მთავარი,სიახლეები

პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას, სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს

16.07.2017
პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას, სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტი კონკრეტული რეკომენდაციებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას მიმართავს. პარლამენტის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს და იგი 14 ივლისიდან ამოქმედდა.

დადგენილების დასაწყისში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წინა წლის რეკომენდაციები, რომელიც ასევე ომბუდსმენის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა, დადებითად შეასრულა მთავრობამ.  კონკრეტულად 203 რეკომენდაციიდან 110 შესრულდა, 36 ნაწილობრივ შესრულდა, 96 შესრულების პროცესშია, ხოლო 11 რეკომენდაცია შეუსრულებელია. დადგენილებაში მითითებული არ არის, პარლამენტის რეკომენდაციებიდან რა არ შეასრულა მთავრობამ.

მთავრობასთან მიმართებით პარლამენტი ძირითადად გენდერული საკითხების მოგვარებაზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე აკეთებს აქცენტს. ამ ჩამონათვალში ვკითხულობთ:

„უზრუნველყოს პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის განხორციელება, მათ შორის, ქალთა მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და შესაბამის შემთხვევასთან დაკავშირებული საჭირო მონაცემების გაანალიზება“

პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს სასამართლოს, დროულად მოხერხდეს საქმის განხილვა. კიდევ ერთი რეკომენდაცია აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას ეხება:

„აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას განიხილონ ბრალდებულის ან/და სხვა პირის ქონებრივი შესაძლებლობის საკითხი, რათა გირაოს გადაუხდელობის გამო ბრალდებულის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა არ იქნეს გამოყენებული“

პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტი ვიდეო სათვალთვალო კამერებზე აძლევს მითითებას.

რეკომენდაცია პროკურატურას: „უმოკლეს ვადებში ამოიღოს სრული ვიდეომასალა, რომელიც შესაძლებელია ასახავდეს სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტებს, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების ვიდეოკამერების ჩანაწერები“

რეკომენდაცია შინაგა საქმეთა სამინისტროს: „მიიღოს ყველა საჭირო ზომა პოლიციის თანამშრომელთა მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, სათანადო სწავლების, ანგარიშვალდებულების გაზრდის და მკაცრი ზედამხედველობის მეშვეობით“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ყველა სამმართველოს შენობაში დაამონტაჟოს სათვალთვალო კამერები“.

გენდერული საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტი მუნიციპალიტეტებთან მიმართებით:

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინებას და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის, მარტოხელა მშობლებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“.

პარლამენტი რეკომენდაციას აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც:

„გაიაზროს ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხების მნიშვნელობა და გადაცემების დაგეგმვისას თავიდან აიცილოს სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი კონტექსტები.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: