21 მაისის აქციის მონაწილე ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

აჭარის ტელევიზიასთან გასული წლის 21 მაისის აქციაში მონაწილეობისთვის დაკავებული ხვიჩა გამარჯობაძე, მისი ადვოკატის – მზია დიასამიძის თქმით, გასულ კვირას ქსნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „გამარჯობაძის ძმა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ტუბერკულოზის ნიშნებით გადაიყვანეს ქსანში. მაშინ ზუსტი დიაგნოზი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დადგენილი“, უთხრა „ბათუმელებს“ მზია დიასამიძემ.


ხვიჩა გამარჯობაძესთან ერთად შარშან ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ 6 ადამიანი გაასამართლა. ისინი აჭარის ტელევიზიის ბლოკირებისა და პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ყველა დაკავებულმა ბრალი აღიარა და პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.


ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერების მიერ გამართული აქციის მონაწილეებს საპროცესო გარიგების თანახმად 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


დაკავებულების ადვოკატების მტკიცებით, 21 მაისის აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრები არიან. 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა

 ცაგო კახაბერიძე

 

ბათუმის ბულვარის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი ივანე ჭეიშვილი გადადგა. თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მან განცხადება არჩევნებიდან მეორე დღეს 2 ოქტომბერს დაწერა.

 

უკავშირდებოდა თუ არა მისი გადაწყვეტილება არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას – ამის შესახებ კითხვის დასმა ვერ შევძელეთ, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  

 

8 ოქტომბერს ბულვარის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე გურამ ჩიქოვანი გადაიყვანეს, მოადგილის თანამდებობა კი დღემდე ვაკანტურია.   

უმაღლეს საბჭოში თანამდებობები გადანაწილდა

 ლელა დუმბაძე

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ავთანდილ ბერიძე, „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. 

 

სპიკერის თანამდებობაზე კი „კონსერვატიული პარტიის“ რეგიონალური ხელმძღვანელის დავით ბაციკაძის კანდიდატურას განიხილავენ. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, მედეა ვასაძის კანდიდატურა განიხილება, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარედ გია მასალკინის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, ჯანდაცვის კომისიაში სვეტა კუდბა,აგრარულ და თვითმმართველობათა კომისიის თავმჯდომარედ, ანზორ თხილაიშვილი. 

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, ვინ დაიკავებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას.

უმაღლეს საბჭოში სამი ფრაქცია იქნება. ერთ-ერთ ფრაქციას ქმნიან „თავისუფალი დემოკრატები“, რომლის თავმჯდომარე იქნება სულხან ღლონტი, წევრები კი თემურ კახიძე და ანზორ თხილაიშვილი.

 

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ, კაკო ძნელაძის კანდიდატურა განიხილება. შევა თუ არა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი მაილო ჯაში, ჯერ დაზუსტებული არ არის. 

ვინ გადაყარა ვაშლი [დღის ფოტო]

 
ქედაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თემის საკრებულოებსა და სოფლებში მოსახლეობამ ვაშლი 15 თეთრად ჩააბარა. ქედაში ამბობენ, რომ ვაშლი, რომელიც მოსახლეობამ ჩააბარა, მდინარეში გადაყარეს. 

ანზორ ქოქოლაძე: ელიტელექტრონიქსი ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფმა თიბისი ბანკმა უკანონოდ დაისაკუთრა

ანზორ ქოქოლაძე „თიბისი ბანკის“  განცხადებას ეხმაურება. „თიბისი” აცხადებს, რომ ქოქოლაძე ბანკის დაშანტაჟებას ცდილობს და ბანკისგან „ელიტელექტრონიქსის” აქციების 100%-ს ითხოვს, ისე, რომ უარს ამბობს ბანკისგან მიღებული სესხის, 11 მილიონის გადახდაზე.  ბანკი მიიჩნევს, რომ ქოქოლაძე უბრალოდ ცდილობს ისარგებლოს ბოლო დროს განვითარებული ცვლილებებით.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა წიგნები შეიძინა

 ქეთი ლაბაძე

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტმა 26 630  ლარის ღირებულების წიგნები შეიძინა. „წიგნები შეძენილია ყველა მიმართულებით, სულ 100 დასახელების, 986 ეგზემპლარი, თანაბარი რაოდენობით  არ არის შემოტანილი, მაგალითად ისტორიის სახელმძღვანელო ყველაზე მეტი შემოვიდა.”- გვითხრა  საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირინა ბერიძემ.

უნივერსტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, შპს „ბესტ სელერმა” მოიგო, შპს-მ ხელშეკრულება უნივერსიტეტთან 7 სექტემბერს გააფორმა, ოთხ ოქტომბერს კი წიგნები შემოიტანა.

მერაბ ხალვაში, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საჭირო ლიტერატურის სია საფინანსოს გადასცეს დეკანატებმა: „იქ შედგა  ერთიანი სია. შემოსულია თითქმის ყველა მიმართულებით საჭირო ლიტერატურა. ძირითადად აქცენტი გაკეთდა სილაბუსების მიხედვით.

ტენდერი ისევ უნდა გამოცხადდეს და შემოვა უნივერსიტეტში სხვა წიგნებიც, სრულად მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ დიდი შეღავათი ნამდვილად იქნება, ახალი გამოცემული ლიტერეტურაა, ქსეროქსებითაც თუ შევავსებთ, იმედია, მოგვარდება სიტუაცია.” – ამბობს მერაბ ხალვაში.

ბათუმის უნივერსიტეტში სახელმძღვანელოების დეფიციტსა და მოძველებულ ლიტერატურაზე სტუდენტები ბოლო თვეების მანძილზე აქტურად საუბრობენ.

 

 

 

მონოპოლისტები და ახალი მთავრობა

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზე მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს აღარ დაუშვებს: „მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს და არ დაუშვებს დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელურ შეთანხმებებით იმართება. მონოპოლიებს ვერ ავიტან და ფასები უნდა იყოს საბაზრო. ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან“.          

 

ნინო ნატროშვილი

მურმან დუმბაძე: ხელისუფლება პროვოკაციებს გვიწყობს

ნათია ზოიძე

 

კოალიცია „ქართული ოცნების“  ბათუმის ოფისში უკანონოდ შესახლებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთეს.

