2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოებისთვის 2026-2030 წლებში, მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გაწერილი. თუმცა, ამ დროისთვის ახალი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებული არ არის.
ქობულეთის შემოვლითი [ორზოლიანი] გზის პარალელურად, დამატებით – ახალი ორზოლიანი გზა უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის მარჯვენა მხარეს – მრუდების [მოხვევითი რადიუსების] გაუმჯობესების მიზნით. ოთხზოლიანად გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.
„საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის [პირველი წარდგენა]“, მე-14 მუხლში – „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები“, აღნიშნულია, რომ „დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა“. თუმცა, დიდი ალბათობით, ტექსტში ტექნიკური შეცდომაა, ვინაიდან მშენებლობის დაწყების დროდ 2025 წელია მითითებული:

ამონარიდი საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტიდან
ამ დოკუმენტის კაპიტალური პროექტების დანართში კი აღნიშნულია, რომ „ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობა“ აზიის განვითარების ბანკის [ADB] ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 485 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
აქედან 15 მილიონი ლარი 2026 წლისთვის არის გაწერილი, ასევე 15 მილიონი ლარია გაწერილი 2027 წლისთვის, 75 მილიონი – 2028 წლისთვის, 160 მილიონი – 2029 წლისთვის და 220 მილიონი ლარი – 2030 წლისთვის.
რა ეტაპზეა ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტი? გამოცხადებულია თუ არა მშენებლობაზე ტენდერი? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.
„ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის აპრილში გასცა.
ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო. ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.
ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო არ არის. ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი] – ორზოლიანია და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.
__
ვრცლად ამ თემაზე:
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა






