მთავარი,სიახლეები

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10.09.2026
რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კვლავაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. დღეს, 10 სექტემებრს სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პაპუაშვილის ამ სიყალბეს ეხმაურება:

„გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ  აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამოგვაცხადეს.

ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.

ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ, თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას.

ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია.

მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.

თქვენც დაელოდეთ, ბატონო პაპუაშვილო თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და  მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“.

___

გუშინ შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არაერთი სიყალბე გაავრცელა, როგორც განაჩენის ნაწილში, ისე საერთაშორისო შეფასების თვალსაზრისით.

„აღარავინ მსოფლიოში არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო“ – თქვა პაპუაშვილმა, მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი თვის წინ საფრანგეთის, ბრიტანეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, პოლონეთის საელჩოებმა განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: