ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი
___
2026 წლის 10 ივლისს ნახევარმა გავიღვიძე.
ერთი თვალით, ერთი ხელით, ერთი ფეხით, ერთი ყურით – აი, ზუსტად ასე შეიძლება გადმოვცე შეგრძნება, როცა მარცხენა მხარეს სმენა აღარ იყო. საერთოდ აღარ იყო. და მეგონა, მასთან ერთად სხეულის მარცხენა ნაწილიც გაქრა.
Wow, Look like კაფკას „მეტამორფოზა“ – ვეხუმრე ჩემ თავს და წამოდგომა ვცადე. მალევე მივხვდი, სარკემდე მისასვლელად ცალ მხარეს გადახრილი სამყარო უნდა გამევლო.
ეს დედამიწა გააჩერა ვინმემ და ჩავდივართ, თუ რა ხდება? – ისევ დავცინე რეალობას, რომელიც არადა არ იცვლებოდა. ვერც საწოლიდან გადავდივარ, ვერც ჩემ თავს და ვერც იმედს ვეღარ ვხედავ.
რა შუაშია სმენა სიარულსა და კოორდინაციასთან ბევრმა არ იცის – და არც მე ვიცოდი. მართლა რაში გვჭირდება ამდენი ცოდნა, როცა ავტოპილოტზე დაყენებულივით მიდის სიცოცხლე.
სინამდვილე კი ასეა – ყური მხოლოდ „დინამიკი“ არ არის. შიდა ყურში სხეულის მთავარი თარაზო იმალება. ვესტიბულური აპარატი – სითხითა და მიკროსკოპული კრისტალებით სავსე ლაბირინთია, რომელიც ტვინს ყოველ წამს კარნახობს, საით არის „ზევით“ და საით „ქვევით“. სმენისა და წონასწორობის ნერვები კი თითქოს ერთი მაგისტრალით მოძრაობენ.
ჰოდა, როცა ეს სისტემა ერთ მხარეს უეცრად ითიშება ან/და იცვლება, ტვინი კარგავს ორიენტაციას. შენ კი ხვდები, რომ უბრალოდ ყურში აღარ გესმის, თუმცა ტვინი დარწმუნებულია, რომ 9-ბალიან შტორმში მოჰყვა. იატაკი იწყებს მოძრაობას, თვალები უნებლიედ ფართოვდება და იკუმშება. სხეული ინსტინქტურად იმ მხარეს მიგათრევს, სადაც სიჩუმე ჩამოწვა.
მაგრამ მაინც მეცინება. რომ იტყვიან, სიმწრითო, ზუსტად ეგრე მეცინება. – ეს რაღა ჯანდაბაა. არსად ჩასვლას არ ვაპირებ. ვაპირებ გავაგრძელო და გზა ვიპოვნო. ასე რომ, Go ahead! – ცოტა გაბრაზებულმაც კი შევძახე ჩემ თავს და სარკემდე გავცურდი.
ხომ უცნაურია, მაგრამ გარეგნული ნაწილების აღწერა სრული სერიოზულობით დავიწყე:
თვალი მაქვს? – მაქვს!
ხელი მაქვს? – მაქვს!
ფეხი მაქვს? – მაქვს!
ყური მაქვს? – მაქვს! მაგრამ რად გინდა. აღარაფერი, საერთოდ აღარაფერი აღარ ესმის. მხოლოდ ეს გავიგე გაგების დონეზე.
იმ წუთას მთავარი იყო მოძრაობა. მოძრაობდა ჩემი დაბნეული სხეული – ნელა, მაგრამ მაინც. გამოდის, არ გაჩერებულა და მოძრაობდა დედამიწაც. მაგიდაზე თეთრი ლამპა და კარადაზე გადაყვავებული ორქიდეა ადასტურებდნენ, რომ დახრილობის კუთხე და მიზიდულობის კანონები არ შეცვლილა. მხოლოდ ერთი ცვლილებაა. ეს არის და ეს.
აბა, აბაა, აბა, ახლა შენი ნერვიულობა არ შეიძლება! ხომ იცი, რომ არ შეიძლება! მარჯვენა ყურის იმპლანტის რეაბილიტაციას გადიხარ და ყველაფერი წყალში ჩაგეყრება, ნათია კაპანაძე! – უკვე ნაკლებად გაბრაზებით ვუთხარი ჩემ თავს. ეს შემოძახებაც სანახევროდ გავიგე, მარჯვენა იმპლანტიდან. ეგ იყო და ეგ.
ცხოვრება ხომ ხელოვნებაა – მივაყარე ჩემ თავს ფილოსოფიურებიც. – თანაც ვისთვის როგორ და რა ფორმით. იქნებ ჩემთვის ის ჰაერში გაჭიმულ თოკზე სიარულია ახლა, თან წონასწორობის ჯოხის გარეშე. მოდი, გავერთოთ სიარულის სწავლით. Why not!
„ნუ იოცნებებ პრობლემებისგან თავისუფალ ცხოვრებაზე. ასეთი რამ არ არსებობს. სანაცვლოდ, იოცნებე კარგი პრობლემების ქონაზე.“ ამ ერთი შეხედვით, სასაცილო ფრაზას ვერაფრით რომ ვერ ვაცნობიერებდი, იმ დღეს ზუსტად გავიგე. ჩემი ცუდი პრობლემა ის იყო, რომ მარცხენა მხარე რაღაცნაირად აღარ მქონდა. კარგი პრობლემა ისაა, რომ შეიძლება პისტაჩიოს ნაყინი გამოვტოვო.
აი, რა დროს პისტაჩიოა!
რატომაც არა!
მოდი, ავირჩევ, რაზე ვიდარდო ახლა – ვუთხარი ჩემ თავს. ჰოდა, იყოს დარდი პისტაჩიოს ნაყინზე. ასე გადავწყვიტე. გადავწყვიტე ისიც, რომ მეორე იმპლანტის ოპერაცია დავაჩქარო. არც ის ვიცი, ასე მოკლე ხანში შეიძლება თუ არა, არც ის შემიძლია დავაზუსტო, ორი რეაბილიტაცია ერთად რას მომიტანს.
აუ, ისევ უნდა გავფუვდე?
ისევ მეხსიერების პრობლემა უნდა დაიწყოს?
ისევ ძალა უნდა წამერთვას?
ისევ გავარკვევ და ისევ გავუმკლავდები – უკვე სრული სერიოზულობით დავპირდი ჩემ თავს სანაყინემდე მისვლის სანაცვლოდ.
იმ დღეს როგორღაც გადავრჩი.
იქნებ იმით, თავი რომ დავირწმუნე, თითქოს ტანჯვა მხოლოდ ნაყინის გამო მიღირს – აუცილებლად ვაფლის ჭიქაში, ნუ, ჯანდაბას, ზემოდან შოკოლადის ნატეხითაც და, რაც მთავარია, პისტაჩიოს გემოთი.
და გავიმარჯვე, რამდენიმე საათის შემდეგ რუბიკონგადალახულივით ვიდექი რიგში. ვფიქრობდი ჩემ თავზე და სხვებზე. ეს ხალხი ახლა ბედნიერი რატომ არ არის რიგში დგომისას?
როცა ამ ბლოგს ვასრულებ, მეორე ოპერაცია უკვე იგეგმება, დაზღვევის თანხმობაც მიღებულია და იმპლანტის აუზის დამცავ შალითასაც ველოდები. მანამდე ჩემმა ექიმმა გამომიგზავნა ოფიციალური ცნობა, სწავლას რომ მოვინდომებ, ჩემთვის აუდიტორია სუბტიტრებით აღჭურვილი, მასალებთან ახლო ხედით და წინა სკამზე გარანტირებული ადგილით რომ უნდა იყოს.
შესაძლოა, თითოეული ეს შედეგი ტონობით ნაყინს იმსახურებს, მაგრამ იყოს პატარა ვაფლის ჭიქით, შოკოლადის ნატეხით და პისტაჩიოს გემოთი. ეს პაწაწინა ჯილდოც კი საკმარისია მოულოდნელობებით სავსე სიცოცხლის შეგრძნებისთვის.
თქვენ როდის ჭამეთ თქვენი საყვარელი ნაყინი?
___
შეზღუდული შესაძლებლობებიდან შესაძლებლობის შეზღუდვამდე – ნათია კაპანაძე






