Batumelebi | „ნაციონალები“ ისევ „ნარკოტიკებზე და იარაღის შენახვაზე“ აიყვანეს „ნაციონალები“ ისევ „ნარკოტიკებზე და იარაღის შენახვაზე“ აიყვანეს – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„ნაციონალები“ ისევ „ნარკოტიკებზე და იარაღის შენახვაზე“ აიყვანეს

სხვადასხვა სახის ბრალდებით აჭარაში კვლავ გრძელდება იმ ადამიანთა დაკავება-დაპატიმრება, რომლებიც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თუ ამ მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ეს „უცნაურობა“ თურმე ჩვეულებრივი დამთხვევებით აიხსნება და ამას ხელისუფლების მხრიდან მათი ოპონენტების მისამართით რაიმე სახით პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან საერთო არაფერი აქვს. აჭარის პოლიციაში კი არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი ჩვეულებრივ კრიმინალის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ამ „ლაშქრობის“ კანონიერ უფლებასთან ერთად, მისი განხორციელების საშუალებაც უნდა მიეცეთ. რამდენად კანონიერად მოქმედებს პოლიცია კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობის შესრულებისა, ამაზე ფაქტები მეტყველებენ. თუმცა ყველაფერ ამას, ზედმიწევნით ზუსტ პასუხს ალბათ, ისევ და ისევ დრო გასცემს…

ამ დღეებში „ნაციონალური“ მოძრაობის კიდევ ორი წევრი ნური ანანიძე და ვაჟა კახიძე დააკავეს. მათ წაყენებული აქვთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და იარაღის შენახვის ბრალდება.

ნური ანანიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მის დაკავება პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად. ისინი ამას, თურმე, მთელი კვირის განმავლობაში ელოდნენ, რადგან მათ სახლს „შავოსნები“ მეთვალყურეობდნენ. ყოფილა სატელეფონო გაფრთხილებები მესიჯების სახით.

„გაზეთი ბათუმელები“ ნური ანანიძის ოჯახის წევრებს გაესაუბრა. მარინა ანანიძე (მეუღლე): – ღამით მოვიდა 20-25 კაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყვნენ, რაიონის პოლიციიდან ამირან ნაკაშიძე ახლდათ. სახლს ალყა ჰქონდა შემორტყმული. 12-ის ნახევარზე შემომოცვივდნენ სახლში, ნაწილი აივნიდან  შემოვიდა, შუქი არ გვქონდა. ბავშვები შემიშინდნენ. ჩხრეკის ორდერის წარმოდგენის შემდეგ, კარები დაგვიხურეს და ყველა ერთ ოთახში შეგვყარეს. გვითხრეს, იარაღს ინახავთო. ჩემი ქმარი ამ დროს აყვანილი ჰყავდათ თურმე. ის აფხაზეთში იყო და იარაღი იქედან არ ჩამოუტანია. „ნაციონალებთან“ 4-5 თვეა რაც არის. აბაშიძის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა. „ნაციონალები“ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას გვპირდებიან და იმიტომაც დაუდგა მათ გვერდით.

დაპატიმრებულის ძმა მურად ანანიძეც იარაღის და ნარკოტიკის ჩადებაზე საუბრობს: თუ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და იარაღს ინახავდა, სახლში რატომ ვერ აიყვანეს? დაცვა და თვალთვალი რად უნდოდა. წინა დღით (17 რიცხვით) გამოწერილი ორდერი წარმოგვიდგინეს. მერე ჩვენი თანდასწრებით გადაასწორეს თარიღი. ეს პოლიტიკური თავდასხმაა, კაჭარავას გატაცების თვითმხილველი იყო, გამტაცებლებში „როზისკის“ თანამშრომლები ამოიცნო და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა აჭარის ხელისუფლებას დააკისრა.

დარიკო ანანიძე (და) – ნახევარი საათის ჩხრეკის შემდეგ შეგვიშვეს ოთახში. ჩემს დას უთხრეს, ქვევით რაც გიდევთ, ის გამოიღეო, – ავტომატი იდო, თვითონ მოიტანეს…

ნური ანანიძე ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეა. „გაზეთი ბათუმელები“ ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს – ნოდარ სალაძესაც ესაუბრა: „ლევან კაჭარავას ცემის ფაქტზე ნურის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ დაიწყო ჩვენი დევნა. ჩვენ პოლიტიკაში არ გვინდა გავერიოთ, მაგრამ ამას გვაიძულებენ. პოლიციის მინისტრი, გოგიტიძე დგამს სპექტაკლს, რაც ხალხს აღიზიანებს. მეც აქ ვიყავი ჩხრეკის დროს. სრულიად საქართველოს ინვალიდ მეომართა კავშირი „ერის ტკივილი“ აჭარაში 800 ადამიანს აერთიანებს, ნუ დავაყენებთ ამ ხალხს ფეხზე… ჩვენ ვიცით, სად იკვებებიან, როგორ აფინანსებენ იმ ხალხს, რომლებიც ამ სიბინძურეს სჩადიან. ჩვენ არ ვართ ნარკომანები, ხულიგნები, უბრალოდ, უკეთესი ცხოვრება გვინდა. ნური ანანიძეს ავტომატი ჩაუდეს, ვაჟა კახიძეს – ხელყუმბარა, ჩემთან ჩხრეკისას ალბათ ტანკი აღმოჩნდება, ვიცი  შემდეგი მე ვარ“.

ომარ გორგოშაძე (მეზობელი) – ისინი შავრაზმელები არიან, რომლებსაც ბაკურიძე (შს მინისტრის მოადგილე) 100-100 ლარს უხდის. ნური ანანიძე ნარკოტიკის მომხმარებელი არასდროს ყოფილა. არაყს კი სვამდა, მაგრამ ეს აკრძალული არ არის. აქ ბევრს ჩაუდეს ნარკოტიკი და ციხეში ჩასვეს..

„გაზეთი ბათუმელები“ კომენტარისთვის ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსს მერაბ ცინცაძეს დაუკავშირდა. მისგან, რა თქმა უნდა, ვერანაირი კომენტარი ვერ მივიღეთ.

შსს ყოველდღიურ კრებსში კი ასეთი მონაცემია შეტანილი: „1 ცალი ხელყუმბარისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის (22 ვაზნით) უკანონო შენახვისა და ჰაშიშის განმეორებით უკანონო მიღებისათვის დაკავებულია სოფელ მეჯინისწყალზე მცხოვრები ნური ანანიძე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.