თურქული საფეხბურთო კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები, რომლებიც ბათუმში, 26 ნოემბერს, „ბეშიქთაში – ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის მიმდინარეობისას დააკავეს, გაათავისუფლეს.
თურქული და ქართული მედია სავსეა კადრებით, თუ როგორ ასხამს ქართველი პოლიციელი გულშემატკივრებს წიწაკის სპრეის, როგორ ურტყამს მუშტს შავქურთუკიანი კაცი გულშემატკივარს, როგორ სცემს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივარი ქართველ პოლიციელს, როგორ ესვრიან პოლიციელებს ბოთლებს და სტადიონის სკამების ნამტვრევებს.
კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია თურქეთსა და საქართველოში.
შს მინისტრის ცნობით, დაპირისპირებისას დაშავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) 4 თანამშრომელი და მნიშვნელოვნად დაზიანდა სტადიონის ინფრასტრუქტურა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობით, სახეზეა დანაშაული, არავის წინააღმდეგ აღუძრავთ საქმე სისხლის სამართლის მუხლით. შს მინისტრი ამბობს, რომ „სპორტული ღონისძიებების დროს ქომაგებს განსაკუთრებული აგრესია და „ემოციები ახასიათებთ“.
- რა მოხდა 26 ნოემბერს?
26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა ევროპის ლიგის მატჩი, სადაც ერთმანეთს თურქული საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ და ისრაელური „ჰაპოელ ბეერ შევა“ შეხვდნენ.
საფეხბურთო მატჩი საღამოს 21:45 წუთზე დაიწყო. მატჩის დაწყებიდან მალევე, 25-ე წუთზე თამაში შეწყდა ტრიბუნებზე მომხდარი დაპირისპირების გამო. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, 22:45 წუთზე მატჩი გაგრძელდა და საბოლოოდ დამთავრდა ანგარიშით 2:1, ბეშიქთაშის სასარგებლოდ.
- რა მოხდა ტრიბუნაზე
დაძაბულობა საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე დაიწყო ჯერ კიდევ ბათუმის ქუჩებში.
მატჩზე დასასწრებად ბათუმში ჩამოსული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები, რომელთა რაოდენობაც, სხვადასხვა არაოფიციალური წყაროს ცნობით, დაახლოებით 15 ათასი იყო, სტადიონისაკენ ბათუმის ერთ-ერთი მთავარი, ზურაბ გორგილაძის ქუჩით გაემართნენ.
შედეგად, ქუჩა გადაიკეტა. საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებს სტადიონისაკენ პოლიციის კორდონი მიაცილებდა. ერთ-ერთ მონაკვეთზე ფანებსა და პოლიციას შორის დაძაბულობა დაიწყო.
უცნობია მიზეზი, თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან „ბეშიქთაშის“ ფანები ბოთლებს და გაურკვეველ საგნებს პოლიციის მიმართულებით.
პოლიციელებს ეს საგნები მოხვდათ.
მატჩის დაწყების შემდეგ, დაძაბულობა იყო როგორც სტადიონის გარეთ, სადაც პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა, ასევე ტრიბუნებზე, სადაც ასევე წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
- რა ჩანს კადრებში და რას ამბობს შსს-ს და უეფა
თურქული გამოცემა TRTspor-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დგება ორი გულშემატკივარი სკამებზე და როგორ შლიან პალესტინის დროშას.
პალესტინის დროშის გაშლის შემდეგ, ფანებთან მიდის შავქურთუკიანი კაცი, მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე და ანიშნებს, რომ დროშა ჩამოწიონ. იმავე წამს კაცს მიჰყვება პოლიციის ფორმიანი პირი და ართმევს დროშას ფანებს. ამის შემდეგ იწყება არეულობა, რომელშიც ათობით პოლიციელი და გულშემატკივარი იღებს მონაწილეობას.
კადრების და ინფორმაციის გავრცელებას თურქულ მედიაში მოჰყვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება.
შსს-მ უარყო, რომ პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეტაკება პალესტინის დროშას მოჰყვა.
„ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ 27 ნოემბერს, 01:36 საათზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
27 ნოემბერს, დილას, განცხადება გაავრცელა უეფამ და ასევე უარყო, რომ ინციდენტი პალესტინის დროშის გამოფენას მოჰყვა და განაცხადა, რომ „პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ფანებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად“.
„უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი და, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ გააჩნდა კონტროლი მატჩის ჩატარების ადგილზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და მათივე იურისდიქციის ფარგლებში.
ზოგიერთ მედიასაშუალებაში ამჟამად გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ესკალაცია, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივი პოლიცია ჩაერია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში, თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებების გასანეიტრალებლად“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.
