მთავარი,სიახლეები

რა გეგმები აქვს ზურაბ პატარაძის მეგობარს ბათუმგორაზე, ყოფილი გულის საავადმყოფოს ადგილას

19.08.2026
რა გეგმები აქვს ზურაბ პატარაძის მეგობარს ბათუმგორაზე, ყოფილი გულის საავადმყოფოს ადგილას

ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია „გთმ ინვესთი“ ბათუმგორაზე, საიდანაც მთელი ქალაქის, სანაპიროსა და ზღვის ხედი იშლება, 2 ჰექტრაზე მეტ ფართობს ფლობს და აქ მშენებლობას გეგმავს. სასტუმრო „თანამგზავრის“ მომიჯნავედ 25 576 კვ.მეტრზე განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების მომზადებაზე დავალება ბათუმის ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანს 2023 წელს გაუცია.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

2017 წელს აქ გულის საავადმყოფო დაანგრიეს. დოკუმენტების მიხედვით, დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიას ქონების მაშინდელ მფლობელზე, შპს „ჰესტოკ ბათუმზე“ აქვს გაცემული. აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, ამ კომპანიამ ბათუმგორას ტერიტორიაზე მოაწყო საბაგირო გზა და გასართობი ცენტრი „არგო“, ააშენა ეკლესია. 

გულის საავადმყოფო – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

2022 წელს კომპანიის ეს ქონება შპს „უძრავი ქონების მართვის კომპანიაზე“ გადააფორმეს, შემდეგ კი ედნარ პაპუნაშვილის კომპანიამ „გთმ ინვესტმა“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა.

2023 წელს შპს „გთმ ინვესტის“ მაშინდელმა დირექტორმა, ჯუმბერ ჭყონიამ მინდობილობა გაუფორმა შპს „სტრუდია 9“-ის დირექტორს, რომელსაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტები უნდა მოემზადებინა და მერიაში კომპანიის სახელით წარემართა პროცედურები.

ამავე წელს მერიას მიმართეს კიდეც და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყო. კომპანია პროექტის განმარტებით ბარათში წერდა, რომ საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი სახლებისა და სასტუმროების, ასევე კომერციული ფართობების მშენებლობას გეგმავდა.

„საპროექტო მოცულობა 6 სართულიანია. საპროექტო ტერიტორიაზე სიმაღლის მაჩვენებელი რეგულირდება საპროექტო ფუნქციური ზონის საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3) შესაბამისად. შენობის სივრცითი გადაწყვეტის დაგეგმვის მნიშვნელოვან არგუმენტად მიგვაჩნია საპროექტო ობიექტის ბლოკების მცირე მოშენების მაჩვენებელი. ეს გაცილებით ზრდის ტერიტორიაზე გამწვანებული და ღია სივრცეების დაგეგმარების შესაძლებლობას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ეს სავარაუდო მონახაზი – ესკიზი მერიაში იყო წარდგენილი

ედნარ პაპუნაიშვილი „ბათუმში“ ცნობილია,  როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი და აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარია.

ედნარ პაპუნაიშვილი არის  სწორედ ის ბიზნესმენი, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ შვილს პომპეზური ქორწილი გადაუხადა ბათუმის სანაპიროზე „რესტორან G 17 -ში. სიძის მეჯვარე იყო ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა, ის ქორწილს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დაესწრო.

სხვათა შორის, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ქორწილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა. მეგობრის შვილის ქორწილში მისვლა ცალკე აღსანიშნი ამბავი ალბათ არ უნდა იყოს, თუმცა საქმე ისაა, რომ G 17-ის მფლობელ კომპანიას მუნიციპალიტეტთან საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუთავდა, რესტორანი კი ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ხელშეკრულების გარეშე აგრძელებს, ანუ უკანონოა.

უკანონო რესტორანში მთავრობის თავმჯდომარის ქეიფი კი, კითხვებს ყოველთვის იწვევს.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: