპატიტი სისხლით გადამდები ვირუსია, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, საქართველოში მათი რიცხვი კი 200 ათასს აღწევს. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, აღნიშნული ვირუსი წლების შემდეგ ღვიძლის ციროზს ან კიბოს იწვევს.

“არსებული რისკების გათვალიწინებით, სტომატოლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან სასტერილიზაციო მოწყობილობებსა და სტერილიზაციის პროცედურების უპირობო დაცვას. ეს იცავს არა მარტო პაციენტებს, არამედ სამედიცინო პერსონალსაც”, – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” დამფუძნებელი თათია ანდღულაძე. მისივე თქმით, არასტერილური ინსტრუმენტებით მუშაობა, პირველ რიგში, სწორედ ექიმისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რადგან მას უშუალოდ უწევს შეხება პაციენტის სისხლთან.

“პაციენტმა, შესაძლოა, საერთოდ არ იცოდეს, რომ ის ინფიცირებულია C და B ჰეპატიტებით, ასევე, აივ ინფექციით. აქედან გამომდინარე, თითოეულ პაციენტს ჩვენ განვიხილავთ როგორც პოტენციურ ინფიცირებულს და მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოდ მუშაობის წესებს, მათ შორის, ვატარებთ სრულყოფილ დეზინფექცია-სტერილზიაციას”, – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ექიმი სტომატოლოგი ლანდა ლურსმანაშვილი. მისივე თქმით, ამით, პირველ რიგში, ექიმები იცავენ საკუთარ თავსა და მომდევნო პაციენტს.

რას გულისხმობს სრულყოფილი დეზინფექცია-სტერილიზაცია?

სტომატოლოგიური კლინიკა  “ინდიგოს”  ექიმი ნინო გვასალია განმარტავს, რომ ექიმმა სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელი, გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანი, დაიხუროს ქუდი, გაიკეთოს პირბადე, სათვალე, ან სპეციალური ფარი, პაციენტს გაუკეთოს ერთჯერადი გულსაფარი, სპეციალურ ხელსაწყოზე დაამაგროს ერთჯერადი ნერწყვგამწოვი. გარდა ამისა, თითეული პაციენტის მიღებამდე, სტომატოლოგიური პროცედურების ოთახში ყველა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს სპეციალური ხსნარით.

“ეს მნიშვნელოვანია, რადგან იგივე C ჰეპატიტით ინფიცირებული სისხლის წვეთი შესაძლოა მოხვდეს რომელიმე ზედაპირს, მაგალითად, სანათს, სანათს კი პროცედურებისას ექიმი ხელით ეხება. თუ ყველა ზედაპირი, მათ შორის სანათის სახელური სპეციალური ხსნარით არ გაიწმინდება, ის ვირუსის გავრცელების პოტენციური წყარო იქნება”, – განმარტავს ექიმი ნინო გვასალია.

მისივე განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პროცედურების დაწყებამდე ექიმმა ან მისმა თანაშემწემ პაციენტის თვალწინ გახსნან შეფუთული, სტერილური ინტრუმენტები. პროცედურების დასრულების მერე ერთჯერადი მასალები იყრება, არაერთჯერადი ინსტრუმენტები კი სასტერილიზაციო ოთახში მიაქვთ.

სტერილიზაციის პროცედურები

სანამ არაერთჯერად სტომატოლოგიურ ინსტრუმენტებს პაციენტამდე შეფუთული ფორმით მიიტანენ, ეს ინსტრუმენტები დეზინფექცია-სტერილიზაციის ხანგრძლივ გზას გადიან.

“სასტერილიზაციო ოთახში ინსტრუმენტებს ვაცილებთ ნებისმიერი სახის ნარჩენს, შემდეგ კი მათ სპეციალურ ხსნარში ვაჩერებთ გარკვეული ხნით. ხსნარიდან ამოღების შემდეგ ინტრუმენტები ჯაგრისით ირეცხება გამდინარე წყალში და შემდეგ ისევ განსაზღვრული დროით თავსდება სხვა სადეზინფექციო სითხეში. ამის შემდეგ ინსტრუმენტებს ისევ ვრეცხავთ და გასაშრობად ერთჯერად ხელსახოცზე ვაწყობთ”, – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ექიმი ირმა ბაკურაძე. მისივე თქმით, გაშრობის შემდეგ ინსტრუმენტები სპეციალური მოწყობილობით იფუთება და სასტერილიზაციო აპარატში თავსდება, რომელსაც სხვადასხვა რეჟიმი აქვს.

ირმა ბაკურაძის თქმით, ნებისმიერ პაციენტს აქვს უფლება, სტომატოლოგიურ კლინიკაში მოითხოვოს სტერილიზაციის პროცესის ჩვენება.

თუმცა, თუ სტერილიზაციის პროცესის ნახვის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს ვიდეოს და ნახოთ   5 მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. 

 

დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესთან დაკავშირებით თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, შეგიძლიათ მიწეროთ სტომატოლოგიურ კლინიკა ინდიგოს“ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/IndigoDentalClinics

კლინიკის ვიდეო სიახლეები კი გამოიწერეთ იუთუბზე: https://www.youtube.com/channel/UCFfICoF4wp8my2FWuGqch4w

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო”:

საკონტაქტო ინფორმაცია: 

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 187/189

(+995 32)2 731313 (+995) 514 311113

——————————————–

ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა.29

(+995 04 22) 22 30 03,

(+995 04 22) 27 11 81 (+995) 514 131131

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
რეკლამა