Batumelebi | აჭარაში „იების რევოლუცია“ მზადდება აჭარაში „იების რევოლუცია“ მზადდება – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

აჭარაში „იების რევოლუცია“ მზადდება

ახლახანს კიდევ ერთი არაპოლიტიკური ორგანიზაცია „დემოკრატიული აჭარა“ დაფუძნდა. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები დედაქალაქში ამჯობინებენ რეგისტრაციის გავლას. პირველობის დასამტკიცებლად დედაქალაქში ბათუმიდან, ამჯერად, ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა გადასხეს „დესანტი“. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აჭარიდან ჩასულმა დაახლოებით 4000 კაცმა მოიყარა თავი – არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, „დემოკრატიისა და სამართლიანობის ცენტრის“, „ჩვენი აჭარას“, ორგანიზაცია „აფსაროსის“ წარმომადგენლებმა. როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებდნენ, წასვლის მსურველები გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ სიები მაქსიმალურად შემცირდა.

მოკლედ, დედქალაქს ესტუმრნენ ის ადამიანები, ვინც უკმაყოფილოა აჭარის ხელისუფლებით.

ბურჯანაძე-დემოკრატებმა ხალხის თბილისში ჩასაყვანად იგივე მეთოდები გამოიყენა, რის გამოც ერთი თვის წინ „აღორძინებას“ დასცინოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პარტიამ აჭარიდან აქტივისტების ჩასაყვანად 150 ათასი ლარი გაიღო. 200-200 ლარი გადაუხადეს მძღოლებს, 50-50 მხარდამჭერებს…

„გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში მსგავსი რამ კატეგორიულად უარყო „დემოკრატიული აჭარა“-ს ერთ-ერთმა ინიციატორმა ჯელალ ქიქავამ: „ამ ხალხის ჩასაყვანად პირადად ჩემს ფულს ვხარჯავ და ეს პრობლემა ნამდვილად არ არის, მხოლოდ მძღოლებს ვუხდი“. თავისი სიტყვების უტყუარობის დასამტკიცებლად ჯელალ ქიქავამ ჯიბიდან ლარების დასტა ამოიღო და დანახარჯის ოდენობად 10 ათასი ლარი დაასახელა.

მის განცხადებაში კორექტურა შეიტანა ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტმა, რომელიც ბევრად უფრო გულწრფელი ჩანდა: „ბურჯანაძე-დემოკრატები“ გვაფინანსებს, ზუსტი ციფრი, ტყუილი რომ არ გითხრათ, არ ვიცი. ვიცი ის, რომ მძღოლებს 100 ლარს  და საწვავის  ტალონებს ურიგებდნენ. აქტივისტებს საგზლად თითო პური, ძეხვი და ლიმონათი დაურიგდათ. ჯიბის ფულად 5-5 ლარიც გაიცა“…

„დემოკრატიული აჭარა“-ს დამფუძნებლები, ისევე როგორც „ჩვენ აჭარა“-ში გაიძახიან, რომ მათი უმთავრესი მიზანი აჭარაში არსებული ხელისუფლების დემონტაჟია. პარალელურად მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა იმ სკამის დასაუფლებლად, რაზეც წლების განმავლობაში ასლან აბაშიძე მყარად იჯდა. კულუარული ინფორმაციით, რომელზეც ღიად საუბარს ყველა გაურბის, „ორივე აჭარა“ ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს აჭარის დღევანდელ ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე.

„დემოკრატიულ აჭარა“-ს ჰყავს გამოკვეთილი კანდიდატი, რომელიც  „მზადაა გაერთიანებისთვის, რათა ერთიანი ძალით იბრძოლონ აჭარაში დემოკრატიისთვის, დაიცვან აქ მცხოვრებთა უფლებები, აღიკვეთოს თავისუფალი სიტყვის  დევნა, ძალის დემონსტრირება“. ეს არის ედვარდ სურმანიძის ლოზუნგები, რომელიც ფორუმზე დაცვის თანხლებით და ვარდებით „შეიარაღებული“ გამოჩნდა. შეკრებილები მას ოვაციებით შეხვდნენ: „სურმანიძე, სურმანიძე, ძირს აბაშიძე, ძირს მისი კლანი“ – სკანდირებდა დარბაზი.

გამომსვლელები ხოტბას ასხამდნენ ახალ პრეზიდენტს, მეორეს მხრივ კი ბოდიშს იხდიდნენ იმ ხალხის ნაცვლად, ვინც ძალით ჩაიყვანეს შევარდნაძის მხარდასაჭერად. ამისთვის ასლან აბაშიძეზე პასუხის მოთხოვნასაც აპირებენ.

სურმანიძემ ისაუბრა მოთხოვნებზე, რომელსაც ავტონომიის მეთაურს უყენებდა: „ვუთხრათ კმარა მოძველებულ რეჟიმს და ჩავაბაროთ ისტორიას. ჩვენ თითოეულ მოსახლესთან მივალთ და დავარწმუნებთ შემოგვიერთდნენ, რათა ერთად ვიბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ ორ თვეში საზოგადოება, გოდერძის უღელტეხილიდან ჩოლოქამდე, მზად იქნება ცვლილებებისათვის“.

აჭარის ხელმძღვანელობას ედვარდ სურმანიძემ პირველ რიგში  საგანგებო სიტუაციის გაუქმების მოთხოვნა წაუყენა. „უნდა შევქმნათ ახალი კადრები, წარმოვაჩინოთ ახალგაზრდობა და ახალი სახეები. ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები გაყალბების გარეშე და ვნახავთ, რომ „აღორძინება“ ვერ გადალახავს 7-პროცენტიან ბარიერს. ჩვენ ვთავაზობთ თავისი ხელით, უახლოეს კვირეებში ცენტრალური ხელისუფლებისგან მიტაცებული პრეროგატივები გააუქმოს. უნდა გაუქმდეს უშიშროების სამინისტრო, საბაჟო, საფინანსო და სასაზღვრო სამსახურები“.

ცნობილი სახეებიდან შეხვედრაზე ვარდების რევოლუციის აქტივისტი გოგა ხაინდრავაც დაფიქსირდა.

სურმანიძის ამბიციამ, მოვიდეს აჭარის ხელისუფლებაში, ოპოზიციონერ რევოლუციონერებში გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა რადიკალურ განცხადებებს, ჯერჯერობით, ყველა ერიდება. ისე, საზოგადოებას კი ურჩევენ, გაიხსენოს უკანასკნელად როდის დალანდეს სურმანიძე აქტიურ პოლიტიკაში.

სურმანიძე არანაირ რეპლიკას არ აქცევს ყურადღებას და ბათუმში ჩამოსვლას გეგმავს, რათა სათავეში ჩაუდგეს „რევოლუციას ძირმომპალი რეჟიმის დასამხობად“. სურმანიძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ თავისი პოზიცია ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებითაც დააფიქსირა: „ავტონომიის გაუქმება არ დგას დღის წესრიგში, ყოველივე მიზანდასახულად განხორციელდება სტატუსის ქვეშ, აჭარა იქნება მაგალითის მიმცემი აფხაზეთისა და სამაჩაბლოსათვის“.

ედვარდ სურმანიძეს, როგორც მომავალ ხელისუფალს, აჭარიდან სპეციალურად მის სანახავად ჩასულ შემწეობის მთხოვნელებთან შეხვედრაც არ დაზარებია. ფორუმზე მისული თბილისელი სტუმრები სინამდვილეს თვალს უსწორებდნენ და „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებდნენ, რომ აქ და ამგვარ შეკრებებზე ხალხი ქულების დასაწერად და მომავალი ლიდერისთვის თავის დასამახსოვრებლად მიდის. „ეს ჩვენი უბედურებაა, ბევრი ცდილობს ამ ძალას თავი დაამახსოვროს, რათა გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობას გამოჰკრას ხელი. სანამ ასე ვიქნებით, არაფერი გვეშველება“, – ამბობდნენ ისინი.

შეკრებილი საზოგადოება იმედოვნებს, რომ თებერვალში, როცა მთა და ბარი იებით დაიფარება, აჭარაში იების რევოლუციას მოახდენენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.