„ოცნების“ უმრავლესობა ასაკრძალი პარტიების სიას გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ამატებს. ასაკრძალების სიაში პარტიის დამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს სარჩელის განსახილველად ვადა კიდევ გაუხანგრძლივდა თითქმის ერთი წლით.
„ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გასული წლის ოქტომბერში შეიტანა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელოს“ აკრძალვა მოითხოვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს სარჩელის რეგისტრაციის დღიდან. იმავე კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს. საქმის განხილვის ვადას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი [ან შესაბამისი კოლეგია] არაუმეტეს 2 თვით ახანგრძლივებს.
მიმდინარე წლის აპრილში „ოცნებამ“ სიას „ფედერალისტები“ დაამატა. სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად მიიჩნევა და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება. ასეა ახლაც, გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.
გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. „ოცნება“ სწორედ ამ ფაქტორებით ხსნიდა, თუ რატომ არ ჩაწერეს ეს პარტია თავდაპირველ სიაში, თუმცა ახლა მაინც მოითხოვეს მისი აკრძალვა.
„მიუხედავად მათი წარსულისა, ჩვენ მათ საპარლამენტო ცხოვრებაში რეალურად ჩართვის შანსი მივეცით. თუმცა, პირველი და უმთავრესი, რაც ვნახეთ, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების უხეში და თავხედური არაღიარებაა. ამას ემატება მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება თუ კომენტარი, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. საზოგადოებისთვის ნათელია, რეალურად ვის და რას წარმოადგენენ ისინი”, – ასე დაასაბუთა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის აკრძალვის აუცილებლობა.
- ხომ არ ნიშნავს ეს, რომ „ოცნებამ“ დრო გაწელა და შესაძლოა გადაწყვეტილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღონ, ანუ საპარლამენტო არჩევნების წინ გააუქმონ ოპოზიციური პარტიები? – ვკითხეთ ბორის ჩელე ყურუას. მან გასულ წელს პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ დატოვა.
როგორც შეკითხვას სვამთ, იქიდანაც ნათელია, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება უპყრია ხელთ მხოლოდ ერთ პარტიას, ერთი ადამიანების ჯგუფს და მათ ლიდერს. შესაბამისად, აქ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვა, სამართლებრივი არგუმენტები და ასე შემდეგ, არაფერ შუაშია. მათ კეთილ და ხშირ შემთხვევაში, ბოროტ ნებაზეა დამოკიდებული ის, აკრძალავენ თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს.
გახარიას დამატება სრულიად ცვლის მოცემულობას და იმ ლოგიკას, რასაც ავითარებდა „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მგონი ცოტა კურსის ცვლილება მოგვცეს და თან რთულია, ერთი ხელით ამტკიცო, რომ ამ ქვეყანაში გასაოცარ დემოკრატიას აშენებ და მეორე ხელით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საკმაოდ დიდი ნაწილი აკრძალო და ველი მოასუფთაო.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ვადა გადაწიონ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული „ქართულ ოცნებაში“ მართლა უნდათ აკრძალონ, თუ არ უნდათ და როდის უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი.
აკვირდებიან, კვლევებს ატარებენ, მათ შორის შეხვედრები აქვთ და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა მთავარი ფაქტი ისაა, რომ აქ ერთ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია, დანარჩენები აკრძალოს. ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად საშინელებაა და გამორიცხავს ყოველგვარი დემოკრატიის მარცვლის არსებობას ამ ქვეყანაში.
- ჩავთვალოთ, იმის გამო დაიხიეს უკან, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ ჯერ, არის ეს უკან დახევა მათი მხრიდან?
ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, უკან დახევა არის თუ არა. პირველ რიგში, ჩამოყალიბებული რომ იყვნენ, ორი კვირის, ერთი თვის წინ შეეძლოთ ამ ყველაფრის გაკეთება. მოცემულ ეტაპზე, მათ ხელს არაფერი არ უშლით სამართლებრივად ამის გასაკეთებლად. შეიძლება არსებობდეს სხვა ფაქტორები და მე დარწმუნებული ვარ, არსებობს ფაქტორები, რომლებიც მათ აჩერებს, თუმცა რამდენადაა ეს ფაქტორი შიდა ოპოზიციური წინააღმდეგობა, ეგ კიდევ მეორე საკითხია.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ იდება სასწორზე, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ აქვს დადებული იმ შემთხვევაში, თუ ისინი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ.
- შესაძლებელია, რომ შემდეგ რაღაც მოიფიქრონ, კიდევ გაწელონ დრო და არჩევნების წინ მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება?
ნაკლებ სავარაუდო სცენარი მგონია არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა – კიდევ უფრო საშინელი სურათია ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში, თუ ეს კიდევ არის ფაქტორი მათთვის დარჩენილი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის. თუ ჩამოყალიბდებიან იმაზე, რომ პარტიები უნდა აიკრძალოს, ამას გააკეთებენ მომავალი წლის დასაწყისში.
- ცოტა ხნის წინ გავაგეთ, რომ გახარიას პარტიის წარდგენილ ინიციატივას „ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმაც დაუჭირა მხარი. მართალია, ჩავარდა მაინც ეს ინიციატივა, მაგრამ როცა ამბობ, რომ ეს პარტია უნდა გავაუქმო, გაურკვევლობას არ გამოიწვევს ეს ამომრჩეველში?
გაურკვევლობა და ორმაგი სტანდარტები მუდმივად თან სდევს „ქართული ოცნების“ მმართველობას. შესაბამისად, არ გვაკვირვებს ის, რომ ასე იქცევიან. ზოგადად, პარლამენტში მყოფი ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ დიდად არ აკვირდებიან ხოლმე იმ კანონებს და იმ კანონპროექტებს, რომლებზეც მუშაობა უწევთ.
თუ არის მათი პარტიის ინიციატივა, იციან, რომ მხარი უნდა დაუჭირონ. შეიძლება, ზოგმა იმასაც კი არ მიაქცია ყურადღება, ვისი პარტიის ინიცირებული კანონპროექტი იყო და ამიტომაც დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება გაურკვევლობას, ამომრჩეველში გაურკვევლობა, ბუნდოვანება, ზოგადად, ქვეყანაში ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხელს და ეს არის „ქართული ოცნება“.






