მთავარი,სიახლეები

თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე

30.01.2017
თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე

ბათუმში მესამე დღეა თოვს, ქალაქში მოქმედი ღამის თავშესაფრები კი დღისით იკეტება. სად მიდიან დღისით ადამიანები, რომლებიც ღამის თავშესაფრებით სარგებლობენ?

„ჩვენთან დღისით იკეტება თავშესაფარი და საღამოს 6 საათზე იხსნება“, – გვითხრა თამაზ მღებრიშვილმა. ის საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ბათუმის თავშესაფრის ხელმძღვანელია. მისი თქმით, თოვის გამო თავშესაფრით მოსარგებლეთა რაოდენობა არ გაზრდილა და ამჟამად იქ 28 ადამიანი ათევს ღამეს.

თოვის დროს, აქვს თუ არა ადამიანს უფლება თავშესაფარში დარჩეს? – თამაზ მღებრიშვილი გვპასუხობს, რომ ამის უფლება არ აქვთ. ის გვიყვება, რომ მოსარგებლეების უმეტესობა მუშაობს და დღისით თავშესაფარს ტოვებს. „ამჟამად მხოლოდ 5 ადამიანია, ვისაც წასასვლელი არსად აქვს. ისინი კახაბრის თავშესაფარაში აგვყავს მანქანით და იქ არიან დღისით. ის თავშესაფარიც ჩვენია და დღისითაც მუშაობენ. ჩვენთან მხოლოდ ღამის თავშესაფარია“, – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ თავშესაფარი ბათუმში, მეტაქსას ქუჩის N10-ში მდებარეობს.

მეორე ღამის თავშესაფარს ბათუმის მერია აფინანსებს. თავშესაფარი ურეხში, ვარშანიძის 74-ში მდებარეობს. აქ გვითხრეს, რომ თავშესაფარს თოვის გამო დღისით აღარ კეტავენ და მოსარგებლეების ნაწილი თავშესაფარში რჩება. თავშესაფარში დარჩენილი ადამიანებისთვის სადილი გათვალისწინებული არ არის.

„სადილი არ არის, მაგრამ საუზმიდან და ვახშმიდან ვცდილობთ დავზოგოთ საკვები, ან თავად მოსარგებლეები ინახავენ სადილისთვის საჭმელს საუზმიდან. სადილისთვის გათვალისწინებული თანხა არ გვაქვს“, – გვითხრა ბადრი გოგიძემ, „სოაციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა. ეს სააგენტო ახორციელებს თავშესაფრის ადმინისტრირებას.

ბათუმის მერიის თავშესაფარში ერთი ადამიანის კვებისთვის დღეში 13 ლარი იხარჯება. წლის განმავლობაში გათვალისწინებული ბიუჯეტი – 227 500 ლარია. თოვის გამო, მომართვიანობა არც აქ გაზრდილა. ბადრი გოგიძიის თქმით, თავშესაფრით ამჟამად 41 ადამიანი სარგებლობს. თავშესაფარს მაქსიმუმ 60 ადამიაის მიღება შეუძლია.

ბათუმის მერიაში არ მიიჩნევენ, რომ უსადილოდ დარჩენილი ადამიანებისთვის დამატებითი რესურსი უნდა გამოიძებნოს. არგუმენტი ასეთია: „ღამის თავშესაფრის პრინციპია ასეთი, დილით და საღამოს არის გათვალისწინებული კვება. გასაგებია, რომ თავშესაფარი იჩენს კეთილ ნებას და იმ ადამიანებს ტოვებენ იქ დღის განმავლობაში, მაგრამ დამატებით ხარჯების გამოყოფა ვერ მოხდება. თუ თავშესაფრის ადმინისტრაცია მოიძიებს დამატებით რესუსს, სხვა საკითხია… ეს პროგრამა განხილულია უკვე და დამტკიცებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა ჯიბლაძემ, ბათუმის მერიის სოციალური  დაცვის განყოფილების უფროსმა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: