მთიანი აჭარა

ვის ერგება უფასო სადილი

05.02.2015 • 1942
ვის ერგება უფასო სადილი

 

ემინე აბულაძე
ემინე აბულაძე

აბულაძეების ორსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათი შემოსავალი საარსებო შემწეობა და ემინეს ქმრის – ედნარ აბულაძის ავადმყოფობის (მეორე ჯგუფი) პენსიაა. ემინე აბულაძე ყოველდღიურად ერთჯერადად ხულოს უფასო მუნიციპალურ სასადილოში იკვებება, მისი ქმარი ედნარი კი სადილს ვერ იღებს.

 

„ჩემი ქმარი ავადმყოფია, პენსია აქვს, მაგრამ რამდენიმე თვე ვერ ავიღებ, კრედიტი მაქვს გამოტანილი. სასადილოს გახსნის დღიდან უფასო სასადილოში მხოლოდ მე ვიკვებები. გამგეობას ვთხოვე ჩემი ქმარიც ჩაერთოთ და სადილი უფასოდ მიეცათ, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ ჩასვეს“, – ამბობს ემინე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი მევლუდ წულუკიძე კი საპირისპიროს, ანუ იმას ამტკიცებს, რომ უფასო სადილის მოთხოვნაზე მოქალაქეებს უარს არ ეუბნებიან და ყველას სთავაზობენ სადილს, თუ პირი პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს – ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აჭარბებს.

 

„უფასო სადილის მიღებაზე უარი არავისთვის გვითქვამს. მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარები ძირითადად დაბის მცხოვრებლები არიან, 40 ბენეფიციარი გვყავს. ქალბატონ ემინეს ქმრის კვებასთან დაკავშირებით ჩვენთვის არ მოუმართავს, თუ მოგვმართავს, ჩავსვამთ პროგრამაში“, – ამბობს მევლუდ წულუკიძე.

ხულოს უფასო სასადილოსთან შედარებით 13-ით ნაკლები ბენეფიციარი ჰყავს ქედის მუნიციპალურ სასადილოს. მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა უფასო სასადილოს პროგრამაში მოსარგებლეთა ასაკი გაწერილი არ არის, უფასო სადილით აქ მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები სარგებლობენ. ქედის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარი ნაზი ჯაბნიძე ამბობს, რომ შვილიშვილისთვის უფასო სადილი ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ნაზის თქმით, უარის მიზეზი ბავშვის ასაკია.

 

„შვილიშვილი მე-6 კლასშია, ვითხოვე მისთვისაც მიეცათ საჭმელი, მაგრამ მითხრეს პატარაა და არ შეიძლებაო. ოჯახიდან მე დავდივარ მხოლოდ, ჩემი გოგო დამლაგებლად მუშაობს, 100 ლარი აქვს ხელფასი. ნეტა რომ ვთხოვო, მას არ ჩასვამენ?“ – აინტერესებს ნაზის.
ქედაში მუნიციპალურ სასადილოს 26 ბენეფიციარი ჰყავს, უფასო სადილს აქ, ძირითადად, ოჯახის ერთი ან ორი წევრი იღებს. მოსარგებლეები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ მათი ოჯახის სხვა წევრებიც ჩაერთვებიან პროგრამაში. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ განცხადებით ამის თაობაზე გამგეობისთვის არ მიუმართავთ, რადგან იციან, რომ ოჯახის ყველა წევრი ვერ ჩაერთვება პროგრამაში.
„ოჯახიდან მარტო მე დავდივარ, ოჯახის სხვა წევრებიც რომ სადილობდნენ კარგი იქნება. არავის უთქვამს, რომ შეიძლებოდა მათაც აქ ესადილათ“, – ამბობს ჯემალ ბასილაძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის ინფორმაციით, უფასო სადილს სოციალურად დაუცველი ყველა ის მოქალაქე იღებს, ვინც მოითხოვა და დასძენს, რომ დამატებით კიდევ ერთი ბენეფიციარის მიღების უფლება აქვთ.
„პროგრამას იმის მიხედვით ვადგენთ, რამდენი მოქალაქეც მოგვმართავს სადილის მოთხოვნით. 26-მა ბენეფიციარმა მოგვმართა და პროგრამა 26 მოსარგებლეზე შევიმუშავეთ, მათგან ერთი მოსარგებლე საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა და დამატებით ერთი მოქალაქის ჩართვა შეგვიძლია. აქვე აღვნიშნავ, ვინც მოგვმართა განცხადებით ყველა მივიღეთ, არსად არ წერია, რომ ოჯახიდან ერთმა ან ორმა უნდა მიიღოს სადილი, პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია ოჯახი სოციალურად დაუცველი იყოს, არ არის გათვლილი ასაკობრივი ზღვარი. უბრალოდ, ბავშვებს პროგრამაში არ ვრთავთ“, – ამბობს დავით თედორაძე.

 

ასაკობრივი ზღვარი არც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებულ პროგრამაშია, თუმცა აქ ქედისგან განსხვავებით, როგორც გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, უფასო სადილს სამი მოსწავლე იღებს. მისი თქმით, პროგრამაში მხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს იმის გამო ვერ იღებენ, რომ ექვს წლამდე ბავშვს სპეციალური საკვები სჭირდება.
„უფასო სადილის მიღების მოთხოვნით, ძირითადად, დაბიდან და ახლოს მდებარე სოფლებიდან მოგვმართავენ. პროგრამაში მიმღებ ბენეფიციართა ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს გათვალისწინებული, თუმცა თუ ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა, მას ვერ მივიღებთ, რადგან სპეციალური საკვები სჭირდება. 42 მოსარგებლე გვყავს, აქედან სამი სკოლის მოსწავლეა, ვინც მოგვმართა, მივიღეთ. თუ იქნება თხოვნა სადილის მიღებაზე, შეგვიძლია მივიღოთ დამატებით, რადგან ტენდერის ხარჯზე 13 000 ლარის ეკონომია დაგვრჩა“, – განაცხადა ზაზა ზოიძემ.

 

ქედის, ხულოსა და შუახევის უფასო მუნიციპალურ სასადილოებში თითქმის ერთნაირი მენიუ აქვთ. ბორშჩი საქონლის ხორცით, ბრინჯის ტკბილი ფაფა, წვნიანი ხორცის გუფთებით, მოხარშული ვერმიშელი წვნიანი ბარდით, ხარჩო, მაკარონის ფაფა, ხაშლამა, მანიქაში, მაკარონი – ეს იმ კერძების ჩამონათვალია, რასაც აჭარის მაღალმთიანეთში სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთი, ორი, ან მაქსიმუმ სამი წევრი იღებს.

 

მაგრამ არსებობს სხვა ტიპის სხვაობა, მაგალითად, თუ ხულოში ერთ ბენეფიციარს 200 გრამ პურს სთავაზობენ, ქედაში ოდენობა 30 გრამით გაზრდილია. პურის მიწოდებაში ყველაზე გულუხვი შუახევის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა, შუახევის უფასო სასადილოში ერთ ბენეფიციარზე 250 გრამი პურია გათვლილი. ზემოთ ჩამოთვლილი კერძების გარდა, ბენეფიციარებისთვის კვირაში ერთხელ თევზია გათვალისწინებული. გარდა თევზისა, კვირაში ერთხელ იღებენ ერთ კვერცხს ქედისა და შუახევის უფასო სასადილოს ბენეფიციარები, ხულოს უფასო სასადილოს მენიუში კვერცხი გათვლილი არ არის.

 

ქედის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარი ჯემალ ბასილაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც ვაშლს, ან სხვა ხილს და ლიმონათს შეიტანენ მენიუში.

 

დავით თედორაძე მენიუსთან დაკავშირებით განმარტავს: „ეს მენიუ 2005 წლიდან მოდის, მას შემდეგ ცოტა გავაუმჯობესეთ. მენიუ ინდივიდუალურია, ვერ იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის ერთნაირი, ზოგი მეტს ხარჯავს, ზოგი – ნაკლებს. ერთგან თუ პური მეტია, სხვა რამე იქნება ნაკლები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: