მთიანი აჭარა

სასკოლო ოლიმპიადების მოტივაციას ზრდის

28.12.2012 • 2640
სასკოლო ოლიმპიადების მოტივაციას ზრდის

ლელა დუმბაძე


რატომ განსხვავდება სკოლისა და ილიმპიადის დონეები ერთმანეთისგან

სკოლის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადები დაიწყო. წელს ოლიმპიადას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ორგანიზებას ორგანიზაცია „კინგ’ს-ი იუწევს. პირველი ოლიმპიადა „კინგს“-მა გასულ წელს ჩაატარა, რომლის მხარდამჭერი სპორტისა და ახალაგზრდულ საქმეთა სამინისტრო იყო, ინტელექტუალურ მხარდაჭერას კი საერთაშორისო სკოლა „ბრითიშ ქონექშენი“ უწევდა.

 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ინგლისური ენის ოლიმპიადას მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, მასში გასულ წელს 12 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა: „ამიტომ „ქინგსმა“ გადაწყვიტა, რომ წელსაც ჩაგვეტარებინა ოლიმპიადა. წელს შევთავაზეთ ორი პროექტი:King’s English და King’s Math.“-ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი კვინიკაძე.
რა პრინციპით ადგენენ ოლიმპიადის ტესტებს?

 

„ქინგსის“ მიერ მოწოდებული განმარტებების მიხედვით, ოლიმპიადის ტესტებს ლონდონის ინგლისური ენის სკოლა ადგენს: „აღნიშნული ტესტები შეთავსებადია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დადგენილ სასწავლო გეგმასთან“. თუმცა, როგორც გასული წლის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, ოლიმპიადის ტესტების დონე გაცილებით მაღალია სკოლის პროგრამაში გათვალისწინებულ დონეზე. `„ენაში პირველი კლასიდან რეპეტიტორებთან ვემზადები, მხოლოდ სკოლის დონით შეუძლებელია ოლიმპიადის ტესტების დაძლევა“ – გვითხრა მაშინ პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მოსწავლემ, ანა რამიშვილმა.

 

„რა თქმა უნდა მხოლოდ სასკოლო დონის შესაბამისად ვერ დაიწერება ოლიმპიადის ტესტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიჭიერ ბავშვებს ვერ გამოვავლენთ“ _ აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათივე თქმით, მოსწავლეების აქტივობამ გასულ წელთან შედარებით იკლო, რასაც „კინგსის“ წარმომადგენლები არ უკავშირებენ ოლიმპიადაში მონაწილეობის ხარჯებს. პირველ ტურში მონაწილეობა არის უფასო, მეორე ტურში გადასული მოსწავლეები კი იხდიან 15 ლარს. დასკვნითი ტური ტარდება თბილისში, რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული. „წელსაც იგივე იქნება გადასახადი, პირველი ტური იმიტომ არის უფასო, რომ ბავშვებმა გააანალიზონ ოლიმპიადის დონე და განსაზღვრონ, უღირთ თუ არა შემდგომ ეტაპში მონაწილეობა. ფინალის ხარჯებიც გავითვალისწინეთ, ამიტომ თბილისის გარდა მესამე ტური ჩატარდება ქუთაისშიც“.

 

როგორც სკოლის მასწავლებლები ამბობენ, სასკოლო პროგრამა ზოგადი უნარ-ჩვევების სწავლებას არ ითვალისწინებს, ოლიმპიადის ტესტების მესამე ეტაპი კი სწორედ უნარ-ჩვევებზე გათვლილი ამოცანებით არის შედგენილი.

 

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის თქმით, „სკოლის პროგრამები პირველ და მეორე ტურში უთანაბრდება ოლიმპიადის დონეს, მაგრამ მესამე ტურში არის ისეთი საკითხები, რომელიც საერთოდ არ აქვთ სკოლაში მოსწავლეებს ნასწავლი. ვერ ვეტყვი, რომ ამის გამო სკოლას უფრო მეტი მოეთხოვება, ეს ალბათ გათვლილია მოსწავლის ინდივიდუალურ მუშაობაზე, დამატებით განათლებაზე. ფაქტია, რომ ოლიმპიადები მშობლებისა და მოსწავლეების მოტივაციას ზრდის. ჩვენი სკოლიდანაც ბევრი მონაწილეობს და გვყავდა გამარჯვებულებიც“.

 

მედეა გვენეტაძის თქმით, უნარ-ჩვევები ცალკე არ ისწავლება, „სასკოლო პროგრამაში შეიძლება მართლაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, შეიძლება მართლა ვერ სწვდება, იმას რასაც თანამედროვე სწავლის ბაზარი მოითხოვს, არის რაღაც დეტალები შესაცვლელი და იმედი გვაქვს, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება“.

 

 

გადაბეჭდვის წესი