კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, საკუთარ ტერიტორიაზე, წელიწადში 401 500 კუბური მეტრი მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიას ითხოვს. წყალს კომპანია სასტუმრო „ოაზისის“ მიმდებარედ 2 ჭაბურღილიდან მოიპოვებს. შესაბამისი ლიცენზია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.
ლიცენზიის გაცემამდე კანონი ითვალისწინებს სკრინინგის პროცედურას იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს] და შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას. ასეთი გადაწყვეტილება კი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიიღოს.
დოკუმენტების მიხედვით, ჭაბურღილები ზღვიდან დაახლოებით 240 მეტრით არის დაშორებული.

1 და 2 წერტილებით აღნიშნულია ჭაბურღილების ადგილები სასტუმრო „ოაზისის“ მიმდებარედ
„დრიმლენდ ოაზისის“ სკრინინგის განცხადება სააგენტოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა.
სამინისტრო სააგენტოს წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბათუმის ქ. N16-ში მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო დანიშნულებით მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულით ლიცენზიის გაცემის მიზნით სამინისტროში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ მომზადებულია შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტი.
ამ პაკეტის მიხედვით:
- „ლიცენზია გაიცემა მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე [სამეწარმეო დანიშნულებით] ორ ჭაბურღილზე, 401 500 კუბ/მ წელიწადში, შპს „დრიმლენდ ოაზისი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე.
- აღნიშნული ობიექტი დაშორებულია დაბა ჩაქვის ცენტრიდან 0,750 კმ-ით. ტერიტორია არ წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიას.
- წიაღით სარგებლობა დასაშვებია, ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა არ გამოიწვევს გეოდინამიკური სიტუაციის გაუარესებას.
- აღნიშნული მიზნით გაცემული ლიცენზია არ გამოიწვევს წყლის, ნიადაგის, მიწის დაბინძურებას, ნარჩენების წარმოქმნას, გარემოს დაბინძურებას და ხმაურს.“
სააგენტომ თავის მხრივ გამოაქვეყნა განცხადება, რომ „ოაზისის“ მიერ მტკნარი წყლის მოპოვებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისგან შენიშვნებსა და წინადადებებს 23 სექტემბრის ჩათვლით მიიღებს. ასეთ პროცედურასაც გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112; eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ლიცენზიის ფასთან და ვადებთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.
„2026 წლის 31 აგვისტოს დასრულდა კომპანიის ლიცენზიის ვადა. ახალ ლიცენზიაზე კომპანიამ განცხადება უკვე წარმოადგინა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით დადგენილი პროცედურები“ – მოგვწერეს სამინისტროდან.
რაც შეეხება ფასს, სამინისტროში გვითხრეს, რომ „ლიცენზიის მოპოვება საბოლოოდ აუქციონის გზით ხდება“.






