მთიანი აჭარა

თვითნებურად დახურული სხდომის დეტალები

20.04.2015 • 1859
თვითნებურად დახურული სხდომის დეტალები

 

ქედის საკრებულო
ქედის საკრებულო

საკრებულოს სხდომის დახურულად გამოცხადებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ სიტყვით მიმართა დეპუტატებს – სურდათ თუ არა სხდომის დახურვა. სხდომის დახურვის საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. საკრებულოს ოპოზიციამ მოითხოვა სხდომა გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე აცხადებს, რომ სხდომის დახურვის ინიცირება მომხსენებლისგან წამოვიდა. ის აღნიშნავს, რომ სხდომა მხოლოდ ერთი საკითხის განხილვისას იყო დახურული. რაც შეეხება საკრებულოს სდომის დახურულ ფორმატში ჩატარების განკარგულებას, ამირან ცინცაძის თქმით, განკარგულება მას შემდეგ დაიწერა, რაც საკრებულომ კენჭი უყარა სხდომის დახურულად ჩატარებას.

 

„დღის წესრიგის დამტკიცების დროს პირველი საკითხის მომხსენებელისგან ამირან დევაძისგან წამოვიდა წინადადება, რომ სხდომა დახურულიყო. მე არ მქონდა უფლება, უარი მეთქვა ინიცირებაზე და საკითხი კენჭისყრაზე დავაყენე. უმრავლესობამ გადაწყვიტა პირველ საკითხთან დაკავშირებით სხდომა დახურულიყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქტიურობდნენ და შეიძლება იმაზე, რომ მხოლოდ პირველ საკითხზე იყო დახურული სხდომა, თქვენ არ მიგიქცევიათ ყურადღება. დარბაზი დაიკეტა, თუმცა პირველი საკითხის განხილვის შემდეგ კარები გაიხსნა და ვისაც უნდოდა სხდომაზე დასწრება, შემოდიოდა“, – ამბობს ამირან ცინცაძე.

 

„ბათუმელებმა“ ამირან დევაძეს ჰკითხა, მის მიერ განსახილველი საკითხი შეიცავდა თუ არა საიდუმლოს მიკუთვნებულ ინფორმაციას. მან კომენტარზე უარი განაცხადა.

 

საკითხი, რის გამოც 3 აპრილს სხდომა დახურეს, დღის წესრიგში ასე იყო ჩამოყალიბებული: „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტი“. იმავე საკითხზე ქედის საკრებულომ ჯერ კიდევ 27 მარტს ღია სხდომაზე იმსჯელა. გარდა ამისა, „ბათუმელებისთვის“ 3 აპრილსვე, სხდომის დაწყებამდე, გახდა ცნობილი სხდომის დახურვის სხვა მიზეზიც – საკრებულოს მმართველ გუნდს ამ გზით სურდა „დაესაჯა“ „ბათუმელები“, რომელმაც წინა დღეებში რამდენიმე მათგანის თხოვნა არ გაითვალისწინა და მაინც გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გურამ ანანიძისა და დეპუტატის დაპირისპირება იყო ასახული. „ბათუმელებმა“ ამ გარემოებაზეც ჰკითხა ამირან ცინცაძეს:

 

„პირველად, როცა მოხდა ამ საკითხის სხდომაზე განხილვა, მაშინ საკითხი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე გადიოდა განსახილველად, შემდგომ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ამ საკითხს ამზადებდა, საჭიროდ მიიჩნია, იქ რაღაც ნიუანსები იყო ფორმასთან დაკავშირებით, რაც დეპუტატებს შორის უნდა გადაწყვეტილიყო და მის მიერ იქნა ეს საკითხი დაყენებული, რომელიც სხვებმაც გაიზიარეს და სხდომა დაიხურა. კანონდარღვევა არ ყოფილა, საკრებულოს უფლება აქვს, საკითხთან დაკავშირებით დახურულ სხდომაზე იმსჯელოს. მე მოხარული ვიქნები, ნებისმიერი სხდომას დაესწროთ და გააშუქოთ“.

 

დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარებას, კონკრეტულად ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა ქედის საკრებულოს წევრებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ მათი აზრით, როცა მოესურვებათ, მაშინ დახურავენ სხდომას. სინამდვილეში კი არსებობს წინასწარ გაწერილი ნორმები, რითაც საკრებულომ მუშაობის დროს უნდა იხელმძღვანელოს. არადა, საკრებულოს სხდომის დახურვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე განსახილველი საკითხი შეიცავს: პერსონალურ, კომერციულ, სახელმწიფო ან პროფესიულ საიდუმლოს.

 

რა გამოცდილება აქვთ ქედის საკრებულოს წევრებს ან ჰქონდა თუ არა რაიმე ინიციატივა თითოეულ მათგანს თითქმის ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში? „საკრებულო როგორც საჭიროა მუშაობს, თუმცა შესაძლოა ბევრი რამ იყოს დასახვეწი, რასაც ნელ-ნელა ვისწავლით“, – ამბობს ამირან ცინცაძე.

 

ამირან ცინცაძის თქმით, საკრებულოში ყველაზე ხშირად ინიცირება სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს ამირან დევაძეს შეაქვს.

ზებურ დევაძე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია პირველ მაისის თემში. როგორც ის ამბობს, საკრებულოს ინიცირებით რამდენჯერმე მიმართა და მისი მოთხოვნილი საკითხები დადებითად გადაწყდა.

 

„როცა მოსახლეობასთან მივდივარ და მოითხოვენ რაღაცის გაკეთებას, მათ მოთხოვნას საკრებულოს წინაშე წამოვაყენებ, რამდენჯერმე გაიზიარეს ჩემი მოთხოვნა, მაგალითად, წერილობით მივმართე გამგეობას სოფელ აგარაში სპორტული მოედნის მოსაწყობად, სოფელ პირველ მაისში სკოლის ეზო, კოლოტაურში კი კლუბის შენობა მოწესრიგებულიყო, რაც გაკეთდა“, – ამბობს ზებურ დევაძე.

რომან დავითაძე, რომელსაც საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიცია უკავია, ამბობს, რომ საკრებულოსთვის ინიცირებით ჯერ არ მიუმართავს. „ამ ეტაპზე ერთ საკითხზე ვმუშაობ, რომლის წარდგენასაც უახლოეს პერიოდში ვგეგმავ“, – აცხადებს რომან დავითაძე.

 

საკუთარი ინიცირება საკრებულოს არც „დემოკრატიული მოძრაობის“ ფრაქციას წარუდგენია. ფრაქციის თავმჯდომარე ჯამბულ სურმანიძე ამბობს, რომ საკითხს ამზადებენ. ეს ფრაქცია ქედის საკრებულოში სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი.

 

საკრებულოსთვის ინიცირება არ წარუდგენია ნოდარ ძნელაძესაც. სხვა წევრები – ხასან აბაშიძე (საკრებულოს ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე), რომან ბედინაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები და კონსერვატორების“ თავმჯდომარე) და ამირან დევაძე (სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე) ამბობენ, რომ არაერთი ინიცირება ჰქონიათ. თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ იხსენებს, რა საკითხებით მიმართეს საკრებულოს.

 

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რაინდი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ინიცირებით გამგეობას მიმართავს, გამგეობას კი საკითხი განსახილველად სხდომაზე გააქვს. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მისი მოთხოვნით ხარაულას საჯარო სკოლას სახელმძღვანელოები შეუძინეს, კოკოტაურის სკოლის ეზო კი, კეთილმოეწყო.

 

„როცა საკითხი ფინანსურ ვალდებულებას ეხება, საკრებულოს არ აქვს უფლება იყოს ინიციატორი, ამიტომ ინიცირებას ვაკეთებთ გამგეობაში და გამგეობას შემოაქვს საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. პირდაპირ საკრებულოში ინიცირება რთულია“, – ამბობს რაინდი ლორთქიფანიძე.

 

საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი ფრაქციის გარდა საკრებულოს არც ერთ დეპუტატს საკრებულოში ინიცირება არ შეუტანია. ფრაქციის თავმჯდომარე და ქედის ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ოთხი საკითხიდან, რაც პირადად მას ჰქონდა ინიცირებული, საკრებულოს არც ერთი არ გადაუწყვეტია:

 

„ბოლო ინიცირება გასულ კვირას შევიტანე, რაც საქართველოს პრემიერისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიმართვას ითვალისწინებს – მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას მოვითხოვ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხზე საკრებულო. რაც შეეხება მანამდე შეტანილ ინიცირებას, რითაც ფრაქციის მუშაობის გაუმჯობესებისთვის შტატების დამატებას, მრავალშვილიან, სოციალურად დაცველი ოჯახებისთვის წელიწადში 2 000 ლარით დახმარებას, ღარათის წყალსადენის მშენებლობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნას, მოსახლეობისთვის მიწების გაფორმებას მოვითხოვდი, არ დაკმაყოფილდა“.

 

კიდევ ერთი კითხვა, რისი დასმის აუცილებლობაც „ბათუმელებმა“ ბოლო დროს ქედის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებიდან გამომდინარე მიიჩნია საჭიროდ, დეპუტატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარებას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ განმარტა: „ყოველ ექვს თვეში სჭირდება განახლება, დეპუტატების ნახევარს ექნება ნარკოლოგიური შემოწმება. ნარკოლოგიური შემოწმება ნაწილს გავლილი აქვს, ნაწილს – არა. მე გავლილი მაქვს, ყველას მოეთხოვება, თუმცა არის მიზეზი, რომ ვერ მოიტანეს, ზოგიერთი ბათუმში ვერ ჩავიდა, ამას თანხაც სჭირდება და არის შემაფერხებელი ფაქტორები, თუმცა თვის ბოლომდე ყველას ექნება წარმოდგენილი ნარკოლოგიური ცნობა“.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: