მსხვილი ბიზნესმენები, რომლებსაც ბაზარზე მონოპოლიური პოზიცია აქვთ, წლების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ. კანონით დაშვებული შემოწირულობის მაქსიმალური ოდენობით – 60 000 ლარით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ მფლობელი პაატა კურტანიძე დაეხმარა. პარტიას 35 ათასი ლარი შესწირა მისმა მეუღლემ მაია კურტანიძემ, 60 ათასი ლარი – ძმამ მალხაზ კურტანიძემ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ფარმაცევტულ ბაზარზე კარტელური გარიგებების და მონოპოლიების არსებობის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელი არ ეთანხმება: „ამ დროისთვის 456 იმპორტიორი და 2500 აფთიაქია. როცა საუბრობენ ფარმაცევტული სფეროს მონოპოლიაზე, „ავერსს“ მოიაზრებენ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბაზრის წილი არის 20 პროცენტი, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ „ავერსი“ არის ბაზრის მონოპოლისტი. ჩემი რენტაბელურობა არის 5 პროცენტი“.
პაატა კურტანიძე იმედოვნებს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის შემდეგ, ბაზარზე სიტუაცია დარეგულირდება და ახალი მთავრობა კანონის ფარგლებში იმოქმედებს: „მე ამ რვა წელიწადში რამდენჯერმე მაქვს თანხა გადახდილი, ისე როგორც ბევრს, ყოველგვარი საჭიროების გარეშე. ამის თაობაზე ჩვენ სარჩელს სასამართლოში შევიტანთ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები არიან ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბიუტორი კომპანია „ვისოლის“ აქციონერები, ძმები ლევან და სოსო ფხაკაძეები. მათ პარტიას, კანონით განსაზღვრული შემოწირულობის ზედა ზღვარი, 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხეს.
„ვისოლის“ აქციონერი ლევან ფხაკაძე ამბობს, რომ „არსებულ მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს გამოკვლევა სჭირდება. ასე ერთი ხელის მოსმით, ვერ ვიტყვით სად იყო მონოპოლია და სად არა. ის, რომ სიმახინჯეები არსებობდა, ყველამ ვიცით. ბუნებრივია ნებისმიერ სწორ ბიზნესს სჭირდება ნორმალური კონკურენტული გარემო. „ვისოლი“ ბაზარზე კარგახანია არსებობს და ჩვენ არ შევუქმნივართ წინა ხელისუფლებას, იქამდეც ვიყავით ბაზარზე და მყარი და ძლიერი პოზიცია გვქონდა“.
ლევან ფხაკაძე ამბობს, რომ პარტიისთვის ფულის შეწირვის მიუხედავად, მის კომპანიას ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობა არ ჰქონდა: „ვერ გეტყვით, რომ ჩვენ მჭიდროდ ვურთიერთობდით. ამას მათი მხრიდან უფრო ერქვა ურთიერთობა. როგორ და რანაირად იყო, ამის თქმა ბუნებრივია, არ მინდა“.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სამოცი ათასი ლარი „სილქროუდ ჯგუფის“ მფლობელმა გიორგი რამიშვილმაც შესწირა, რომელიც სახელისუფლებო წრეებში „ზარალას“ სახელით არის ცნობილი.
„სილქროუდ ჯგუფი“ საქართველოში წილს ფლობს „ბი თი ეი ბანკში“, “სილქროუდ ბანკში” ფლობს საკონტროლო პაკეტს, ასევე კომუნიკაციების კომპანია „სილქნეტში“. ამ ბიზნესჯგუფის გახმაურებული პროექტია „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა ბათუმში. ტრამპის ორგანიზაციასა და „სილქროუდ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში მარტში გაფორმდა. ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად „ტრამპ თაუერი“ საქართველოშიც აშენდება.
„სილქროუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ბაზარზე არსებული მონოპოლიების საკითხი კომპლექსურია: „მე პირადად ბარიერები არ მქონია. მე ვერ ვხედავ იმას, რომ ჩემს ბიზნესს ემუქრება რაიმე. შეზღუდვებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან ეს მოიცავს უამრავ ასპექტს. „სილქროუდ ჯგუფი“ არ ერევა პოლიტიკაში, ეს არის წმინდა ბიზნესჯგუფი. ჩვენ ვახერხებთ, გამოვნახოთ საერთო ენა არა მარტო ჩვენს სამშობლოში, არამედ შუა აზიის ქვეყნებთანაც“.
ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ბიზნესპროექტების განხორციელებაზე საუბარი უჭირს: „იქნება მხარდაჭერა – განვახორციელებ. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ბიზნესის განხორციელება რთული იქნება. მე მგონი „ტრამპთაუერი“ იქნება, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს დაუჭერს ბიზნესს“.
კომპანია „ბაგრატიონი 1882“-ის აქციონერი ლევან ვასაძე ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე კარტელური გარიგებებისა და მონოპოლიების დრო უნდა დასრულდეს: „მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა და ანტიმონოპოლიური სამსახური ქმედითუნარიანი გახადოს. სხვა შემთხვევაში ბაზარზე არაფერი შეიცვლება“.
იმის შესახებ, რომ ჰქონდა თუ არა მის კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვები, ლევან ვასაძეს საუბარი არ სურს: „მქონდა თუ არა ბარიერები, ამაზე საუბარი არ მსურს. ნაცმოძრაობის შემომწირველი არასოდეს ვყოფილვარ“.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ქეთი ლაფაჩის ინფორმაციით, გლობალური კონკურენტუნარიანობის 2012 წლის ინდექსში საქართველო 142 ქვეყანას შორის ადგილობრივი ბაზრის კონკურენტული გარემოს კუთხით 128-ე ადგილზეა, ხოლო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობის კუთხით – 135-ზე.
მთავრობამ ანტიმონოპოლიური სამსახური, ბაზრის ლიბერალიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, 2004 წელს გააუქმა. 2010 წლის გაზაფხულზე, მთავრობის ინიციატივით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ჩამოყალიბდა. ეს უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. 2011 წელს მთავრობამ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ სტრატეგია შეიმუშავა და კანონპროექტი მოამზადა. კანონი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა აღასრულოს, რომელიც 2012 წლის იანვარში ორი სააგენტოს (თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს) შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა.