პროევროპული აქციების დაწყებიდან ორი წლის თავზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც ქვეყნისთვის რთულ პერიოდში პროფესიულ იდეალების ერთგული რჩება.
განცხადების ტექტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულმა მედიამ ბევრი რამ გადაიტანა. ჟურნალისტებმა გამოსცადეს სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფისა და, სავარაუდოდ, ძალოვანთა მფარველობის ქვეშ მოქმედი ძალადობრივი ჯგუფების სისასტიკე – დაუნდობელი ცემა, წამება და წყლის ჭავლი მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით. ბევრი მათგანის ჯანმრთელობა სერიოზულად დაზიანდა და ზოგიერთი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ჟურნალისტებს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა და დემონსტრაციების გაშუქებისას დამცავი აღჭურვილობის გამოყენება აუკრძალეს. ისინი დააჯარიმეს და საპატიმროებში გამოკეტეს.
ჟურნალისტები იქცნენ ცილისმწამებლური კამპანიების სამიზნედ, რომელთაც სიმბოლურად „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიანი პირები ჩაუდგნენ სათავეში დაუფარავი ცინიზმითა და დამამცირებელი კომენტარებით.
სიძულვილის ნიაღვარი დაატყდათ თავს ჟურნალისტებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მცირეწლოვან შვილებს, სოციალურ ქსელებში თუ მის მიღმა. იყო ბევრი მუქარა, „აგენტის“ იარლიყით სტიგმატიზაციის, დაშინებისა და შევიწროების მცდელობა, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ძალადობრივი მეთოდებით.
ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ასეულობით შემთხვევიდან თითქმის არცერთი არ არის გამოძიებული. იშვიათ გამონაკლისებშიც კი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გახსნილი დანაშაულის შესახებ ამცნო, როგორც ეს, მაგალითად, გურამ როგავას გახმაურებულ საქმეზე გააკეთა, მან ბევრი ეჭვი გააჩინა და ბევრი კითხვა დატოვა უპასუხოდ.
ჟურნალისტები დააპატიმრეს ადამიანური ღირსების დაცვის გამო – მზია ამაღლობელი უსამართლოდ დაკისრებულ ორწლიან სასჯელს დღესაც იხდის.
გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის დიდი ფასი გადაიხადა ვახო სანაიამ – მან თვენახევარი დაჰყო იზოლატორში, სადაც დაკავებულის 72 საათზე მეტი ხნით შესახლება არ შეიძლება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.
ჟურნალისტების დიდი ნაწილისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა პარლამენტი, სადაც ერთჯერად აკრედიტაციას ძნელად გასცემენ, ხოლო გრძელვადიან აკრედიტაციას ხშირად და ნებისმიერი უმცირესი მიზეზით აუქმებენ ან აპაუზებენ. სასამართლო სხდომებს სულ უფრო ხშირად ხურავენ ჟურნალისტებისთვის და კამერებს აღარ უშვებენ სასამართლოების ეზოებშიც კი.
„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიღებული კანონებით მედიას და ჟურნალისტებს აუკრძალა ბევრი რამ, რაც აკრძალულია ავტორიტარული მმართველობის მქონე სხვა ქვეყნებში.
„ქართული ოცნების“ მცდელობით, მედიამ დაკარგა წვდომა დასავლურ ფინანსებსა და ექსპერტიზაზე.
ინდუსტრიის მარეგულირებელი – კომუნიკაციების ეროვნული კომისია, იქცა ცენზურის სააგენტოდ, რომელიც პროაქტიულად სწავლობს კონტენტს მაუწყებლების ეთერში და მხოლოდ მისთვის გასაგები სტანდარტებით ცალკეულ სიტყვებსა და გამონათქვამებს მიკერძოებულობის მარკერებად ნიშნავს, შემდეგ კი მათი გამოყენებისთვის მაუწყებლებს მრავალათასიან ჯარიმებს აკისრებს.
მაღალი თანამდებობის პირები და მათთან აფილირებული გავლენიანი ადამიანები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სასამართლოს მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის დავებითაც. ეს საქმეები აშკარად ატარებს საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების ნიშნებს, რომელთა მიზანი არა იმდენად რეპუტაციის აღდგენა, რამდენადაც მედიის გაჩუმება და მსუსხავი ეფექტის გამოწვევაა.
ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მიერ საგულდაგულოდ დაგეგმილმა და დიდი მონდომებით წარმოებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ის შედეგი ვერ გამოიღო, რისი მოლოდინიც მათ ჰქონდათ.
ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს ევროპული კურსის საწინააღმდეგო ცნობილი განცხადების გაკეთებიდან ორი წლის თავზე საქართველო დგას გზაჯვარედინზე – მრავალმხრივ დაზიანებული და ათწლეულებით უკან დახეული, მაგრამ ჯერ ისევ ცოცხალი დამოუკიდებელი მედიით და შეუგუებელი საზოგადოებით.
უკიდურესად მტრულ გარემოში, მწირი რესურსების ამარა დარჩენილმა ჟურნალისტურმა თემმა შესაშური გამძლეობა გამოიჩინა – ჟურნალისტებმა ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე იმუშავეს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისთვის გულისცემის შესანარჩუნებლად.
მედიასა და ჟურნალისტებს ძალა მისცა საზოგადოების თანადგომამ – მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები, სისტემატურად გამოდიოდნენ ქუჩაში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის გასაპროტესტებლად.
ისინი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ითხოვდნენ და მათ სამართლებრივ ლაბირინთებში გზის გაკვალვაში ეხმარებოდნენ. მოქალაქეებმა თავიანთი უკანასკნელი რესურსი გაიღეს იმისთვის, რომ კრიტიკული მედიის ხმა არ დაკარგულიყო. ჟურნალისტების მსგავსად, ამ მოქალაქეებმაც ბევრი რამ გარისკეს პრესის თავისუფლებისთვის – ჯანმრთელობა, სიმშვიდე და კეთილდღეობა.
პროევროპული აქციების დაწყებიდან ორი წლის თავზე, ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც ქვეყნისთვის ამ უკიდურესად რთულ პერიოდში პროფესიულ იდეალების ერთგული რჩება, მადლიერებას გამოხატავს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც ამა თუ იმ ფორმით მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ მედიას, გაამხნევა და გააძლიერა ის, კვლავინდებურად ითხოვს მზია ამაღლობელის უპრობო გათავისუფლებას და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას.“






