მთავარი,სიახლეები

„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან“ – რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში

21.08.2026
„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან“ – რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში

„არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი – მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძე, რომელიც ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრია.

მურმან დუმბაძეს ვესაუბრეთ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე და „ოცნების“ რიტორიკაზე: „ოცნების“ სხვა ყოფილი ლიდერებისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილს ივანიშვილის დაჯგუფებაში აგრესიულად არ უპირისპირდებიან.

„ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ სულ სიჩუმეში იქნება, ამას მოჰყვება რეიტინგის კლება. ამიტომაც, ცოტა უნდა იფაფხუროს, რომ რეიტინგი შეინარჩუნოს. მოკლედ, ღარიბაშვილი შუა წყალშია: იქეთ წავიდეს ცეცხლია, აქეთ – მეწყერი. ბიძინას რომ ძალიან დაარტყას, ბიძინასგან წნეხს მიიღებს, ბიძინა რომ ძალიან დააქოს, მისი სამომავლო მხარდამჭერებიდან ვეღარაფერს ვერ მიიღებს.

ჩემი აზრით, ჯერჯერობით მაინც ფრთხილობს ირაკლი ღარიბაშვილი. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უღალატებს და სამომავლოდაც ასე გააგრძელებს. ის არ აპირებს ბრძოლას. ასე ასრულებს საკუთარ წერილს, მე არავის არ ვებრძვი, საკუთარ თავს ვიცავო,“ – ამბობს მურმან დუმბაძე.

„ბათუმელებმა“ მურმან დუმბაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერია, დღეს იგი პარტიის „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელია:

  • ბატონო მურმან, თქვენთვის რას აჩვენებს „ოცნების“ ლიდერების და მხარდამჭერების რიტორიკა ექსპრემიერ ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე? „ოცნების“ სხვა ლიდერებისგან, მაგალითად, გახარიასგან განსხვავებით, ღარიბაშვილს აგრესიულად არ აკრიტიკებენ. 

მგონი, უფრო იმიტომ, რომ ღარიბაშვილი დატყვევებული ჰყავთ და ინდობენ. გახარიაც რომ დატყვევებული იყოს, მასაც ასევე მოექცეოდნენ. სიძულვილი, როგორც გახარიას, ისე ღარიბაშვილის მიმართ იქნება ერთი და იგივე ივანიშვილის მხრიდან.

ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან. ბიძინა ივანიშვილში არავითარი ცვლილება არ არის. ის არის ჩვეულებრივი „გადამგდები“, ყალთაბანდი, ჯიბგირი ადამიანი. რა დაპირებებითაც მოვედით ხელისუფლებაში, 2 ოქტომბერს უარყო პირდაპირი გაგებით – 2 ოქტომბერს მან ოფიციალურად განაცხადა უმრავლესობის სხდომაზე, რომ ვინც იქნებოდა მისიანი, იცხოვრებდა კარგად. ეს არის მისი სიტყვები.

მოვა დრო, როცა აღარ იქნება ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო, ამ საქმეზე შეიძლება საქმე აღიძრას მის მიმართ: 2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარია – ანუ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი თვეა გასული: მე და ბიძინა ივანიშვილმა ვიკამათეთ სერიოზულ საკითხზე.

შენ რამდენი ბიზნესი გექნება და მე – რამდენი, ამაზე არ გვიკამათია. სერიოზულ სახელმწიფო საკითხზე ვიკამათეთ და მეორე დღეს, ეს არის სადღაც 19-21 თებერვალი, ზუსტად არ მახსოვს, ივანიშვილმა დამირეკა ტელეფონზე. ის მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი. მან მითხრა: „ფრთხილად იყავი, მურმან, ქუჩაში არაფერი მოგივიდეს“. არის თუ არა ეს კრიმინალური განცხადება?

მე რამდენიმე ადამიანი გავაფრთხილე ამის შესახებ, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები. მათ არაფერი არ იღონეს…

როცა 2014 წელს პარტიიდან გამრიცხეს, მაშინ ვთქვი, რომ ივანიშვილმა ეს სიტყვა მითხრა. როცა საქართველოს მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირი, ანუ პრაქტიკულად პირველი სახელმწიფო პოლიტიკური პირი, მეორე სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიმართ აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს კრიმინალური განცხადებაა და ამაზე პროკურატურას უნდა ჰქონდეს რეაგირება.

  • თავის დროზე გაჩუმება რატომ არჩიეთ? 

2014 წლამდე გაჩუმება ვარჩიე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი თეთრ ცხენზე იჯდა და ჩემიანებიც ვერ დავარწმუნე, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ სიტყვებს გამოიყენებდა. ჩემიანების უმეტესობა ფიქრობდა, რომ შიშის დაძლევის პრევენციისთვის ვამბობდი ამას.

ეს კამათი ეხებოდა მთავრობის წევრს, რომელიც მერე გააგდო. ვუთხარი, რომ ეს კაცი არასახელმწიფოებრივად იქცევა-მეთქი. ახლა დაჩაგრულია და არ მინდა ვთქვა, ვის შესახებ ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს…

  • არსებობს მოსაზრება, რომ ივანიშვილის დაჯგუფებაში ბრძოლაა „ლიდერობაზე“ – კობახიძე და მდინარაძე უპირისპირდებიან ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან მას ამ დაჯგუფებაში შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს. 

ვნახულობ ამ ექსპერტულ შეფასებებს, მაგრამ მე ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ გეუბნებით: არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი, მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან.

არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან. ვერცერთი ადამიანი ვერ გადასცემდა მისი ოჯახის წევრს რაიმე წერილს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მოგონილი, მისი დაწერილი, მისი ნათქვამი, მისი ინიციირებული და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილია ამ საქმის თავშიც და ბოლოშიც.

„ქართულ ოცნებაში“ ვინც დარჩა, ჩანს, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი მაინც ირაკლი ღარიბაშვილს აქვს. ის არ არის პოლიტიკური ფიგურა, ისიც ფუტუროა – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ასე თუ ისე, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის გვერდით იყო.

ვერ დამისახლებთ ინტერვიუს, საჯარო გამოსვლას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, როცა ირაკლი ღარიბაშვილი რამეს ამბობს მიმდინარე პროცესებზე, საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ პირველ ოქტომბრამდე ივანიშვილის გვერდით იყო ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც მეგობარი. ამას უფასებს „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილს.

მურმან დუმბაძე

  • რა საფრთხე შეიძლება დაენახა ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილში დღეს? 

გახარიამ ხომ „ქართული ოცნებიდან“ რაღაც ხმები წაიღო – ეს აშკარაა. ახლა გახარიას რაღაც ხმებს რომ დაემატოს ღარიბაშვილის ხმები – ეს ბიძინა ივანიშვილს აკლდება. ამიტომ ის ამაზე ფიქრობს: შეიძლება ხვალ მესამე კაცი დაიბადოს, შეიძლება, ვიღაც გაჩნდეს კიდევ ახალი. ასე რომ, ამით ერთგვარად იზღვევს თავს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილმა პარტია რომ შექმნას, გაცილებით მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე მდინარაძე და კობახიძე ერთად აღებული. ამიტომაც, ივანიშვილისთვის ეს არის სამომავლო ხიფათი – როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არ იქნება, ხიფათია.

თანაც, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. მესამე წერილში წერს ღარიბაშვილი, რომ ძალიან მიყვარს ბიძინა ივანიშვილიო.

  • ივანიშვილის მოღალატედ ცდილობთ, რომ გამომიყვანოთო… 

ზუსტად ისე ლაპარაკობს, როგორც ეკა ბესელია ლაპარაკობდა, სანამ ბოლომდე თავში არ ჩაარტყეს. ეკა ბესელია რომ წამოვიდა პარლამენტიდან, ვერავინ ვერ ათქმევინა აუგი ბიძინა ივანიშვილზე.

  • ღარიბაშვილს რა გათვლით აწყობს ისევ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დათბობა? 

ციხეშია. ეს არის მშიშარა ადამიანის მოსაზრება, ღარიბაშვილს არავითარი გაბედულება არ აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც მიშას დროს მიშა იყო, შევარდნაძის დროს შევარდნაძე იყო, ანუ მისი ოჯახი და მთელი მისი შემადგენლობა: სიმამრი, სიდედრი და ასე შემდეგ.

თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეს კაცი მართლა მიხეილ სააკაშვილს ებრძოდა? ღარიბაშვილის ბიძია – დედის ძმა იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი გამგებელი დედოფლისწყაროში. ირაკლი ღარიბაშვილის მამა – ტარიელ ღარიბაშვილი დაბა დედოფლისწყაროს გამგებელი იყო.

ასე რომ, ეს ხალხი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მსახურები იყვნენ. მათ მოსწონდათ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც ხელისუფლება. არავითარი წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მათგან არ ყოფილა.

ამ ოჯახის გაზრდილი კაცია ირაკლი ღარიბაშვილი და, ბუნებრივია, იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს. მონა სხვაგვარად არ მოიქცევა.

  • 13 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილს ცოლი წერდა ფეისბუკში: „უფალმა არ გაგვწირა, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ“, დღეს კი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ოჯახის აწიოკებაზე – მიმანიშნეს 75 წლის მამის დაჭერაზეო. ამას როგორ ხსნით? 

ნუნუკა თამაზაშვილიც ხომ რაღაც განსაკუთრებულ ოჯახში არ არის გაზრდილი. ნუნუკა თამაზაშვილის მამა იყო ცნობილი პოლიციელი – მას რაიმე აუგი უთქვამს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაზე ერთხელ მაინც?

ეს ხალხი ასე ცხოვრობს-  ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში: შევარდნაძის დროს შევარდნაძეა, აბაშიძის დროს აბაშიძეა, მიხეილ სააკაშვილის დროს მიხეილ სააკაშვილია. ასეთი ადამიანები არიან.ისინი ტივტივებენ მუდმივად და გააგრძელებენ ტივტივს, ვიდრე ჩვენ არ მოვიქცევით წესიერად – ამიტომაც, ჩვენ უნდა ვიყოთ წესიერი ხალხი.

ღარიბაშვილის განაცხადი ოჯახზე ერთგვარი პრევენციაა. როგორც ჩანს, ციხეში მას ფიზიკურადაც შეეხნენ – საავადმყოფოში იყო. მერე გარდაიცვალა ღარიბაშვილის ცოლის ძმის სიმამრი ძალიან საეჭვო ვითარებაში – ეს ყველაფერი ემატება ერთმანეთს. ახლა ღარიბაშვილი მარტოა საკანში, წერს და აქვეყნებს იმ წერილს, რასაც აქვეყნებს. ის ამბობს, რომ მაგარია, მაგრამ მაგარია ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

  • ამავე წერილში მიმართავს „ოცნებას“, სარკისებურად გიპასუხებთ ყველასო… 

ასე პასუხობს კობახიძეს და მდინარაძეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კი, სიყვარული და რიდი შენარჩუნებული აქვს.

ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ სულ სიჩუმეში იქნება, ამას მოჰყვება რეიტინგის კლება. ამიტომაც, ცოტა უნდა იფაფხუროს, რომ რეიტინგი შეინარჩუნოს. მოკლედ, ღარიბაშვილი შუა წყალშია: იქეთ წავიდეს ცეცხლია, აქეთ – მეწყერი. ბიძინას რომ ძალიან დაარტყას, ბიძინასგან წნეხს მიიღებს, ბიძინა რომ ძალიან აქოს, მისი სამომავლო მხარდამჭერებიდან ვეღარაფერს ვერ მიიღებს.

ჩემი აზრით, ჯერჯერობით მაინც ფრთხილობს. ის ამბობს, რომ ივანიშვილს არ უღალატებს და სამომავლოდაც ასე გააგრძელებს. ის არ აპირებს ბრძოლას. ასე ასრულებს საკუთარ წერილს, მე არავის არ ვებრძვი, საკუთარ თავს ვიცავო.

  • „ოცნება“ რატომ ინდობს ირაკლი ღარიბაშვილს, მაგალითად, გია ვოლსკი ამბობდა, განვიცდით ამ მდგომარეობას, რაშიც ღარიბაშვილი აღმოჩნდაო, ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან, ვიღაც ცდილობს პროვოკაცია ჩამოაგდოსო. 

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ კარგად შესწავლილი აქვთ რეიტინგები და ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ სალიდერო პოზიციაზეა. იციან, რომ ის ხმები, რაც შეიძლება ღარიბაშვილის სახით ივანიშვილს გამოაკლდეს, საკმაოდ სოლიდური იქნება.

ეს არის კრიმინალური ბანდის სხვადასხვა წევრებს შორის დაპირისპირება. როგორც ფინანსური დაპირისპირება, ისე დაპირისპირება გავლენებში, კადრებთან მიმართებით და ასე შემდეგ.

  • რა იცვლება ამით არსებითად ივანიშვილის დაჯგუფებაში? ახერხებს ივანიშვილი დიქტატურის გზაზე კიდევ უფრო გაიმყაროს საკუთარი პოზიციები? 

არაფერი ამით არსებითად არ იცვლება. სამომავლო ხელისუფლება უნდა გავაფრთხილოთ, რაც გვითხრეს 300 წლის წინ, რომ არ შეიძლება იყო ხელისუფლებაში იმაზე უფრო მეტი ხნით, ვიდრე ამის ლეგიტიმაციას გაძლევს მოქალაქე. როცა მოქალაქე ლეგიტიმაციას არ გაძლევს, უნდა წახვიდე.

დღეს საქართველოში არის კლასიკური, ავტორიტარული რეჟიმი. თუ ჩვენ ნამდვილ, დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, რომელსაც ჰქვია „ერთი ადამიანი – ერთი ხმა“, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს, ბუნებრივია, წააგებს. მისი ხელისუფლებაში შენარჩუნების გზა გადის სწორედ ავტორიტარიზმზე: დღეს ეს უნდა დაჩაგროს, მერე ის უნდა დაჩაგროს, მერე რაღაც ახალი მესიჯი უნდა გამოაცხოს.

დემოკრატიით მართვა, თვითმმართველობით, არჩევნებით, კონკურენციით მართვა ბიძინა ივანიშვილს აღარ შეუძლია 2016 წლის შემდეგ. ამიტომაც, იგი დამარცხებულია…

შეუძლებელია, ამ რეჟიმში ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე გაქაჩოს. გამორიცხულია – იმიტომ, რომ მაგაზე მაგარი დიქტატორები არიან ხელისუფლებიდან წასული. შეიძლება, ეს გაგრძელდეს ერთი კვირა, ერთი წელი, თუ ათი წელი, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის დასასრული იქნება ძალიან ცუდი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: