ხვალ, 9 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა არ გაიმართება.
სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სხდომები.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.
განხილვა არ ყოფილა არც გასულ კვირას. ამ შემთხვევაში, სხდომების გადადების მიზეზი საკონსტიტუციოს იუბილე იყო – 5 ნოემბერს სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].


