მთიანი აჭარა

ინტერნეტი – ფუფუნება სოფელში

13.12.2014 • 3108
ინტერნეტი – ფუფუნება სოფელში

 

ინტერნეტკაფეში ბიჭი ამაოდ ცდილობს ვებგვერდის გახსნას
ინტერნეტკაფეში ბიჭი ამაოდ ცდილობს ვებგვერდის გახსნას

თამაზ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ სამ თანასოფლელ ოჯახთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ზედა ვაკე“ ჩამოაყალიბა. მათი მიზანი დიდაჭარაში წარმოებული რძის ადგილზე გადამუშავებაა. კოოპერატივს მუშაობისთვის რძის გადამამუშავებელი სპეციალური დანადგარი სჭირდება, რომელიც ძვირია, ამიტომ დაფინანსების მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უცხოურ ორგანიზაციებს პროექტი წარუდგინა და როგორც თამაზი ამბობს, მათთან მუდმივ კონტაქტშია, შეტყობინებებს იღებს და გზავნის კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ თამაზს ინტერნეტით სარგებლობა თვეში 35 ლარი უჯდება, ამბობს, რომ სრულყოფილ მომსახურებას მაინც ვერ იღებს.

 

აჭარის მაღალმთიანეთში ინტერნეტთან წვდომა ძირითადად მხოლოდ იმას აქვს, ვისთვისაც ინტერნეტი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ამ კატეგორიას სტუდენტები, პედაგოგები, ექიმები და საჯარო მოხელეები წარმოადგენენ. რიგ სამსახურში ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას მომსახურე პერსონალი საკუთარი ხელფასით  უზრულველყოფს, ზოგან კი სახელმწიფო რესურსი იხარჯება.

 

ინტერნეტი აუცილებელია ამბულატორიის ექიმებისთვის, რადგან ისინი ყოველთვიურ ანგარიშებს ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის გამგეობებს უგზავნიან. ექიმები ინტერნეტით სარგებლობისთვის თანხას საკუთარი ჯიბიდან იღებენ, მეტიც, რადგან ამბულატორიები არ არის აღჭურვილი კომპიუტერით, როგორ ან რანაირად მოახერხებს ოჯახის ექიმი დოკუმენტაციის ელექტრონულ მოწესრიგებასა და გაგზავნას, ამაზე ექიმმა თავად უნდა იზრუნოს. 

 

ინგა აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის ამბულატორიაში მუშაობს. მას ინტერნეტი ყოველდღიურად სჭირდება, ამისთვის კი ხელფასიდან 25-50 ლარს ხარჯავს. „ჯეოსელის მოდემს ვიყენებთ და საკმაოდ ძვირი მიჯდება, თვეში 50 ლარიც დამიხარჯავს“, – ამბობს ინგა.

 

 

ქედაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების დაბებში არც ინტერნეტკაფეებია. ინტერნეტკაფე მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში, საპატრიარქოს  ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარედ გია ბერიძეს აქვს გახსნილი. თუმცა, ერთი კვირაა ინტერნეტი აქ არ არის, რადგან დავალიანების გამო მფლობელმა ინტერნეტმომსახურება დროებით შეაჩერა. გია ამბობს, რომ მომხმარებლისთვის ინტერნეტის მიწოდება ძვირი უჯდება.

 

„15 გიგაბაიტს 80 ლარად ვყიდულობდი და მომხმარებელს კარგ ინტერნეტს ვთავაზობდი, 1 საათით სარგებლობის ტარიფი 1 ლარი იყო. ინტერნეტმა ფაქტობრივად მოგება აღარ დამიტოვა და დროებით შევაჩერე. წინა წლებში სტუდენტების რაოდენობაც ბევრი, შესაბამისად, მოთხოვნაც მეტი იყო. წელს სტუდენტების, ახალგაზრდების რაოდენობა მცირდება, უნივერსიტეტიც აღიჭურვა ინტერნეტით და ეს ყველაფერი ჩემს მომხმარებელზეც აისახა, მხოლოდ ქსეროსს ვამუშავებ კაფეში“, – ამბობს გია.

 

 

თამარი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. ის ხიჭაურის უნივერსიტეტის მაგისტრია, მას ინტერნეტი თემების დამუშავებაში სჭირდება. თამარი „მაგთის“ მოდემით სარგებლობს და თვეში 30 ლარს იხდის. „ჟურნალისტიკას ვსწავლობ, ჩემთვის ყველა ახალი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 30 ლარი სოფლისთვის დიდი თანხაა და მიუხედავად იმისა, რომ ფულს ვიხდი, ფილმებს ვერ ნახავ, შეიძლება არც გახსნას და მეგაბაიტებიც ბევრი იხარჯება, სოფლებში გაყავთ ინტერნეტის ხაზები, თუმცა ჩემს სოფელში არ გაუყვანიათ“, – ამბობს თამარ სურმანიძე.

 

 

მუნიციპალიტეტების გამგეობები, რესურსცენტრები და საჯარო სკოლები სხვადასხვა სახის ინტერნეტს იყენებენ. ინტერნეტის მიწოდება აქ იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულ სოფელში რომელ მობილურ ქსელს აქვს კარგი სიხშირე. აჭარის მაღალმთიანეთის სკოლებში ინტერნეტი მხოლოდ საბაზო და საშუალო სკოლებშია ხელმისაწვდომი, დაწყებითი კლასების სკოლებში თითქმის არ არის ინტერნეტი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების თვითმმართველ ორგანოებს, ქედაში „დელტანეტით“ სარგებლობენ, ხულოსა და შუახევის თვითმმართველობები კი – „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მოდემებით. საჯარო სკოლებში „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ ინტერნეტია, მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა (ინწკირვეთის, ჟანივრისა და  ნაღვარევის) ინტერნეტთან წვდომას სატელიტური თეფშით ახდენს.

 

„ინტერნეტთან მუდმივად გვაქვს შეხება, სკოლებისთვის აუცილებელია, რადგან ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ვართ გადასული, დოკუმენტბრუნვა ელექტრონულად მიმდინარეობს. სკოლებში გვაქვს ინტერნეტი, თუმცა არის გარკვეული პრობლემებიც ამ კუთხით, არის სოფლები, სადაც მობილურსაც კი უჭირს“, – ამბობს შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე.

 

 

„რესურსცენტრში „ოპტიკა“ ინტერნეტი გვაქვს, სკოლებში უმეტესად მაგთის „ჰუავეის“ მოდემის ინტერნეტია, სამ საჯარო სკოლას ინტერნეტი მაგთის სატელიტური თეფშით მიეწოდება, თუმცა ამ სახის ინტერნეტის სიხშირე ამინდზეა დამოკიდებული, ამინდის ცვალებადობისას იცვლება და წვიმასა და თოვლში უჭირს“, – ამბობს შუახევის რესურსცენტრის ერთ-ერთი სპეციალისტი ჯაბა ქარცივაძე.

 

სოფელი ნაღვარევი შუახევის მუნიციპალურ ცენტრს 34 კილომეტრითაა დაშორებული. აქ ხშირად მობულური კავშირის სიხშირეც დაბალია, ამიტომაც ნაღვარევის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ქათამაძე ამბობს, რომ არაერთხელ ჩასულა რესურსცენტრში დოკუმენტების წარსადგენად, რადგან ინტერნეტით ვერ შეძლო მისი გადაგზავნა.

 

„ახლა ვზივარ და ველოდები ინტერნეტის სიხშირის მომატებას, რომ დოკუმენტაცია გადავაგზავნო, ერთი გვერდი ინფორმაციის გაგზავნას მინიმუმ 20 წუთი სჭირდება. აქ მობილურ კავშირსაც კი უჭირს. ვიცით, სადაც იჭერს მობილური და როდესაც შეტყობინება შემოგვდის, გამოტოვებული ზარის სახით, ჩვენ ვუკავშირდებით მათ, ვინც გვირეკავდა. ეს პრობლემა ხუთ სოფელს აქვს, არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, მაგთისა და ჯეოსელის კომპანიებს, მიმღები ანძა დაეყენებინათ, რატომღაც ვერ მოგვარდა პრობლემა. შედარებით „ჯეოსელი“ იჭერს, ჩემი ფინანსებით ჯეომოდემი ვიყიდე და საერთოდ ვერ ვისარგებლე“, – ამბობს სკოლის დირექტორი მერაბ ქათამაძე.

 

„ხულო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია, შესაბამისად, ინტერნეტი ისეთივე სწრაფი არ არის, როგორც ქალაქში, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ დოკუმენტაციის წარმოებაში პრობლემა არ შეგვექმნას. საბაზო და საშუალო სკოლებში ყველა მოსწავლეს მიუწვდება ხელი ინტერნეტთან, რაც შეეხება დაწყებითი კლასების სკოლებს, უმეტესი ახალაშენებულია და კომუნიკაციები ახლა შეგვყავს“, – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე.

კომპანია „დელტა-კომმა“ ბოჭკოვანი ინტერნეტის მაგისტრალის გაყვანა ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გასულ წლებში დაიწყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ალავიძე აცხადებს, რომ მაგისტრალზე მუშაობა დასრულებულია, რაც შეეხება ინტერნეტის დაფარვას, მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების დაბალი ზონის სოფლების დაფარვა მოხდება, სამომავლოდ კი კომპანია აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებსაც მოიცავს.

 

„მოსახლეობას ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს ვთავაზობთ. პირველ ეტაპზე სკოლებსა და მუნიციპალიტეტების გამგეობებს ვრთავთ, ქობულეთსა და ბათუმის შემოგარენში ვმუშაობთ. შესაძლებელია წელს დავიწყოთ ხაზის გაყვანა დაბა ხელვაჩაურსა და დაბასთან ახლო მდებარე სოფლებში, ინტერნეტი გავიყვანეთ გონიოსა და კვარიათში, ახალსოფელში ახლა ვაპირებთ შესვლას. რაც შეეხება აჭარის მაღალმთიანეთს, მაგისტრალი გაყვანილია, მოსახლეობის ჩართვას მომავალი წლიდან დავიწყებთ და ეს იქნება ისეთივე კარგი ხარისხის ინტერნეტი, როგორიც ბათუმშია. სოფლის მოსახლეობის მთლიანი ჩართვა, ეს მათ მოთხოვნაზეც არის დამოკიდებული“, – ამბობს გიორგი ალავიძე.

 

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის ხაზი (ბოჭკოვანი ინტერნეტი) კომპანია „სილქნეტსაც“ გაჰყავს. კომპანიის ინჟინერი კოტე გოთუა ამბობს, რომ კომპანიას აქვს სტრატეგიული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა, თუმცა გეგმაში არ არის გაწერილი, კონკრეტული სოფლები ინტერნეტით როდის დაიფარება. „გრძელვადიანი სტრატეგიით მთელი საქართველო უნდა დავფაროთ როგორც ინტერნეტით, ასევე სხვა კომუნიკაციებით. რაც შეეხება აჭარის მაღალმთიანეთს, ამ ეტაპზე სოფლების გავლით ინტერნეტის მაგისტრალი გაგვყავს, მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, შემდეგ დაიწყება სოფლების დაფარვა, თუმცა საბოლოოდ შერჩეული არ არის, რა ტექნოლოგიით იქნება ჩართული მომსახურება და როდის. რაც შეეხება არსებულ ინტერნეტს, აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც ისეთივე სიხშირის ინტერნეტს მივაწოდებთ მომხმარებელს, როგორიც ბათუმშია“ – ამბობს კოტე გოთუა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: