მთავარი,სიახლეები

სტუდენტი: რას შეცვლის ეს შეხვედრები, ბატონო პრეზიდენტო?

20.04.2017
სტუდენტი: რას შეცვლის ეს შეხვედრები, ბატონო პრეზიდენტო?

ვიდრე სტუდენტები შეკითხვებს დასვამდნენ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაახლოებით ნახევარი საათი ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კრიტიკულ შეფასებებში პრეზიდენტმა მხოლოდ ორი დადებითი მომენტი გამოყო: არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების გაწერა ქვეყნის მთავარ კანონში.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის – #კონსტიტუციაყველასია ფარგლებში დღეს, 20 აპრილს  შეხვდა.

„ფაქტოტრივად ძნელი სათქმელია, ვის სურვილებს, ვის თანხმობას გამოხატავს დოკუმენტი, რომელიც იწყება სიტყვებით – ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი…“ – თქვა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს ხალხმა და მნიშვნელოვანი რისკები ჩნდება დემოკრატიული პროცესისთვის, როცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიდან არც ერთს ხალხი პირდაპირ არ აირჩევს: „სამი უმაღლესი თანამდებობის პირი გვყავს – პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ვერცერთ მათგანს პირდაპირი წესით ვერ აირჩევს ამომრჩეველი. ეს კიდევ უფრო დააცილებს ამომრჩეველს ხელისუფლებას,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი დადებითად აფასებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად და არა მაჟორიტარები. „ამავდროულად ცუდია ის, რომ პარტია, რომელიც თუნდაც ერთი პროცენტით მეტი ხმა მიიღო, მიაქვს გაუნაწილებელი მანდატები. კომისიამ უნდა აგვიხსნას ჩვენ, საზოგადოებას, ეს გაურკვეველი ლოგიკა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი ქვეყნის მთავარსარდალზეც გააკეთა, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტია. საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში კი, ქვეყანას მთავარსარდალი აღარ ეყოლება. პრეზიდენტის შეფასებით, ეს მიდგომაც საფრთხის შემცველია.

სტუდენტებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზეც, უნდა იყოს თუ არა ჩანაწერი ამის შესახებ კონსტიტუციაში. „კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცის შესახებ რამის ჩაწერა, არ იქნება ადეკვატური ნაბიჯი,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მხოლოდ ერთი სტუდენტის კითხვას აარიდა თავი. შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მიწის შეძენას ეხებოდა. ამავე სტუდენტმა კითხვა დასვა აგრარული მიმართულებით სწავლებაზე. გიორგი მარგველაშვილმა მხოლოდ ამ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ როცა განათლების მინისტრი იყო, აგრარულ და კიდევ სხვა რამდენიმე მიმართულებაზე სახელმწიფოსგან სრულ დაფინანსებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთმა სტუდენტმა შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტს უთხრა: „რასაც ვისმენ ახლა, არა მგონია საკონსტიტუციო კომისიამ რამე შეცვალოს. კარგია ეს შეხვედრები, საუბრები, მაგრამ რას შეცვლის ეს, ბატონო პრეზიდენტო?“

პრეზიდენტმა სტუდენტს ვერ უთხრა, რომ ეს შეხვედრები და კამპანია #კონსტიტუციაყველასია გავლენას მოახდენს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე, ან პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. პრეზიდენტმა მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „თავად ეს შეხვედრებია უკვე დემოკრატიული ფასეულობა. ჩვენ რომ ახლა გვიყურებდნენ ძველი ბერძნები, იტყოდნენ, რომ ეს  შეხვედრაც აგორას მთაზე გამართულ მსჯელობას გავდა…“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: