მთავარი,სიახლეები

„ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება,“ – რას ამბობს კობახიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე

07.09.2026
„ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება,“ – რას ამბობს კობახიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო და მას „[ხელისუფლების] მართვის სისტემაში დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, წელიწადი და 5 თვე დასჭირდა“

2024 წლის 8 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, კორუფციის ან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით არაერთი მაღალჩინოსანი და ათობით საჯარო მოხელე მოხვდა ციხეში.

2026 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, ციხეშია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. დაკავებულია ან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სხვადასხვა საჯარო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული ათობით პირის წინააღმდეგ.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში თქვა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მითითებით გააკეთა.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა კობახიძეს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან ციტატა წაუკითხა – „მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს“ და ჰკითხა, რას ნიშნავდა ღარიბაშვილის ეს განცხადება, ხომ არ ელოდებოდა ყოფილი პრემიერი მოქმედის გადადგომას.

„არ მინდა აქ სიღრმეში შევიდე, ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ: მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, თქვენ იცით, რომ იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით.

წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა გუნდთან ერთად და კიდევ ერთხელ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, იმისათვის, რომ აღმოგვეფხვრა ის პრობლემები, რომლებიც იყო დაკავშირებული მართვის სისტემასთან.

წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა პირადად მეც, მთლიანად გუნდს, რომ დაგროვილი პრობლემები აღმოგვეფხვრა. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ.

ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ პრობლემებზე. ჩვენ დავინახეთ კონკრეტული პრობლემები. წელიწადი და ხუთი თვე, მათ შორის პირადად მე, დამჭირდა იმისთვის, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა.

ეს გააკეთა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება, პირდაპირი მინიშნება პარტიის ყრილობაზე. ეს მივიღეთ როგორც მთავარი ხაზი და ეს ხაზი გავატარეთ ბოლომდე და წელიწადსა და ხუთ თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის გაწმენდა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ სანამ პრემიერად დანიშნავდნენ, მანამდე პარლამენტში იყო და ჰკითხა, პარლამენტიდან რატომ არ ასრულებდა მაკონტროლებლის როლს.

„პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როცა უშუალოდ მართავ სისტემას, გაქვს სხვა რესურსი.

იმ პირობებშიც კი, როდესაც მეკავა მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა გუნდს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ივანიშვილის მითითების გარეშე, კორუფციას თუ ხედავდით, არ უნდა აღმოგეფხვრათ? – ჰკითხა მას ჟურნალისტმა.

„მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ იმას, თუ ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი. პარტიის ყრილობაზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან გააკეთა ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას.

ამის შემდეგ ერთ თვეში მე დავიკავე პრემიერის თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა მოახერხა სისტემა პრინციპულად გაეთავისუფლებინა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი.

თუმცა, არათუ პარლამენტიდან, მთავრობის მეთაურის პოზიციიდანაც კი, წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ სისტემა მთლიანად გაგვეთავისუფლებინა პრინციპული პრობლემებისგან,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.