მთიანი აჭარა

არჩევნები ბათუმში – ამომრჩეველი საკუთარი კალმებით, ყალბი პასპორტები და უბნის გარეთ დარჩენილი დამკვირვებლები

08.10.2012 • 1845
არჩევნები  ბათუმში  – ამომრჩეველი საკუთარი კალმებით, ყალბი პასპორტები და უბნის გარეთ დარჩენილი დამკვირვებლები

1 ოქტომბერი. დილის შვიდი საათი. ცესკოსგან აკრედიტირების დამადასტურებელი ბიჯით, ფოტოაპარატითა და დიქტოფონით შეიარაღებული სარჩევნო პროცესის დაკვირვებას #29 საარჩევნო უბნიდან ვიწყებ, რომელიც ბათუმის არქეოლიგიური მუზეუმის შენობაშია განთავსებული. ამ უბანზე საარჩევნო პროცესის დასაწყისშივე კოალიცია „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს პრობლემები იმის გამო შეექმნათ, რომ ცესკოსგან „ბიჯები“ არჩევნების დღემდე ვერ მიიღეს. მათ უბანზე შესვლა ვერ შეძლეს.

 

 

#29 საარჩევნო უბანზე დღის 11 საათამდე ამომრჩეველთა ნაკადი არ წყდება. გარეთ დარჩენილი დამკვირვებლები კი ცდილობენ უსაქმოდ არ დარჩნენ. ორნი _ ნათია და გიორგი უბანზე შესვლამდე ამომრჩეველს შესასვლელთან გამოკრულ სიაში საკუთარი სახელისა და გვარის მოძებნაში ეხმარებიან. 11 საათის შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობა მატულობს და საარჩევნო უბნის შესასვლელთან ხალხმრავლობაა, ამომრჩევლის უმეტესობას უბანზე შესვლისას ხელში კალამი უჭირავს. ამ დრომდე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უბანზე მოსულმა ხუთამდე ამომრჩეველმა ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ სიაში არ აღმოჩნდა. უბანზე მოსულ ამომრჩეველთაგან უმეტესობა კი სიამოვნებით თანხმდება „ამომრველთა ლიგის“ წარმომადგენელს ეგზითპოლით დააფიქსიროს თავისი არჩევანი.

 

გარეთ დარჩენილ დამკვირვებელთა შორისაა 21 წლის თორნიკეც. მან დაკვირვების „ახალი მეთოდი გამოიგონა“ – საარჩევნო უბანზე შესასვლელ კართან, კუთხეში დგას და იქედან ფეხს არ იცვლის, ხელში თეთრი ფურცელი უჭირავს და მასზე იმდენ მინიშნებას აკეთებს, რამდენი ამომრჩეველიც საარჩევნო ყუთში კონვერტის მოთავსებას შეძლებს. თორნიკე ამბობს, რომ მისი სტატისტიკა უზუსტესია და ის სამაგიდო სიებში ხელმოწერათა რაოდენობას აუცილებლად უნდა დაემთხვეს.

 

#30 უბანზე გადავინაცვლე, ეს უბანი საბავშვო ბაღის შენობაში, მეორე სართულზეა განთავსებული. პირველი სართულის ფოიედან გრძელი კიბის ჩათვლით იმ ოთხის შესასვლელამდე, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული მჭიდრო რიგი დგას. ამომრჩეველი რიგში დიდი ხნით დგომის გამო უკმაყოფილოა. მათ შორისაა `ქართული ოცნების~ მაჟორიტარობის კანდიდატი კაკო ძნელაძეც, ის ამომრჩეველს ესაუბრება. შორიახლოს ვჩერდები, ვცდილობ მოვისმინო რაზე საუბრობს მაჟორიტარობის კანდიდატი, რის შემდეგაც ვრწმუნდები, რომ კაკო ძნელაძე აგიტაციას არ ატრებს, ისიც ამ უბანზე აძლევს ხმას და რიგში როგორც ამომრჩეველი დგას. ამ უბანზე იმ დრომდე ვჩერდები, ვიდრე ის უბანს არ დატოვებს.

 

 

ქართული ოცნების რამდენიმე დამკვირვებელი #30 უბანზეც გაერეთ დარჩა, მიზეზი ამ შემთხვეაშიც ცესკოს მიერ ბიჯების დაგვიანებაა. უბნის მიმდებარე ტერიტორია დავათვალიერე, მოპირდაპირე მხარეს ორი ავტომანქანაა გაჩერებული, რომელშიც შევნიშნე ქალები სიებით ხელში, ამომრჩევლთა ნაწილი საარჩევნო უბანზე შესვლამდე სწორედ ამ მანქანებთან მიდის და ორწუთიანი გასაუბრების შემდეგ  საარჩევნო უბანზე ინაცვლებს. ქალები კი, რომლებსაც ცხრილში მოთავსებული ჩამონათვალი კალთებში უდევთ, პერიოდულად მობილურ ტელეფონზე საუბრობენ. მანქანებს ვუახლოვდები და ფოტოების გადაღებას ვიწყებ, ქალები სახეს იფარავენ. ორი მამაკაცი კი მანქანიდან გადმოდის. ისინი ერთდროულად ერთსა და იმავე კითხვებს მიმეორებენ _ვინ ხარ? რატომ გვიღებ? მათ კონტრკითხვებით ვპასუხობ. ვეკითხები რა კონსულტაციებს გადიან მათთან ამომრჩევლები უბანზე შესვლამდე?- ერთი გიორგი გოგმაჩაძედ გამეცნო, რომელმაც მითხრა, რომ ე.წ. კონსულტაციებთან კავშირი არ აქვს და ნათევსავს ელოდება, რომელიც უბანზე ხმის მისაცემადაა შესული. მეორემ _ ირაკლი ბოლქვაძემ კი მითხრა, რომ კოორდინატორია და თავის საქმეს აკეთებს, თან დააკონკრეტა, რომ „ქართულ ოცნებასაც“  ჰყავს თავისი კოორდინატორები და „ ეს დარღვევა არ არის.“

 

 

დაახლებით ერთი საათი ამ მანქანების შორი-ახლოს ვტრილებ. ამ დროს მანქანებთან არც ერთი ამომრჩეველი არ მოდის, შიგ მსხდომი ქალბატონები კი გაბმულდ საუბრობდნენ მობილურ ტელეფონებზე, სიების დამალვა არც უცდიათ. ჩემთან მათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ –  ფოტოაპარატით არ უნდა დამეფიქსირებინა.

 

 

ფოეში გამოკრული სიის მიხედვით #30 უბანზე 1450 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დამკვირვებლების ინფორმაციით კი, უბანზე მოსული ბიულეტენების რიცხვი 1031-ია, ანუ სრული აქტივობის შემთხვევეში 419 ამომრჩეველი ბიულეტენის გარეშე რჩება. ბიულეტენების ნაკლებობის ფაქტი ბათუმში თითქმის ყველა უბანზე დაფიქსირდა.

 

 

#52 უბანზე ოთახის შუაგულში კამერაა დაყენებული, რომელიც არჩევნების მსვლელობას აფიქსირებს. კამერა უბანზე თავმჯდომარის წინააღმდეგობის მიუხედავად ორგანიზაცია „პატიმრების უფლებების დაცვის ცენტრის“ დამკვირვებელმა ბესო ჭელიძემ დაამონტაჟა. უბანზე შესვლისთანავე ვიგებ, რომ საის დამკვირვებელი საჩივარს წერს, მოქალაქე სერგო ტუსკიას მის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა. მას კი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა. საიას დამკვირვებელმა თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

 

 

დღის სამი საათისთვის რედაქციიდან მეხმიანებიან. „აღმაშენებლის ქუჩაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დაუკავებიათ.“ ინფორმაცის გადასამოწმებლად მივდივარ. აღმაშენებლის ქუჩაზე #20 უბანზე შევდივარ. მშვიდი სიტუაციაა, პრობლემები არ არის. მზად ვარ შეტყობინების სისწორეში ეჭვი შევიტანო, თუმცა იქევე ერთ-ერთი დაკვირვებელის – მერაბ სარჯველაძეს დახმარებით ვიგებ, რომ უბნიდან ცოტა ხნის წინ ოლქის წარმომადგელი „ქართული ოცნებიდან“ ოთარ გურგენაძე პოლიციამ წაიყანა: „ჯერ დოკუმენტები ჩამოართვეს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს და წაიყვენეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს. #21 უბნიდან კი მძღოლი წაიყვანეს, რომელსაც უბანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოჰყავდა.“

 

 

#103 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის შესახებ  sms -ით შემატყობინეს, ადგილზე გასულს ნარინჯისფერ მაისურიანმა ეზოს დამკვირვებელმა მითხრა, რომ ადგილი ჰქონდა კარუსელის დატრიალების მცდელობას: „შევეწინააღმდეგეთ, რის შემდეგაც  იმ „მარშუტკაში“ მსხდომმა ორმა მამაკაცმა, რომელიც ხალხის გადაყვანას უზრუნველყოფდა, გინება დაგვიწყო. მანამდე კი ისიც შევნიშნეთ, რომ „მარშუტკაში“ ფულს არიგებდნენ. ეს ყველაფერი გადავიღეთ, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა, პატრულის გამოძახების შემდეგ კი „მარშუტკა“ წავიდა და ის ხალხიც მას გაჰყვა.“ 

 

 

ჩანაწერთა წიგნის მიხედვით კი ვარკვევ, რომ ამ უბანზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებელმა მაია ინაშვილმა ხმაური და არაორგანიზებულობა გააპროტესტა, მას საიას დაკვირვებელიც დაეთანხმა.“ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამკვირვებლებს საჩივარი არ დაუწერიათ – მათ უბანი არ დატოვეს. მათგან ზოგიერთს კი ინციდენტის შესახებ არც არაფერი გაუგია.

 

 

#29 უბანზე მის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა გოჩა მგელაძესაც. #23 უბანზე კი იგივე მიზეზით ხმის მიცემა ლაშა ბოლქვაძემ, ალექსანდრე ტარიელეძემ, კახა თურმანიძემ და ზაზა მუკბანიანმა ვერ შეძლეს. #17-ე უბანზე დაფიქსირებული საჩივრებით კი ირკვევა, რომ ხმის მიცემის უფლება სხვადასხვა დროს მისულ 10 ამომრჩეველს არ მიეცა. მოქალაქეებმა: თეიმურაზ ტუღუშმა, აკაკი მიქაძემ, რობერტ ესოიანმა, ბესო ხომერიკმა, ირაკლი კეჭაყმაძემ, ზვიად მალაყმაძემ, არტურ მარკოსიანმა, გარსევან ჯორბენაძემ, ზაზა სარიშვილმა, მამუკა თურმანიძემ `ბათუმელებთან~ განაცხადეს, რომ მათი ხმა გააყალბეს – საარჩევნო უბანში მისულებს მათი სახელის და გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.

 

 

სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტები ბათუმში თითქმის ყველა უბანზე დაფიქსირა. გარდა ამისა, თითოეულ საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ოცზე მეტმა ადამიანმა ვერ შეძლო, რომლებიც სიებში არ აღმოჩნდნენ, მათ შორის ბევრმა სიაში საკუთარი სახელის და გვარის ძებნისას გარდაცვლილი ნათესავი აღმოაჩინა.

 

 

19:49 საათისთვის  ბათუმის #29-ე უბანზე ვბრუნდები. ამ დროისთვის 6 საჩივარია დაწერილი. ექვსივე სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტს ეხება. ამ უბანზე დამკვირვებლებმა  გადასატანი ყუთის დაგვიანებით გატანა, საარჩევნო ბიულეტენების ყუის ჩამოხევისა და რეგისტრატორის ხელმოწერის გარეშე გაცემის ფაქტებიც გაასაჩივრეს. 

 

ხემის დათვლის პროცეს #29 საარჩევნო უბანზე ვესწრები. ზუსტად რვა საათსა და 2 წუთზე უბნის თავმჯდომარე მოადგილეს კარის ჩაკეტვის განკარგულებას აძლევს,  კარის გამჭვირვალე მინის უკან რჩებიან თორნიკე და სხვა დამკვირვებლებიც. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად მთვლელების კენჭისყრით გამოვლენამდე თავმჯდომარემ ადმინისტრატორებს გაცემული ბიულეტენების რაოდენობის ხელმოწერებთან შედარება თხოვა. თითოეულმა რამდენჯერმე დათვალა, თუმცა ბალანსი არ შედგა. მეხუთედ დათვლის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ გაცემული ბიულეტების რაოდენობა ორით მეტი იყო ხელმომწერთა რაოდენობზე, კოალიციის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. თავმჯდომარემ გამოსავალი მოძებნა `ორმა რეგისტრატორმა დაწეროს ახსნა-განმარტება, რომ ამომრჩეველს ორი ზედმეტი ბიულეტენი გადააყოლა“.

ხმების დათვლის პროცესი ღამის ოთხის ნახევრამდე გრძელდება, კარის გამჭვირვალე მინის უკან თორნიკე დგას. ის თავის ადგილს საარჩევნო პროცესის დაწყებიდან ხმის დათვლის პროცედურის დასრულებამდე არ ტოვებს. კოალიციის უბანზე მყოფი დამკვირვებელი პერიოდულად მისთვის ფურცელზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას წერს და დაკეტილი კარის მინიდან აჩვენებს. თორნიკე ინფორმაციის მიღებით კმაყოფილია, რასაც მარჯვენა ხელის ცერა თითით ანიშნებს.

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თანამშრომელი ნინო ტავლალაშვილი, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ  „გარდა იმისა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა, რომელიც არჩევნების შედეგზე მოახდენდა გავლენას, ეს არჩევნები 2010 წლის არჩევნებისგან კიდევ იმით განსხვავდებოდა, რომ მათ დაკვირვებლებზე ზეწოლა არ მომხდარა. ეს ყველაფერი ერთად კი ამომჩევლის გააქტიურებამ გამოიწვია. ადამიანები მიხვდნენ იმას, რომ მათ ნაცვლად არჩევანს არავინ გააკეთებს.“

 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი