მთავარი,სიახლეები • • •

მანდარინის სეზონი დაიწყო – რა იქნება ციტრუსის ფასი წელს

23.11.2026
მანდარინის სეზონი დაიწყო – რა იქნება ციტრუსის ფასი წელს

იმის მიუხედავად, რომ წელს ციტრუსის მოსავალი მცირეა, მეციტრუსეებს არ აქვთ მოლოდინი, რომ მანდარინს ფასი მოემატება. პირიქით, ყველაფერს ფასი ემატება და ჩვენი მანდარინი არ გაძვირდა, ერთ ლარსაც ვერ გასცდაო – ჰყვებიან ქობულეთელი მეციტრუსეები.

ნოემბრის მეორე ნახევარი მანდარინობის სეზონია, თუმცა წვიმების გამო ციტრუსის დაკრეფა აქტიურად ჯერ არ დაუწყიათ. აჭარაში ჯერჯერობით არც ციტრუსის მიმღები საწარმოები გაუხსნიათ. 

„დაახლოებით 80 თეთრი იქნება, 90 თეთრი, 1 ლარი, 1 ლარი და 10 თეთრიც შეიძლება, გააჩნია ზომას და ხარისხს, დაახლოებით იგივე ფასი იქნება, რაც გასულ წელს იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ციტრუსის მიმღები ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს, „იბერია ორბის ციტრუსის“ დირექტორი, ილია ყარალაშვილი. არც ამ საწარმოს დაუწყია ჯერ ციტრუსის მიღება ქობულეთში.

არასტანდარტულ მანდარინში მეციტრუსეები წელსაც 40 თეთრს მიიღებენ. აქედან 35 თეთრი ისევ სახელმწიფო სუბსიდიით დაიფარება.

აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებითაც, წელს ციტრუსის შედარებით მცირე მოსავალია და საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასი ტონაა.

„მოსავლის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი და ქედის მუნიციპალიტეტში ერთი – ჯამში 3 საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით უზრუნველყოფს… საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს,“ – აღნიშნულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში 2026 წლის ციტრუსის სეზონის შესახებ.

კარგი მანდარინის ფასი ბათუმსა თუ სხვა ქალაქებში, სავაჭრო დახლზე დაახლოებით 3-4 ლარია. მეციტრუსეები ამბობენ, რომ დახლებამდე მანდარინის მიტანას დაორგანიზება და ქსელის შექმნა სჭირდება, რასაც ისინი დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.

„სეტყვაც იყო წელს და დაზიანდა ნაყოფი, თუმცა ეს ფასი, რაც გითხარით, შეიძლება, შეიცვალოს… ჩვენ არაფერში ფულს გლეხს არ ვახდევინებთ… 24 საათში ვამუშავებთ 200 ტონას,“ – ამბობს ილია ყარალაშვილი და მიუთითებს იმაზე, რომ მეციტრუსეებს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების რიგებში დგომა არ მოუწევთ.

გასულ წლებში მეციტრუსეები ამბობდნენ, რომ ციტრუსის მიმღები საწარმოები [სულ ორი საწარმო ქალაქ ქობულეთში] მცირე ოდენობით იღებდა მანდარინს და რიგში ხანგრძლივად რომ არ მოსწეოდათ დგომა, ამაში იხდიდნენ ფულს. გარდა ამისა, მეციტრუსეს უნდა გადაეხადა სოფლიდან ქალაქამდე არასტანდარტული ციტრუსის ტრანსპორტირების თანხა.

ციტრუსის ბიზნესში დასაქმებულ ადამიანს გასაღების ბაზრებზეც ვკითხეთ: შეიცვალა რამე, თუ ისევ რუსეთი?

„ერთი-ორი ზარი გვაქვს ლატვიიდან და ლიეტუვიდან… ბულგარეთზე ვმუშაობთ აქტიურად, სადაც შედის ბერძნული მანდარინი წლებია, თუ გავუწევთ კონკურენციას, ამას გააჩნია. დაახლოებით 60 ტონის გატანას ვაპირებთ ყოველკვირეულად ბულგარეთში. წინა წლებში ბულგარეთში ჩვენ არ გავსულვართ.

ძირითადი ბაზრებია ისევ ბელარუსი, რუსეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი,“ – აღნიშნა ილია ილია ყარალაშვილმა „ბათუმელებთან“.

მანდარინის ბაღი ქობულეთში

მანდარინის ბაღი ქობულეთში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: