მთიანი აჭარა

ბავშვებისთვის სახიფათო სკოლა

30.05.2012 • • 1689
ბავშვებისთვის სახიფათო სკოლა

ავტორი: ეთერ თურაძე

კლასებში ყველაფერი მოძრაობს – იატაკი, კედლები, მერხები და დაფაც კი. გეჩვენება, რომ სადაცაა ფეხქვეშ იატაკი გამოგეცლება. კლასები ცარიელია, ბავშვები სკოლის ეზოში ფრენბურთს თამაშობენ და იმიტომ. აჭარაში თითქმის არ არსებობს ისეთი სკოლა, რომელსაც კოკოტაურის სკოლას შეადარებ – აქ ყველა კლასი თითქმის ერთნაირად სახიფათოა. საფრთხე ყველაზე მეტად მე-9 კლასშია – ხის იატაკზე ზოგან იმდენად დიდი ხვრელია, რომ შეიძლება ორივე ფეხით ჩავარდე. დირექტორი ამბობს, რომ ვითარება ახალი სასწავლო წლიდან შეიცვლება.

ავარიული სკოლების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ, ჯერჯერობით, მაინც არსებობს სკოლები, სადაც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 2012 წლის 6 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში საჯარო სკოლასთან მდებარე ყოფილი საქვაბეს შენობის ნგრევის შედეგად, ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, 13 წლის ბადრი ყველაიძე დაიღუპა. მე-10-კლასელმა მოსწავლემ კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
სკოლის იატაკის ჩამტვრევის გამო შარშან სოფელ კოკოტაურის სკოლის მოსწავლემაც მიიღო ტრავმა. როგორც მასწავლებელი მარგალიტა ანანიძე ამბობს, „ერთ-ერთმა მოსწავლემ იცელქა“ და ნამტვრევებში მოყვა. ბავშვი გადარჩა.

[slideshow]

მაშინ ითქვა, რომ სკოლა მალე გარემონტდებოდა. ფაქტიდან ერთი წლის თავზე კოკოტაურში ასულ „ბათუმელებს“ იგივე სურათი დაგვხვდა, თუმცა უტყუარი ამბავი გვითხრა სკოლის დირექტორმა ნატო შაინიძე, რომელიც პროფესიით ისტორია-პოლიტოლოგიის სპეციალისტია, ხოლო სკოლაში სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის: `ახალ სასწავლო წელს აუცილებლად განახლებულ სკოლაში შევხვდებით.

განათლების სამინისტროდან იყვნენ ამოსულები – გარემონტებული სკოლის მაკეტის პრეზენტაცია გამართეს, ძალიან კარგი იყო. ახლა შაბათობითაც ვმუშაობთ, სასწავლო პროცესი მაისის ბოლოს უნდა დავამთავროთ, სექტემბრისთვის რემონტი რომ მოესწროს. სკოლის გასარემონტებლად ბიუჯეტიდან 270 ათასი ლარია გამოყოფილი“.

ნატო შაინიძე დეტალურად ყვება, რისი გაკეთება იგეგმება წელს სკოლის შენობაში: „სახურავი წამოიწევა, აივანი დაიხურება, კარ-ფანჯარა გამოიცვლება, გვერდით აპირებენ საერთო დარბაზის მიშენებას. წყალი და საპირფარეშო გვექნება შენობის შიგნით. ბიბლიოთეკა გაფართოვდება. იატაკი უნდა დაისხას და პირველ სართულზე სათავსოები უნდა განთავსდეს. ამჟამად არ გვაქვს ლაბორატორიები, მაგრამ გარემონტებული შენობა შესაბამისად უნდა აღიჭურვოს. გვექნება ცენტრალური გათბობა“.
კოკოტაურის სკოლაში, პედაგოგებზე რომ არაფერი ვთქვათ, პირველკლასელებმაც კი იციან, რომ მალე ახალ სკოლას აუშენებენ. დირექტორს დიდი იმედი აქვს, რომ აქამდე არსებული ბევრი პრობლემა ამ მშენებლობის შემდეგ უკან დარჩება.

რა იქნება ყველაზე დიდი პრობლემა შემდეგში სკოლისთვის? – დირექტორი სხვა არანაკლებ მნიშვნელობის საფრთხეზე საუბრობს: „სხვა პრობლემები, ძირითადად, ზამთრის პერიოდში გვაქვს – სოფელი ზვავსაშიშ ზონაშია, ბავშვებს ორი ზვავსაშიში მონაკვეთის გამოვლა უწევთ. გარდა ამისა, მოსწავლეები, მათ შორის პირველ კლასელები, ერთი ან ორი კილომეტრის სიშორიდან დადიან. სხვაგან სასწავლებელი რომ არაა, აუცილებლად აქ უნდა მოვიდნენ. ზამთარში პატარებს, ძირითადად, მშობლები ან უფროსკლასელები აცილებენ “.

მეორეკლასელმა ლერი თავართქილაძემ ზუსტად იცის, რა არის ზვავსაშიში მონაკვეთი. ის ამბობს, რომ მას ყოველ დილით სკოლაში მისასვლელად ნახევარი საათი, ამდენივე კი უკან, სახლისკენ სჭირდება: „დარში მეზობელს მოვყვები სკოლაში, თოვლში – მამიკოს“.

ლერიმ და მით უფრო მე-9-კლასელებმა იციან, რომ თუ 9 კლასის დამთავრების შემდეგაც უნდათ სწავლის გაგრძელება, ყოველდღიურად 10 კილომეტრი უნდა იარონ ფეხით – მეზობელი სოფლის საჯარო სკოლამდე რომ მიაღწიონ. ეს იმიტომ, რომ მათი სკოლა 9-კლასიანია. ამ შემთხვევაში კი ზვავსაშიშ ზონებს ემატება ბუნებისგან მომდინარე საფრთხეც – მოზარდებს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ადიდებული მდინარის ორი მონაკვეთის გადალახვა უწევთ.

კოკოტაურის სკოლის დირექტორი პრობლემებზე საუბრის დროს კიდევ ერთ გარემოებაზე – სოციალურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. „68 მოსწავლიდან 50 სოციალურად დაუცველ ოჯახში ცხოვრობს. მაინცადამაინც ფულად დახმარებას არ იღებენ, მაგრამ ჯანმრთელობის პოლისები აქვთ. ამჟამად ჩვენ გადავაგზავნეთ იმ ბავშვების სია, რომლებსაც როგორც სოციალურად დაუცველებს, მომავალში წიგნებს მისცემენ“.

ამ მონაცემთან დაკავშირებით დირექტორი და სხვა პედაგოგებიც ამბობენ, რომ ეს სია ცოტა „ისეთია“. „ჩვენი ხალხი ხომ იცით, როგორები არიან, მე თუ გავაკეთე, შენც გინდა გააკეთო და ყველამ დაწერა განცხადება. უარი არავის უთხრეს“.

სკოლაში, სადაც იმედი აქვთ, რომ სახიფათო კედლებს ახალი სასწავლო წლიდან დააღწევენ თავს, ასევე სჯერათ, რომ ახალი სასწავლო წლიდან ექნებათ ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებიც, ხოლო ბიბლიოთეკაში განახლდება წიგნადი ფონდი.

წიგნების უქონლობით გამოწვეულ ხელშეშლაზე კოკოტაურის სკოლის ბიბლიოთეკარი მარგალიტა ანანიძე საუბრობს. „ჩვენი ბიბლიოთეკა საბავშვო წიგნების მხრივ განიცდის სიღარიბეს. ეს მუშაობაშიც ხარვეზებს იწვევს. VII-IX კლასებში ავტორები ისწავლება ნაწყვეტებად. თუ ბიბლიოთეკა იქნება ამ ავტორების წიგნებით დაკომპლექტებული, ბავშვს დავავალებ, რომ ავტორი წაიკითხოს სრულად. ნაწარმოების სრულად წაკითხვა კი მოსწავლეებში მეტ ინტერესს გამოიწვევს, რაც აუცილებლად გააჩენს სტიმულს“.

ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეების მიუხედავად, დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში ყოველწლიურად 15-მდე ათოსანი ჰყავთ, სკოლადამთავრებულები კი წარმატებასაც აღწევენ: „ზუსტი სტატისტიკა არ მახსოვს, მაგრამ შარშან ჩვენმა ორმა სკოლელმა თბილისის, 5-მა – ბათუმის, სხვებმა კი ხიჭაურის უნივერსიტეტებში ჩააბარა. ეს საკმაოდ კარგი შედეგია. ჩვენ არ გვყავს ისეთი მოსწავლე, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევა უჭირს. უფრო მეტიც შეიძლება, მაგრამ სასწავლო გარემოც შესაბამისი უნდა იყოს და გათბობაც“.

ამ წელში კოკოტაურის სკოლის გარემონტების საკითხს ადასტურებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მაია ხაჯიშვილის თქმით, „კოკოტაურის სკოლის გასარემონტებლად სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 252 520 ლარია“.

სოფელ კოკოტაურის სკოლაში, 68 მოსწავლე 40 წლის წინ აშენებულ სკოლაში სწავლობს. გასულ წელს ამ სკოლაში ხის იატაკი ჩაიმტვრა. სკოლაში სულ 18 მასწავლებელი მუშაობს, აქედან 11, მათ შორის სკოლის დირექტორიც, წელს სასერტიფიკატო გამოცდებზე გასასვლელად ემზადება.

გადაბეჭდვის წესი