მთიანი აჭარა

ტურიზმი და პრობლემები გომარდულში

03.02.2014 • 2229
ტურიზმი და პრობლემები გომარდულში

 

 

რამაზ მსახურაძეს, სხვა აუქციონერებთან ერთად, გომარდულში 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად მიყიდა. მიწის ახალ მესაკუთრეებს ერთადერთი ვალდებულება ჰქონდათ: 2013 წლის ბოლომდე ტერიტორიაზე მილიონ-ნახევრის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ, ათი კოტეჯის ასაშენებლად. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ბიზნესმენებმა ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს _ ტერიტორიაზე ერთსართულიანი ათი კოტეჯის ნაცვლად ხუთი ორსართულიანი კოტეჯი ააშენეს.

 

ბიზნესმენები ტერიტორიაზე კიდევ ხუთი კოტეჯის ასაშენებლად ვადის სამი წლით გაგრძელებას ითხოვენ სახელმწიფოსგან. ბიზნესმენებს სახელმწიფოს ვალიც აქვთ _ მიწის გადასახადი, 130 ათასი ლარი, რასაც ასევე ვერ იხდიან. შესაბამისად, სახელმწიფომ მათ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო.

 

კოტეჯების მფლობელები გომარდულში მშენებლობისთვის გაღებული ხარჯების გადახდასაც ვერ ახერხებენ. როგორც ბიზნესმენი რამაზ მსახურაძე ამბობს, აუქციონერებს ვალი აქვთ როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე სამშენებლო მასალების.

 

რამაზ მსახურაძე სახელმწიფოს გადასახადისგან გათავისუფლებას სთხოვს: „ახლა კოტეჯებს ვარეგისტრირებთ, რომ სესხი გამოვიტანოთ და ვალების დაფარვა მოვახერხოთ, ასევე ვაპირებთ აღებული ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ამისთვის დამატებით სამი წელი მაინც გვინდა. ეკონომიკის სამინისტრო გვთხოვს დავუსახელოთ, ვადის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ რა დამატებით სამუშაოებს შევასრულებთ, ახლა ვმუშაობთ პროექტზე და ვიმედოვნებ შევთანხმდებით, მაგრამ უფულოდ ვერაფერს გავაკეთებთ, ჯერ სესხი უნდა ავიღოთ… იქნებ საინვესტიციო ფონდიც დაგვეხმაროს“.

 

როგორც აუქციონერი ამბობს, ვალდებულებების შესასრულებლად დაახლოებით 500-600 ათასი ლარი სჭირდებათ. რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ სოფელ გომარდულში კოტეჯების მშენებლობით ბიზნესმენებმა მოგება ვერ ნახეს. სოფელში წყლის მიწოდების პრობლემაც არის, სოფელთან მისასვლელი გზა კი მოუწესრიგებელია.

 

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ბათუმი ახალციხის გზატკეცილიდან გომარდული რვა კილომეტრშია. ამ გზის მოასფალტებისთვის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტი არ აქვს“.

 

გომარდულზე სათხილამურო კურორტის აშენების იდეა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ბოლო სეზონამდე კოტეჯების მფლობელები დამსვენებლის ნაკლებობას არ უჩიოდნენ.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, 21 დეკემბრიდან 23 იანვრამდე გომარდულში 150 ვიზიტორი იმყოფებოდა.

სოფელი

სოფელი გომარდული შუახევის რაიონში, ბათუმიდან 74 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1.250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს; ბათუმის ავტოსადგურიდან გომარდულში ყოველდღე მიკროავტობუსი მოძრაობს, მგზავრობის ფასი 6 ლარია. შუახევის ცენტრიდან სოფელში ასვლა ტაქსით, საშუალოდ, 40-50 ლარი ღირს. კოტეჯებში დასვენების ფასი კი ასეთია _ ერთი დღე სამჯერადი კვებით 50 ლარი, კვების გარეშე _ 35 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროში დასვენება სამჯერადი კვებით 35 ლარად, კვების გარეშე კი 20 ლარად შეიძლება.

 

ტურისტულ სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, თხევად აირს კი, როგორც ამბობენ, დაბალი ტემპერატურის დროს ვერ იყენებენ. გომარდულში ძირითადად შეშისა და ელექტროღუმელით სარგებლობენ. სოფელში სათხილამურო ბილიკი და 250-მეტრიანი საბაგირო გზა ფუნქციონირებს, ეს იმ შემთხვევაში, თუ სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ წლამდე და მას შემდეგაც სოფელში ელექტროენერგია თითქმის ყოველდღე ითიშება.

 

„ვისაც გენერატორი აქვს, ის ამუშავებს, მაგრამ მე და ჩემს მეზობლებს, ვინც ოთახებს ვაქირავებთ, გენერატორი არ გვაქვს“, _ ამბობს „ბათუმელებთან“ ნაზიბროლა ჭაღალიძე. მისი მეზობლის პრობლემების ჩამონათვალი კი ასეთია: „შიდა სასოფლო გზები გაუწმენდავია, დიდი თოვლის დროს მძიმე ტექნიკა მხოლოდ სოფელთან მისასვლელ გზას წმენდს; როგორც ჩანს, მოძველებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც ყოველდღე ელექტროენერგია გვეთიშება, ამის გამო სოფელში მოსული ტურისტები გარბიან“.

 

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამ პრობლემებსაც უძებნის ახსნას: „როცა ქარბუქია, ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები ზიანდება, რადგან სისტემა ძველი და გამოსაცვლელია; მთავარია, სოფელს ელექტროენერგია დროულად მიეწოდება“.

 

 

გომარდული

გადაბეჭდვის წესი