ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] და სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საკონსტიტუციო სასამართლოში კოალიცია „ახალის“ წარმომადგენლებისთვის კითხვის დასმის უფლების შეზღუდვას ეხმაურებიან.
2026 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ პარტია „ახლის“ თავმჯდომარე, ნიკა გვარამია გააძევა სასამართლო სხდომათა დარბაზიდან. გვარამიას გაძევების შემდეგ გამოცხადდა ტექნიკური შესვენება. სხდომის განახლების შემდეგ, პარტია „ახლის“ წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ დაბრუნდნენ.
პარტია „ახლის“ წარმომადგენლების სხდომათა დარბაზში გამოუცხადებლობა სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად მიიჩნია და განაცხადა, რომ მათ ჩამოერთმეოდათ მოსარჩელეებისთვის კითხვის დასმის უფლება.
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომა გაგრძელდებოდა პარტია „ლელოს“ შეკითხვებით მოსარჩელე მხარის მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა გადაიდო 2026 წლის 30 ნოემბრამდე. სწორედ ამ თარიღიდან არის მოსალოდნელი სხდომის გაგრძელება პარტია „ლელოს“ კითხვებით.
ორგანიზციების განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს უფლებას, დაუსვან ერთმანეთს კითხვები. თავდაპირველად კითხვებს სვამს მოსარჩელე მხარე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, შემდეგ – მოპასუხე მხარე.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე TARĂU v. ROMANIA განაცხადა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მესამე პუნქტი ითხოვს იმას, რომ მხარეს მიეცეს ადეკვატური და საკმარისი შესაძლებლობა, სადავოდ გახადოს მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები და დაკითხოს პირი, რომელიც წარადგენს ასეთ მტკიცებულებას. დაუშვებელია, სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს ისეთ მტკიცებულებას, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა მხარეს არ ჰქონია.
დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე GRAVIANO v. ITALY განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს მხარის შესაძლებლობა, იმ მოსამართლის თანდასწრებით დაუპირისპირდეს მის წინააღმდეგ მტკიცებულების წარმდგენ პირს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მოსამართლის თანდასწრებით ამგვარი დაპირისპირება აუცილებელია, ვინაიდან მოსამართლეს უნდა ჰქონდეს იმ პირის ქცევის და მისი სანდოობის შეფასების შესაძლებლობა, ვისაც მხარე უსვამს კითხვას“.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში პარტია „ახალი“ დგას გაუქმების საფრთხის წინაშე. იმისათვის, რომ პარტია „ახალმა“ დაიცვას თავი ამგვარი საფრთხისგან, მის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მოსამართლეების თანდასწრებით დაკითხონ ის პირები, რომლებიც აწვდიან საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „ახალის“ საწინააღმდეგო ინფორმაციას.
ასეთი პირები კი ამ შემთხვევაში არიან მოსარჩელის – პარლამენტის 88 წევრის – წარმომადგენლები. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს პარტია „ახალს“ ისეთი მტკიცებულების საფუძველზე, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობაც ამ პარტიას არ ჰქონია მოსამართლეების თანდასწრებით, მოსარჩელეებისთვის კითხვების დასმის გზით. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული პარტია „ახალის“ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მისცეს პარტია „ახლის“ წევრებს მომავალ სხდომაზე მოსარჩელეებისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა.
ორგანიზციების შეფასებით პარტია „ახალის“ წარმომადგენლებისთვის კითხვის დასმის უფლების ჩამორთმევა არ უნდა შეფასდეს იზოლირებულ საპროცესო ეპიზოდად. იგი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე მიმდინარე კონსტიტუციური სამართალწარმოების ფარგლებში უკვე გამოვლენილი სისტემური პრობლემების გაგრძელებაა.
კონსტიტუციური სარჩელის არასაკმარისი დასაბუთება, თითოეული პოლიტიკური პარტიის მიმართ პასუხისმგებლობის საფუძვლების ინდივიდუალიზაციის არარსებობა, მტკიცებულებათა დასაშვებობისა და გამოკვლევის მკაფიო საპროცესო სტანდარტების ნაკლებობა, სასამართლოს მიერ მოპასუხე პოლიტიკური პარტიების შუამდგომლობების აბსოლუტური უმრავლესობის დაუკმაყოფილებლობა, მათ შორის დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვისა და საქმისთვის რელევანტური მოწმეების გამოკითხვის თაობაზე, მოპასუხე მხარეთა შუამდგომლობების უმრავლესობის დაუკმაყოფილებლობა, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებული საფუძვლიანი კითხვები, ერთობლიობაში პროცესის სამართლიანობის მიმართ სერიოზულ ეჭვებს წარმოშობს.
ამ პირობებში, მოპასუხე მხარისთვის მოსარჩელეთა მიმართ კითხვების დასმის უფლების ჩამორთმევა კიდევ უფრო აღრმავებს მხარეთა საპროცესო უთანასწორობას და ზღუდავს პოლიტიკური პარტიების ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის კონტექსტში, აღნიშნული ხარვეზების ერთობლიობა ქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს, რომ კონსტიტუციური მართლმსაჯულება პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის ნაცვლად, პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, აღმოფხვრას პროცესში გამოვლენილი სისტემური ხარვეზები და უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა უმაღლესი საპროცესო და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტების დაცვით“.