27 ნოემბერს, დღის ბოლოს, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი გამოეხმაურა თურქულ მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც სტადიონზე დროშის ჩამოხსნას ეხებოდა. თამაზაშვილის განმარტებით, კადრებში სახელმწიფოს ან პოლიციის წარმომადგენელი არ ფიგურირებს.
მისი თქმით, უეფას წესებისა და მატჩისწინა თათბირზე მიღებული მოთხოვნის თანახმად, სტადიონზე მხოლოდ თურქეთის, ისრაელისა და მასპინძელი საქართველოს სახელმწიფო დროშების გამოყენება იყო დაშვებული. ამ პირობის დარღვევის გამო, უეფას დელეგატის მითითებით, დროშის აღება „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის თანამშრომელმა მოითხოვა.
Gürcistan polisi, Filistin bayrağı açan taraftara müdahale etti. https://t.co/zU4gSlqwuy
— TRT Spor (@trtspor) November 26, 2026
- რატომ გაიმართა ევროპის ლიგის მატჩი ბათუმში
ისრაელსა და თურქეთს შორის ღაზაში მიმდინარე ომის გამო მდგომარეობა დაძაბული და გაუარესებულია.
თურქეთის ხელისუფლება ღიად აკრიტიკებს ისრაელს ომის გამო.
ევროპა ლიგის მატჩი, „ბეშიქთაში“ – „ჰაპოელ ბეერ შევას“ შეხვედრა 26 ნოემბერს, სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ სტადიონზე უნდა გამართულიყო.
თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას მიმართა და უთხრა, რომ არ შეეძლო მატჩის მიმდინარეობისას უსაფრთხოების რისკების აღება.
უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
უეფას 30 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ „დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მატჩი გაიმართება ბათუმში (საქართველო), ბათუმის სტადიონზე, ხუთშაბათს, 26 ნოემბერს; შეხვედრას მაყურებლებიც დაესწრებიან“.
ცნობისათვის, ისრაელ-თურქეთის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გამო, აქამდეც ყოფილა შემთხვევა, რომ საფეხბურთო მატჩი ამ ორი ქვეყნის გუნდებს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართულა.
კერძოდ, 2024 წელს, თურქული საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ ისრაელის „მაკაბი თელ-ავივს“ ნეიტრალურ სტადიონზე, უნგრეთში შეხვდა.
მატჩზე გულშემატკივარი არ დაუშვეს.
„უეფას ევროპის ლიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „მაკაბი თელ-ავივს“ შორის, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს გაიმართება, უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, „ნაგიერდეის“ სტადიონზე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთის ხელისუფლებამ თამაშის თურქეთში გამართვაზე უარი განაცხადა.
უნგრეთის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მატჩი მაყურებლების გარეშე გაიმართება“, – ნათქვამია უეფას 2024 წლის განცხადებაში.
ბათუმში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ მთავარი პასუხგაუცემელი კითხვაა ქართული მხრიდან ვინ გასცა უსაფრთხოების გარანტიები და რატომ არ შეირჩა მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარების ფორმატი?
- რა გამოხმაურება მოჰყვა თურქი გულშემატკივრების ცემას თურქეთის ხელისუფლების მხრიდან
თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები ჯერ კიდევ მატჩის მიმდინარეობისას გამოეხმაურნენ სტადიონზე მომხდარ ფაქტს, პოლიციის ძალადობა დაგმეს და დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება მოითხოვეს.
ინტერნეტში თავად თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა თურქეთის შს მინისტრისა და საქართველოს შს მინისტრის საუბრის ნაწყვეტი, სადაც თურქეთის შს მინისტრი ქართველ კოლეგას განმარტებას სთხოვს იმის შესახებ, თუ რატომ დააკავეს „ბეშიქთაშის“ ფანები.
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) სპიკერი ომერ ჩელიქი საქართველოში და პოლიციის ქმედებები დაგმო.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ტელეფონით ესაუბრა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს და მასთან ბათუმში მყოფი თურქეთის მოქალაქეების მდგომარეობა განიხილა.
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ნუმან კურთულმუშმა სოციალურ ქსელში, X-ზე დაწერა, რომ “თურქეთი მუდამ მხარში უდგას თავის სპორტსმენებსა და მოქალაქეებს; ჩვენ სრულად დავიცავთ მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს”.
27 ნოემბრის დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
განსხვავებით თურქეთის ხელისუფლებისგან, ისრაელის საფეხბურთო კლუბმა „ჰაპოელ ბეერ შევამ“ მადლობა გადაუხადა საქართველოს, ბათუმსა და ქართველ სამართალდამცავებს 26 ნოემბერს ბათუმში უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში „ბეშიქთაშთან“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტებისას რეაგირების გამო.
“დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარეცს და ბეერ-შევას მერს, რუბიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ.
დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს – როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას – რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყვნენ, ვიდრე უკანასკნელი გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა დანიშნულების ადგილზე,” – წერს კლუბი სოციალურ ქსელში.