 

ხმის დაკარგული უფლება და საჩივრები ოლქში

 ლელა დუმბაძე 

 

სტუდენტი გიორგი გიორგაძე ხმის მისაცემად თბილისად ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდა, თუმცა მის ნაცვლად ბათუმის 31-ე საარჩევნო უბანზე არჩევანი უკვე გაკეთებული იყო. როგორც სტუდენტის დედა აცხადებს, მისი შვილის ნაცვლად ვიღაცამ ხმა გაყალბებული პასპორტით მისცა: „ალბათ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ რადგან თბილისში სწავლობდა, აღარ ჩამოვიდოდა ბათუმში ხმის მისაცემად“.

ცვლილება „ნაცმოძრაობის“ გამსვლელ სიაში

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ გამსვლელ სიაში ცვლილება მოხდა. ირალი კვერღელიძე, რომელიც სულ ახლახან კომპანია „ორბი-ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობიდან აღმოჩნდა ყოფილი მმართველი გუნდის სიაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა. ის დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

 

ირაკლი კვერღელიძის ნაცვლად აჭარის უმაღლეს საბჭოში მურმან ბერიძე შევა. მურმან ბერიძე დეპუტატი იყო წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოში, მაგრამ ამ არჩევნების შემდეგ გამსვლელი სიის მიღმა აღმოჩნდა.

 

ირაკლი კვერღელიძის გადაწყვეტილების გადამოწმება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოვალეობას სულხან ჯორთმენაძე ასრულებს. ყოფილი მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის იბრძოდა, მაგრამ გამსვლელ დეპუტატებს შორის ვერც ის მოხვდა. ირაკლი კვერღელიძის მოადგილედ დანიშვნას „ბათუმელებთან“ სწორედ სულხან ჯორთმენაძე ადასტურებს.

 

დღესვე კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში – მურმან ბერიძის მეუღლე დალილა ცივაძე ამავე სამინისტროში თანაშემწის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

ბათუმის სასამართლო პარალიზებულია

ბათუმის საქალაქო სასამართლო, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ამ სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე 16:00 საათისთვის არ არის განთავსებული არც ერთი განსახილველი საქმის შესახებ ინფორმაცია. სასამართლოს  თანამშრომლებმა თქვეს, რომ „გუშინ და დღეს სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა“.


ამ ინფორმაციას უარყოფს სასამართლოს მენეჯერი – საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ივერი აბაშიძე. ის ამბობს, რომ თვის დასაწყისში სტატისტიკურად ყოველთვის ნაკლები საქმეები შედის განსახილველად. ოთხი საათისთვის საინფორმაციო დაფაზე განცხადებების არ არსებობას კი იმით ხსნის, რომ დამთავრდა სამუშაო დღე და ჩამოხსნეს ფურცლები. თუმცა მას უჭირს გაიხსენოს რამდენი პროცესი გაიმართა 2 და 3 ოქტომბერს ბათუმის სასამართლოში. „დღეს მგონი 3 სამართალდარღვევა განვიხილეთ. გუშინ არ მახსოვს, მოგვმართეთ წერილობით და მოგაწვდით“, – ამბობს ივერი აბაშიძე.


ივერი აბაშიძის თქმით, მიმდინარე თუ ჩატარებული საქმეების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბათუმის სასამართლოს ვებ გვერდზეც, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. https://batumi.court.gov.ge გვერდზე 2-3 ოქტომბერს არც ერთი საქმის შესახებ არ არის ინფორმაცია განთავსებული.

არჩევნები 2012 – ბათუმი [განახლებადი]

 

 

19:49  ბათუმის N29-ე უბანზე ამ დროისათვის 6 საჩივარია დაწერილი. ექვსივე მათგანი სხვის ნაცვლად ხმის მიცემით ფაქტს შეეხება. ამ უბანზე ასევე ადგილი ჰქონდა  გადასატანი ყუთის დაგვიანებით გატანასდა საარჩევნო ბიულეტენების გაცემის ფაქტებს ყუის ჩამოხევისა და რეგისტრატორის ხელმოწერის გარეშე.  

 

18:40  ბათუმში, N17-ე უბანზე სხვადასხვა დროს მისულ 10 ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ. მოქალაქეები: თეიმურაზ ტუღუში, აკაკი მიქაძე, რობერტ ესოიანი, ბესო ხომერიკი , ირაკლი კეჭაყმაძე , ზვიად მალაყმაძე, არტურ მარკოსიანი, გარსევან ჯორბენაძე, ზაზა სარიშვილი, მამუკა თურმანიძე აცხადებენ, რომ მათი ხმა გააყალბეს. რომ საარჩევნო უბანში მისულებს მათი სახელის და გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ. 

 

17:16 ბათუმის N58 – ე უბანზე მისულ ამომრჩეველს, მიხეილ გაბაიძეს ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა. სააარჩევნო უბანში ამავე სახელი და გვარით 12 საათამდე იყო გამოცხადებული პირი და მიცემული ჰქონდა ხმა. ფაქტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. აღნიშნულ უბანში 3 საათისთვის 560 ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანში 1324 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

ბათუმის 31 – ე უბანზე მისულ ამომრჩეველს, გიორგი გიორგაძეს ბიულეტენი არ მისცეს. მისი სახელით და გვარით უკვე ხმა ჰქონდათ მიცემული. ამომრჩევლის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სტუდენტია, თბილისში სწავლობს და როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა რომ არ ჩამოვიდოდა და გაყალბებული პასპორტით ისარგებლა.

ამ უბანში სიით 1463 ამომრჩეველია რეგისტრირებული. უბანში 1350 ბიულეტენი აქვთ მიღებული. 12 საათზე – 339 ამომრჩეველს, ხოლო 5 საათისთვის 709 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული.

 

16:52  ბათუმის N94-ე და N87-ე უბნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა დააფიქსირა ფაქტი, როცა ერთი და იგივე ამომრჩეველი ერთმანეთის ახლოს მყოფ უბნებზე აძლევდა ხმას. პირადობის მოთხოვნის შემდეგ ამომრჩეველმა დატოვა უბანი.

 

16: 49 ბათუმის N63-ე უბანზე, სადაც 1514 ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა, უბნის კომისიის თავმჯდომარემ 14:45 წუთზე მოითხოვა კენჭისყრის შეჩერება იმ მიზეზით, რომ ხმები უნდა დაეთვალა და  ოლქისთვის გადაეცა ინფორმაცია. მედია მონიტორების მიერ გაცემული იქნა შენიშვნა, რის საფუძველზეც გაგრძელდა ხმის მიცემის პროცესი. აღნიშნულ უბანზე ერთ-ერთ რეგისტრატორს გაუთავდა მელანი, რამაც დროებით შეაჩერა მუშაობა. 12 საათისთვის N63-ე უბანზე 310 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. აქ 164-ით ნაკლები ბიულეტენი მივიდა.

 

 16:45  ბათუმის 105-ე უბანში სიით 1229 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ უბანში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აძლევენ ხმას. განსხვავებით სხვა უბნებიდან, აქ არ არის ბიულეტენის ნაკლებობა. პირიქით, უბანზე 21 ბიულეტენით მეტია შეტანილი. 12 საათისთვის ამ უბანზე  397 ამომრცეველს ჰქონდა უკვე ხმა მიცემული.

 

15:41 ქედაში, სოფელ ორცვაში ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დამკვირვებლებს შორის ხმაურიანი დაპირისპირება დაფიქსირდა. ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი არჩევნებზე მოსული მოქალაქეების აღრიცხვას აწარმოებდა რაც გააპროტესტა ქართული ოცნების დამკვირვებელმა. კამათი კენჭისყრის ოთახში საათობით გრძელდებოდა. აღნიშნულ უბანში 301 ამომრჩეველია სიაში. ამ დროისთვის ხმა მიცემული აქვს 205 მოქალაქეს.

 

14:45 ხმაურია ბათუმის N94 უბანზე. „ქართული ოცნების” კოორდინატორი ამტკიცებს, რომ უბანზე ხმა მისცეს პირებმა, რომლებიც სიაში არ არიან. თავმჯდომარე ამას კატეგორიულად უარყოფს. უბნის წევრები საკითხს ხმამაღლა განიხილავენ. 

 

 

14:41 ბათუმის 23-ე უბანზე ყალბი პასპორტებით ხმის მიცემა დაფიქსირდა. სამი მოქალაქე ხმის მისაცემად როცა მოვიდა უბანზე ამომრჩეველთა სიაში მათ გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი იყო და ბიულეტენი გაცემული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 1 გაფრთხილება გაიცა და 2 საჩივარი დაიწერა. ამ უბანზე 2 საათისთვის 460 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ამ უბანში 1231 ამომრჩეველია სიაში.

 

13:43 ბათუმის N29 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით შეიქმნა ინციდენტი. კერძოდ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა ხმა, ხმის მიცემისას შემოხაზა სასურველი კანდიდატი, სხვა დანარჩენი კი  გადახაზა. მისი ოჯახის წევრების თქმით, კომისიის წევრმა, რომელიც ახლდა გადასატან ყუთს, მას უთხრა, რომ მისი ხმა არ ჩაითვლებოდა, რადგან ყველა არასწორად შეავსო ბიულეტენი. N29 უბანზე ამ წუთებში ამომრჩევლის ოჯახის წევრები იმყოფებიან და განცხადების დაწერას აპირებენ.

 

 

 13:35 ხულოს N9 -ე  უბანზე მარკირების შემოწმებისათვის  განკუთვნილი დეტექტორის ნაცვლად გამოიყენებოდა სხვა სახის ფარანი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა აღნიშნული პროცესის აღმოფხვრამდე მოითხოვა ხმის მიცემის პროცესის შეჩერება. საჩივარი დაიწერა აღნიშნულ ფაქტზე,  მოთხოვნა არ გაიზიარა კომისიის თავმჯდომარემ,   გრძელდება ხმის მიცემა.

 

 13:29  ბათუმის N107-ე უბანზე ხმას აძლევენ სახელმწიფო, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის თანამშრომლები. სიაში  622 ამომრჩეველია. უბანზე 28 ბიულეტენით მეტი მიიღეს. ამომრჩეველი ხმის მისაცემად ჯგუფურად მოდის. 12 საათისთვის 50%-ზე მეტს, 357ამომრჩეველს ხმა უკვე მიცემული ჰქონდა.

 

 

12:39 ბათუმის და ახლადშემოერთებული ტერიტორიების საარჩევნო უბნებთან შეიმჩნევა კოორდინატორების გააქტიურება. N30 უბანთან დგას თეთრი ფერის ჯიპი, სადაც კოორდინატორი, რომელიც „ბათუმელების” რეპორტიორს ირაკლი ბოლქვაძედ გაეცნო, არ ასახელებს, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. 

 

 ასევე, „შკოდას” მარკის ავტომანქანა მივიდა შარაბიძეების სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანთან, კომისიის თავმჯდომარე უბნიდან გაიყვანეს და ესაუბრებიან. 

 

12:36 ბათუმის N63-ე უბანზე უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების ბიულეტენებზე 5 ნომრის გასწვრივ მკაფიოდ შეინიშნებოდა ხაზი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ შესაძლოა ეს იყოს ბეჭდვის წუნი, მაგრამ ეს ფაქტი არის უკვე დავის საგანი და იწერება საჩივარი.

ასევე ბათუმის მე-5 უბანზე ამომრჩეველს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. უბანზე მისულ ამომრჩევლის სახელისა და გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ამომრჩევლის ხელმოწერა და გაცემული იყო ბიულეტენი. მომხდარ ფაქტზე დაიწერა აქტი.

 

11:53   ბათუმის  N52 უბანზე 115 ბიულეტენით ნაკლები მიიღეს. 

 

 11:41 როგორც „ბათუმელების” კორესპოდენტი გვატყობინებს, N29-ე უბანთან სიებით ხელში დგანან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კოორდინატორები არიან, თუმცა არ აზუსტებენ, რომელ პარტიას წარმოადგენენ. ისინი ეზოს არ ტოვებენ და ხშირად ესაუბრებიან კომისიის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, მურმან ბოლქვაძეს. 

 

 

11:33  ბათუმის 23 უბანი:  უბანი 15 წუთით ადრე გაიხსნა. მიეცა შენიშვნა.

 

ბათუმის მე-17 უბანი:   ერთი ამომრჩეველი პოლიციის ფორმით და იარაღით შევიდა უბანში ხმის მისაცემად.  მიეცა შენიშვნა. იარაღი ამომრჩეველმა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს გადასცა, რომელმაც უბნიდან გარეთ გამოიტანა იარაღი.

 

11:32 ფოთის მე-19 უბანში ამომრჩეველის კაბინაში დაფაზე 5- იანი შემოხაზული.  

 

10:57 ამ დროისათვის სოფელ შარაბიძეების ერთ საარჩევნო უბანში ხმა მისცა 216 ამომრჩეველმა. 

 

10:43 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით 8 საათისთვის აჭარაში  ყველა უბანი გახსნილი იყო.  ამ დროისათვის კი ბათუმის საარჩევნო უბნებში უკვე ამომრჩეველთა რიგებია. „ბათუმელების” კორესპოდენტი გვატყობინებს, რომ N30-ე უბანზე 5 წუთში 4 ადამიანი აძლევს ხმას.

 

10:39 ბათუმის ნომერ 29-ე უბანზე 100-ით ნაკლები ბიულეტენია. 

 

 

 10:00 ბათუმში, #30-ე უბანზე საჭიროზე 476 ბიულეტენით ნაკლებია. ამ უბანზე 1469 ამომრჩეველი აძლევს ხმას. 

ამ უბანზე გადასატანი ყუთს, რომლითან 20 ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა, 22 ბიულეტენი გაატანეს, იმ მოსაზრებით, რომ ორი ბიულეტენი შესაძლოა დაზიანდეს. „ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციამ” საჩივარი დაწერა იმის თაობაზეც, რომ სპეციალურ სიაში მითითებული არ არის გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების ტელეფონის ნომრები.

ბიულეტენების ნაკლები რაოდენობაა ბათუმის #17 უბანზე. ამ უბანზე დაახლოებით 140-ით ნაკლები ბიულეტენი მივიდა. აქ ბიულეტენის ჩასადები კონვერტები არ დაუთვლიათ და აცხადებენ, რომ მიღების ფურცელზე დაფიქსირებულია 1343, მაშინ როცა უნდა მისულიყო 1442.

დაახლოებით 97 ბიულეტენით ნაკლები მივიდა ბათუმის 58 უბანზე.

ხულოს მეათე უბანზე, სადაც 682 ამომრჩეველია, მივიდა 650 ბიულეტენი.

ასევე, ბიულეტენების ნაკლებობა დააფიქსირეს ფოთის 22,18,23,19 უბნებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა. 

 

9:35 #87 უბანზე, სადაც 1378 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ბულეტენების რაოდენობა 78 -ით ნაკლებია. ამის შესახებ „ბათუმელების” კორესპოდენტს ადგილზე მყოფმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დამკვირვებელმა განუცხადა, რომელიც საჩვარს წერს.  

 

 

9:20 დილიდან მაღალია ამომრჩევლის აქტივობა ბათუმში. #29, #39, #87, #52 უბნებზე რიგებია და ამომრჩეველს ნახევარი საათით უწევს ლოდინი ხმის მისაცემად.  

 

 #29-ე უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები უბანზე ვერ შევიდნენ. მათ აკრედიტაცია გაიარეს, მაგრამ ცესკომ აკრედიტაციის გამოგზავნა დააყოვნა. ამ წუთებშიც ცესკო მათ პასუხობს, რომ აკრედიტაცია გამოგზავნილია და მალე მიიღებენ.  

 

batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე მოგაწვდით ინფორმაციას აჭარაში და ბათუმში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.  

 

 

 

 

ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში”

 ცაგო კახაბერიძე

 

შუახევის საავადმყოფოს, შპს „უნიმედის“ თანამშრომელი ნერვოპათოლოგი ოთარ სურმანიძე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ, „ქართული ოცნების“ შტაბში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ფრიდონ სურმანიძის თქმით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობდნენ მისი თანამშრომლებიც, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ისინი ამ დრომდე არ ახმაურებენ. 

 

 

ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ავთანდილ ბერიძემ კიდევ ერთი ინფორმაცია გაახმაურა. მისი თქმით „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა  ბათუმელი ხელოვანიც, რომელიც დღეს ღირსების ორდენით უნდა დაეჯილდოვებინათ, მაგრამ მან ჯილდოზე უარი თქვა და კოალიციის რიგებში დარეგისტრირდა. „ქართულ ოცნებაში“ ამ ადამიანის სახელს არ ასახელებენ, რის მიზეზადაც თავად ხელოვანის მოთხოვნა დასახელდა: „მას არ უნდა ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი, რომ პოპულიზმში არ ჩაუთვალონ“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ ბრიფინგზე.  

მურმან დუმბაძე: „გაყალბებისთვის ემზადებიან“

 ნათია ზოიძე

 

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უბნებზე გამოკრულ ამომრჩეველთა საბოლოო სიებში მნიშვნელოვანი უზუსტობებია. 

ნაციონალების აქტივისტები ავარიაში მოხვდნენ

დღეს ნაციონალური მოძრაობის შეხვედრაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხელვაჩაურში, სოფელ კახაბერთან ორ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად  სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო 9 მგზავრმა. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  „ბათუმელებს“განუცხადეს, საავადმყოფოში სასწრაფოს მიერ პირველადი დახმარების გასაწევად 6 მგზავრი მიიყვანეს.  მოგვიანებით კიდევ სამი მგზავრი თვითონ მივიდა.

 

„სტაციონარში არცერთი მგზავრი არ მოგვითავსებია. გაკეთდა გამოკვლევა,  კონსულტაციები. მგზავრებს აღენიშნებოდათ სხეულის სხვადასხვა ადგილის დაზიანებები. დაჟეჟილობები, მძიმედ არცერთი არ ყოფილა,“ – უთხრა „ბათუმელებს“, რესპუბლიკური საავადმყოფოს მორიგე ტრავმატოლოგმა შოთა ბერიძემ.

 

ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

 

<!** Image 1 align="middle" width="600" height="554" >

საპროტესტო აქცია „ნაცმოძრაობის“ ოფისთან

ლელა დუმბაძე

 

კომპანია „დექსუსის“ მიერ უსახლკაროდ დატოვებულმა 60-მა ოჯახმა, საპროტესტო აქცია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართა. „ამ უსამართლობას როდის მოეღება ბოლო?“, „დავიღალეთ ტუილებით, გაგვეცით პასუხი“ – ამ მოთხოვნებით იდგნენ დაზარალებულები პარტიის ოფისთან. უბინაოდ დარჩენილი ადამიანები პრეტენზიებს კომპანიასთან ერთად ქალაქის მერიას და საკრებულოსაც უყენებენ.

„მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან, წელიწადში ერთხელ ჩავდივარ და შორიდან ვუყურებ ჩემს ბინას, ვტირივარ და აქაც იგივე სიტუაციაა. აფხაზებსა და მერიას შორის არის რაიმე სხვაობა? მე ვერ ვხედავ თქვენს შორის სხვაობას. აქაც წამართვეს და იქაც“-ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რაზეც გიორგი კირთაძე პასუხობს: „ჩემსა და რუსს შორის თუ განსხვავებას ვერ ხედავთ, ბოდიში, მაგრამ ვერ დაგეხმარები“. 
საკრებულოს თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს სასამართლოსკენ მიუთითა: „მე თქვენს ადგილზე სასამართლოში წავიდოდი“-უთხრა მან დაზარალებულ ადამიანებს.

 

 „არ არის სასამართლო, სად წავიდეთ“ – პასუხობენ დაზარალებულები.

 

„თქვენ მოდიხართ და მე მთხოვთ ბინებს, მე ვერ მოგცემთ. მოვიდეს თქვენი იურისტი და მითხრას მე რა შემიძლია გავაკეთო და გავაკეთებ“-ეუბნება კირთაძე.

 

60-მდე ოჯახი, რომელიც კომპანიამ ბინების გარეშე დატოვა, საცხოვრებელს ბათუმში, ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე მშენებარე სახლში ელოდებოდა. მოსახლეობის კუთვნილი ბინები კი კომპანიამ ბათუმის მერიას საბინაო ფონდის ფარგლებში გადასცა. მერია აცხადებს, რომ დაზარალებული პირები ფულს „დექსუს“ უხდიდნენ და შესაბამისად, პასუხიც კომპანიას უნდა მოთხოვონ. 

 

ეს პირველი საპროტესტო აქცია არ არის, რომელსაც ბინის გარეშე დარჩენილი ადამიანები მართავენ. ერთი თვის მანძილზე მათ აქცია გამართეს მშენებარე სახლთან, სადაც მათ ბინები უნდა მიეღოთ, ასევე, აჭარის მთავრობის შენობასთან. 

 

„ცენტრ პოინტი ჯგუფს” 2010 წლდან კომპანია „დექსუსი” მართავს. აქ ამბობენ, რომ კომპანია არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. „ამ ადამიანებს ვთავაზობთ სხვადასხვა კომერციულ ფართობს და სხვადასხვა ობიექტებში გადასვლას. ისინი, ვისაც აქვს სრული დაფარვა, მიიღებენ ალტერნატიულ ფართობს, ხოლო დანარჩენები გადანაწილდებიან სხვადასხვა ობიექტებში. ანუ ჩვენ ვთავაზობთ მათ ბათუმის მაგნოლიაში კომერციულ ფართობს და ასე შემდეგ. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოსავალი იქნება. საბოლოო ჯამში მიხვდებიან, რომ გამოსავალი აქციის ფორმა არ არის, არამედ არის ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კომპანია „დექსუსის“ პიარმენეჯერმა ნატა თოფურიამ.

თანხა, რომელიც აქციის მონაწილეებმა „ცენტრ პოინტს” გადაუხადეს დაახლოებით 800 ათას დოლარს შეადგენს.  

 

<!** Image 1 align="middle" alt="საპროტესტო აქცია „ნაცმოძრაობის“ ოფისთან" sub="საპროტესტო აქცია „ნაცმოძრაობის“ ოფისთან" width="400" height="525" > 

 

 

სტუდენტები: უნივერსიტეტი პრობლემებს არ იმჩნევს

ქეთი ლაბაძე 

აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სტუდენტებს სამინისტროს ახალ პროგრამებზე, მათ შორის გაცვლით პროგრამებზე ესაუბრა. 

 

რამინ პაპიძე მედიას დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

 ლელა დუმბაძე

 

პარტია „თავისუფალი საქართველოს„ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ მას არც მაქვს შესაძლებლობა წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე დებადების ფორმატში, რომელიც „ტელეარხი 25“ -ისა და აჭარის ტელევიზიის ეთერში იმართება. „მე ვაცხადებ, რომ ეს არის ჩემი დისკრიმინაცია, რადგან მე, როგორც საარჩევნო სუბიექტს, არ მეძლევა შესაძლებლობა დებატების ფორმატში წარვსდგე ამომრჩევლის წინაშე“ – აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი.   

ლევან ვარშალომიძე: ცუდი ფაქტი მოხდა, ნამდვილად

 ნათია ზოიძე

 

„ბათუმელები“ რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურისგან ინფორმაციას იმის შესახებ, გააკეთებდა თუ არა ლევან ვარშალომიძე კომენტარს პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ამსახველ ვიდეოკადრებზე. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირია, ლევან ვარშალომიძე არასდროს აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. ის ცდილობს „მეურნის“ პოზიციაში დარჩეს და პოლიტიკურ განცხადებებს უფრთხის. ლევან ვარშალომიძესთან მოკლე ინტერვიუს ჩაწერა „ბათუმელებმა“ ქუჩაში მოახერხა. 

გაითიშება თუ არა ტელევიზიები არჩევნების შემდეგ

მარი ხანჯალიაშვილი 

 

პირველ ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, დასრულდება საკაბელო ოპერატორების ვალდებულება, თავიანთ პაკეტებში ჩართონ მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა ტელეარხი. არჩევნების შემდეგ აღარ იარსებებს საკანონმდებლო ბერკეტები და, შესაბამისად, მხოლოდ საკაბელო კომპანიების ნებასურვილზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა ტელეარხების ტრანსლირებას. ძირითადი აქცენტი კეთდებამაესტროზე“, „მეცხრე არხსადაკავკასიაზე“. 

 

 

 

ბათუმში საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

 ლელა დუმბაძე

 

ახალ ბულვართან ბოლოს, აეროპორტის გაზატკეცილთან, ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის  მურმან დუმბაძის საარჩევნო ბანერები დააზიანეს. „სამი ბანერი იდგა და სამივე დაზიანებულია“-აცხადებს მურმან დუმბაძე. პლაკატების დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, მერაბ ნაგერვაძეც: „დახეული და დაგელიჯილია მთლიანად პლაკატები“.  

 

 

ზედამხედველოს სამსახურის, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ვასილ ჯინჭველეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პლაკატების ზედამხედველობა, მათი სამსახურის ვალდებულებას არ წარმოადგენს: „პოლიტიკური პარტიების პლაკატები ვინმემ  რომ არ ჩამოხიოს, ამის კონტროლის ვალდებულება ჩვენ დებულებაში არ გვიწერია.შესაბამისად, არც ის პირები გამოგვივლენია, ვინც ამ პლაკატებს აზიანებს. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომელი პარტიები დავაჯარიმეთ“.

 

 

ვასილ ჯინჭველეიშვილის თქმით, ჯარიმების რეკორდსმენია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შვიდჯერ დაჯარიმდა. დაჯარიმებული არიან „ქრისტიან დემოკრატები“ და „ქართული ოცნებაც“. პირველი დაჯარიმების შემთხვევაში პოლიტიკური სუბიექტი 50 ლარიანით ჯარიმდება. 

 

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია ამბობს, პლაკატების დაზიანების ფაქტებზე სანქცია საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა გამოწეროს, „თუმცა მანამდე, ვიღაცამ უნდა დააფიქსიროს თუ ვინ დააზიანა პალაკატი. ამის კონტროლი კი ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციოებში შედის“. 

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="1944" > 

ჟურნალისტების აქცია ბათუმში

„ცესკო, ჩვენ ვეღარ ავსახავთ რეალობას”, „ნუ დატოვებთ ხალხს ინფორმაციის გარეშე”, „no picture no democracy” –    ბათუმში, დღეს, 25 სექტემბერს, უსკოს შენობასთან ჟურნალისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც მედიას არჩევნების გაშუქებისას გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. 

ცესკოს გადაწყვეტილებას ბათუმში გაზეთ „ბათუმელების”, „ტვ 25″-ის, „ტვ 9″- ს, აჭარის ტელევიზის, „ინფო 9″-ს, „პირველი არხის”, „გურია ნიუსის”, „ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ.  

 

ჟურნალისტების აქცია  გამართა დღეს თბილისშიც. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 7 საათამდე იმჯელებს 24 სექტემბერს მიღებული იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ფოტო–ვიდეოგადაღება მნიშვნელოვნად ეზღუდება. 

 

იმ შემთხვევაში თუ ეს დადგენილება არ გაუქმდება, ჟურნალისტები გადაწყვეტილებას ხვალ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

ავარია „ნაციონალების” საზეიმო მსვლელობისას [ფოტო]

ბათუმში, რუსთაველს ქუჩაზე, „ნაციონალური” მოძრაობის საზეიმო მსვლელობისას, ორი მანქანა, რომელსაც „ნაციონალები” მართავდნენ, ერთმანეთს დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

 რამდენიმე დღეა ბათუმის ქუჩებში გადაადგილდება მანქანების კოლონა გაბმული სიგნალით, „ნაციონალური მოძრაობის” ხუთი ნომრითა და დროშებით. 

კონფლიქტი BTM-ში

 ლელა დუმბაძე

 

წარმოების მენეჯერმა, ფაბრიკის თანამშრომელს შეურაცყოფა მიაყენა. როგორც BTM-ის უირისტი ამბობს, წარმოების მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

ჟურანლისტების საპროტესტო აქცია ცესკოსთან

ჟურნალისტები თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში, დღეს 15:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ. ჟურნალისტები ცესოკოს მიერ 24 სექტემბერს მიღებულ დადგენილებას გააპროტესტებენ. ამ დადგენილებით ჟურნალისტებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მუშაობის შესაძლებლობა.

 

ცესკოს დადგენილებას გუშინ მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ის ცესკოს მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.


ნიაზ ზოსიძე: „მე მგონია, რომ ინგა გრიგოლია გადაწყვეტილებას შეცვლის“

 ნათია ზოიძე

 

ქდმ -ს  აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  ნიაზ ზოსიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ  ინგა გრიგოლიამ   ინფორმაცია კანდიდატურის მოხსნის შესახებ მხოლოდ ფეისბუქის გვერდზე დაწერა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დეტალებს არ იცნობს კარგად და მისი გაცნობის შემდეგ, მე მგონია, რომ  ის გადაწყვეტილებას შეცვლის“. – ამბობს ნიაზ ზოსიძე.   

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციები შეწყდა

 ქეთი ლაბაძე

 

ბათუმელმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია – „არა ძალადობას”, „არ აწამო” –  ბარბარეს ეკლესიასთან წირვა-ლოცვით დაასრულეს.

 

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციებს წყვეტენ , რადგან არ სურთ პროვოკაციას აყვნენ და მათთვის მთავარია პირველ ოქტომბრამდე სიმშვიდის შენარჩუნება.

 

 ანრი ბეჟანიძე, სტუდენტი:  “საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით აქციები უნდა შეწყდეს, რადგან მოახლოებულ არჩევნებს ხელი არ შევუშალოთ, ძალიან დიდი პროვოკაციები იგეგმება, ამიტომ  ვწყვეტთ აქციებს არჩევნებამდე, მაგრამ თუ ისეთი რამ მოხდება, რომ აუცილებელი იქნება ჩვენი გამოსვლა, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს, იმედია ეს არ დაგვჭირდება.“  

აჭარაში „ქართული ოცნების” სასარგებლოს კანდიდატურა კიდევ ერთმა ლეიბორისტმა მოხსნა

ნათია ზოიძე 

 

აჭარაში „ლეიბორისტური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსლან მალაყმაძემ  კანდიდატურა მოხსნა. საპარლამენტო არჩევნებზე იგი  ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს. 

 

რუსლან მალაყმაძემ კანდიდატურა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის, როსტომ ბოლქვაძის სასარგებლოდ მოხსნა. კითხვაზე, რატომ დატოვა „ლეიბორისტური პარტია“, იგი ამბობს, რომ  „იქ საინტერესო არაფერი ხდებოდა“.  იცის თუ არა ლეიბორისტული პარტიის აჭარის კოორდინატორმა დავით რობაქიძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ? ამ კითხვას რუსლან მალაყმაძე ასე პასუხობს: „თქვენ ხომ იტყვით და გაიგებს“. 

 

დაახლოებით ერთი კვირის წინ „ლეიბორისტური პარტიის“ რიგები კიდევ ორმა წევრმა დატოვა. ლეიბორისტური პარტიიდან მაჟორიტარობის ორმა კანდიდატმა, ბიძინა დუმბაძემ და თამაზ დევიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატების, მურმან დუმბაძის და თემურ კახიძის სასარგებლოდ მოხსნეს კანდიდატურა. 

 

ბიძინა დუმბაძე ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს, თამაზ დევაძე კი ბათუმში.  

ბათუმის მერიამ მურმან დუმბაძის ბანერი ჩამოხსნა

 

 

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლიდან „ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატის, მურმან დუმბაძის საარჩევნო ბანერი ჩამოხსნა, რასაც „ქართული ოცნების“ პროტესტი მოჰყვა. 

 

ბანერის ჩამოხსნა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკრებულოს გადაწყვეტილებით ახსნა, რომლის თანახმადაც შენობებზე სარეკლამო ბანერების გაკვრა არ შეიძლება და „ქართული ოცნება” 50 ლარით დააჯარიმა. 

 

„ქართული ოცნება” ამ მოტივს არ ეთანხმება, ამბობენ რომ ეს კერძო სახლია და  ადმინისტრაციული კოდექსით კერძო საკუთრებაზე დასაშვებია ნებისმიერი რეკლამის განთავსება, მათ შორის, პოლიტკური რეკლამის. 

 

„ქართული ოცნება” ზედამხეველობის სამსახურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.  

გლეხების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

ცაგო კახაბერიძე

 

24 სექტემბერს, დილის 11 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. მათგან უმრავლესობამ მოულოდნელად გაიგო, რომ მათ სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების ერთი ნაწილი, რომელიც გლეხებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ჰქონდათ, ცოტა ხნის წინ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიისაკუთრა, შემდეგ კი თურქულ კომპანიას – „აჭარ ენერჯი 2007“-ს გადაუფორმა. ეს კომპანია მდინარე ჭოროხზე ორი კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. 



„ნუ დაგვცინით” – სტუდენტების აქცია უნივერსიტეტთან

 14:51 მამა თეიმურაზი: „კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ახალგაზრდები იცავენ ქვეყანას, ეს ასე იყო და ასე ხდება. ჩვენ თქვენთან ვართ, არაფრის შეგეშინდეთ, ვერავინ ვერაფერს ვერ გიზამთ, თუ პრობლემას არ გაექცევით და საღ აზრს გამოთქვამთ, ბოროტებს დაამარცხებთ. თქვენ ხართ ხვალინდელი დღე და თქვენ უნდა გააპროტესტოთ ის, რაც არ მოგწონთ. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგიცვათ პროვოკაციისგან”. 

 

14:46 სტუდენტები გუშინწინ დაკავებული დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. 

 

14:14 აქციას შეურთდნენ ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებიც ტრანსპარანტებით: „ნუ მაწამებ”, „არა ძალადობას”. 

 

 14:11 “ბაჩო ახალაიას და მისი ჯალათების ადგლი არის ციხეში” – ბათუმელი სტუდენტებმა ერთწუთიანი „ანტიდუმილის“ აქცია გამოაცხადეს. ისმის გაბმული სტვენა. 

 

 13:53 „თვალში ნაცარს ნუ გვაყრიან, ჩვენ ვგმობთ იმ ტყუილებს, რაც ვრცელდება ტელევიზიით, ესაა დაცინვა, თითო ოროლა ადამიანის დასჯით ვერ გაააჩერებენ ძალადობას, ჩვენ ვგმობთ ძალადობას” – ამბობენ სტუდენტები. ამ წუთებში აქციას აჭარაში მცხოვრები მწერლები შეურთდნენ. აქციამ 6 მაისის პარკში გადაინაცვლა. 

 

13:49 „წადი შაშკინ” – სკანდირებენ სტუდენტები ბათუმის უნივერსიტეტის წინ. 

 

 13: 45 აქციას უერთდებიან სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის ლექტორები. აქციასთან ახლოს, უნივერსიტეტის წინ ნაციონალური მოძრაობის დროშებით მორთული მანქანები სიგნალებით და სტვენით დადიან. აქციის ორგანიზატორები აფრთხილებენ სტუდენტებს არ წამოეგონ პროვოკაციაზე. 

 

13: 38 „გადადგეს დიმიტრი შაშკინი, რომელმაც ციხედ აქცია სკოლა და განათლების სისტემა” – ბათუმის უნივერსიტეტთან აქციაზე სტუდენტები დიმიტრი შაშკინის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. 

 

 13:32 სტუდენტები ხაზგასმით მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ სტუდენტური აქციების მათ სასიკეთოდ გამოყენებისთვის. 

 

 13:28 სტუდენტების აქციას უნივერსიტეტთან რამდენიმე სასულიერო პირი შეუერთდა. ისინი ამბობენ, რომ მოვიდნენ სტუდენტების დასაცავად.

 

13:21 სტუდენტური აქციის პარალელურად საზემო მსვლელობისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, რომელიც პარტიის შტაბის წინ შეკრიბა, დროშებით. „ნაციონალების’ საზეიმო მსვლელობა მანქანების გაბმული სიგნალებით ბათუმში მესამე დღეა მიმდინარეობს. 

 

13:17 „ბათუმელების” კორესპოდენტი გვატყობინებს, რომ ბათუმს უნივერსიტეტთან ყოველ ხუთ წუთში ჩნდება პატრულს მანქანები. 

 

დღის პირველი საათიდან მიმდინარეობს სტუდენტების აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან. „ნუ დაგვცინით”, „არ გვეზემება”, „გისოსებს მიღმაც საქართველოა”, „საქართველოს აუპატიურებენ SOS”, „სირცხვილი ტაშის დამკვრელებს” – ამ ტრანსპარანტებითა და შეძახილებით სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრებს. 

გაზეთ „ბათუმელების” ახალ ნომერში

 <!** Image 1 align="left" width="500" height="1491" >

მთავარი თემა: წამება – საქმე, რომელიც ჰააგამდე შეიძლება მივიდეს  

 

 

ზურაბ მახაშვილი, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის იურისტი: „თუ წამება დაკავშირებულია მსხვერპლის მიერ მიცემულ ჩვენებასთან, მაშინ საქმე იშლება _ ჩვენება მთლიანად ძალადაკარგულია… სასამართლო სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ აღიარებით ჩვენებაზე იყო დაყრდნობილი, შეიძლება მალე კრახის წინაშე დადგეს. თუ დამტკიცდა, რომ წამებას ჰქონდა ჩვენების გამოძალვის ხასიათი, ეს ხდებოდა ადამიანებისგან ფულის გამოძალვის, საპროცესო შეთანხმების, მათი აგენტებად ქცევისთვის, ან უბრალოდ მათი თავიდან მოშორების მიზნით, ეს იქნება ერთ-ერთი კომპონენტი საერთაშორისო ტრიბუნალის დანიშვნისა.“

 

 

თემა: სტუდენტების პროტესტი – სისტემა უნდა დაინგრეს

დათო ტურაშვილი:  „ყოველთვის მეგონა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. იმიტომ, რომ შესაძლოა ყველა დროში მოძებნონ ისეთ სტუდენტები, ვინც ნებისმიერი ხელისუფლების მომხრე იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის აღმოჩნდებიან ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც უსამართლობას ვერ შეეგუებიან და ასეც მოხდა.” 

 

 საზოგადოება: „როცა სახელმწიფო კლავს და შენ მას ამართლებ, მკვლელობის მონაწილე ხარ”  

ლელა გაფრინდაშვილი: „საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას 97 პროცენტით ერთი პარტიის შესვლა პარლამენტში. ასეთი ეგზალტაცია იყო 2003 წელსაც და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შედეგი. პარლამენტის მრავალფეროვნება ამცირებს ამ ტიპის ავტორიტარიზმს.“ 

 

პოლიტიკა:  ლევან ვარშალომიძე: „ნამდვილად ცუდი ფაქტი მოხდა“ – „ნაციონალური მოძრაობის” წევრები პატიმართა წამების შესახებ  

 

რას ყიდიან პოლიტიკოსები   –   ნიკო თევდორაშვილი: „თუ მომხმარებელი ბაზარში ყიდულობს უვარგის კვერცხს, ეს მყიდველის პრობლემაა“

 

 

საზოგადოება: გაითიშება თუ არა ტელევიზიები არჩევნების შემდეგ – „ჯერ მეცხრე არხს და მაესტროს ვუყურებ და შემდეგ ვამოწმებ ინფორმაციას იმედსა და რუსთავი 2-ზე, ყველა არხს უნდა ვუყუროთ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ“, – ამბობს ბათუმელი ჯეინ-მარი ბოლქვაძე.   

 

 

 

 

 

 

გია ბარამიძე: ვინც თანამდებობებს ტოვებს სუსტი მორალის ადამიანია

„საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობების დატოვება არ მიიღებს მასობრივ ხასიათს,“ – დარწმუნებულია „ნაცმოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე.

 

გია ბარამიძის აზრით, ვინც თანამდებობა დატოვა: „ისინი არამარტო სუსტი ნებისყოფის, არამედ სუსტი მორალის მქონე ადამიანები არიან, თუ დატოვებენ დატოვონ მათი საქმეა. როგორც ჩანს მათ საქმე არასდროს უკეთებიათ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ შეცდომა ყველას მოსდის. ჩვენ ქვეყანა დაგვხვდა თავდაყირა და ხალხმა ეს უნდა გაიგოს, სახლს ვერ დაალაგებ ერთი დღის განმავლობაში და ჩვენ შევძელით და დავალაგეთ ქუჩები რომ გარეთ გასვლა ყოფილიყო უსაფრთხო. ახლა დავიწყებთ ციხის დალაგებასაც, ძალიან მნიშვნელოვანია ადექვატურად აღიქვათ ეს, განსაკუთრებით მათ გასაგებად ვამბობ, ვინც ოპოზიციური მედიასაშუალება ხართ აქ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

 

„ბოლო ორი დღის განმავლობაში საჯარო სამსახური აჭარაში სამმა პირმა დატოვა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწემ შოთა დოლიძემ, აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელმა გიორგი სირაბიძემ და აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილემ მინდია ნაკაშიძემ. ნაკაშიძემ და დოლიძემ ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

 

„დღეს (21 სექტემბერს) დავწერე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე. რაც მოხდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შესაძლებელია მოხდეს სხვა, განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანაშიც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნება, რეალურად დასაჯოს დამნაშავე პირები, რაც უწესობაა, მე კი ყოველთვის წესიერი საჯარო მოხელე ვიყავი და ვიქნები!“ – ნათქვამის შოთა დოლიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში“.

 

გიორგი ბარამიძემ დღეს ასევე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ჩვენ ქვეყანაში არ დაუშვებთ ქაოსს, გვითხრან სად მოხდა ასეთი ფაქტები და რომელ ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენზე მკაცრი რეაქცია. გინდა აბუგრეიბი აიღეთ, გინდა სხვა რომელიმე“.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ არჩევნებზე ჯორჯ ბუშმა და „რესპუბლიკელებმა“ ხომ დათმეს ხელისუფლება? – ბარამიძემ უპასუხა: „გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ამის გამო არ ყოფილა, იქ სხვა მიზეზები იყო. იქ არავინ არ ლაპარაკობდა, რომ ამის გამო აქვთ თუ არა უფლება დარჩნენ ხელისუფლებაშიო“.

 

ნაციონალების საზეიმო სვლა – დღე მეორე

ორი დღეა ბათუმის ქუჩებში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ავტომანქანების გაბმული სიგნალით დადიან. 

 

რა არის ამ მსვლელობის მიზანი, “ბათუმელები” ამის გასარკვევად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის  თავმჯდომარეს გელა დეკანაძეს დაუკავშირდა.

 

“თქვენ თუ ვერ ხვდებით რასთან დაკავშირებით არის, მაშინ გიორგი კირთაძეს დაუკავშირდით,” – განაცხადა დეკანაძემ.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა აჭარაში გიორგი კირთაძემ “ბათუმელების” ზარებს არ უპასუხა. 

 

ბათუმის დრამატული თეატრი პროტესტს უერთდება

 

ბათუმის დრამატულ თეატრის დასმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპექტაკლის გამართვაზე. სპექტაკლი – „ბოლო გაჩერება“ დღეს რვა საათზე უნდა დაწყებულიყო. თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში ამბობს, რომ ის თავის დასთან ერთად არის და ამ პროტესტს უერთდება:


„დღეს დასმა გადაწყვიტა, რომ არ ითამაშოს სპექტაკლი და შეუერთოს თავისი ხმა იმ ვანდალიზმისა და არაადამინობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაშია.


მომხდარის მიმართ დასს აქვს სამოქალაქო ვალდებულება – ის ამით გამოხატავს თავის სოლიდარობას იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სასტიკად აწამეს.


რა თქმა უნდა, ეს არ არის პოლიტიკური განცახადება და არ მინდა ეს პოლიტიკურ სიბრტყეზე გადაიტანოთ. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ან ამისტები ვართ ან იმისტები. ჩვენ ვაპროტესტებთ ფაქტს და ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას“. 

Exit mobile version