მთავარი,სიახლეები •

სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავა

27.09.2026
სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავა

თურქეთში 7 ადამიანი დააკავეს სკოლის მიმდებარედ სროლასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 11 მოსწავლე დაშავდა.

შემთხვევა 22 სექტემბერს მოხდა მანისას პროვინციაში – 15 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა მოსწავლეებს.

მედიის ცნობით, დაკავებულებს შორისაა თავად 15 წლის მოზარდი, მისი ოჯახის წევრები და სანადირო აღჭურვილობის მაღაზიის მფლობელი, რომელსაც თავდასხმისას გამოყენებული საბრძოლო მასალის გაყიდვაში ადანაშაულებენ. საქმეზე სულ 10 ბრალდებული წარსდგა სასამართლოს წინაშე და მათგან შვიდს: მოზარდს, მის დედას, მამას, ბაბუას, ბიძაშვილს, მეგობარსა და მაღაზიის მფლობელს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს იდეოლოგიური ხასიათის ჩანაწერები და მანიფესტის მსგავსი ტექსტები. ხელისუფლებას თავდასხმის მოტივი საჯაროდ ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, თურქული მედია წერს, რომ მოზარდმა თავდასხმის მოტივად ბულინგი დაასახელა.

დაშავებული მოსწავლეებიდან სამი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

თურქეთში სკოლაში იარაღით თავდასხმები გავრცელებული არ არის, თუმცა 2026 წელს ეს უკვე სკოლაში სროლის მესამე შემთხვევაა.

შედეგად, თურქეთმა არასრულწლოვანების მიერ ცეცხლსასროლ იარაღზე წვდომასთან დაკავშირებული სასჯელები გაამკაცრა. ბავშვზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელი დაეკისროთ, თუ დაუდევრობა ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას ან სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ შენახვაზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: