განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ იცვლებოდა მასწავლებლის ანაზღაურება წლების მიხედვით საქართველოში – კვლევა

31.07.2026
როგორ იცვლებოდა მასწავლებლის ანაზღაურება წლების მიხედვით საქართველოში – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ [CCIIR] საქართველოში, საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 1 888 ლარია, რაც ეროვნული საშუალო ხელფასის მხოლოდ 55-60%-ია.

  • რა ხდებოდა რეფორმამდე, ანუ 2005 წლამდე

კვლევის მიხედვით, სერტიფიცირების რეფორმამდე მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში უკიდურესად დაბალი იყო და შეადგენდა დაახლოებით 80-150 ლარს თვეში სრული დატვირთვის მასწავლებლისთვის.

„ხელფასები გაიცემოდა სკოლების კონსოლიდირებული ბიუჯეტებიდან, გამჭვირვალობისა და სტანდარტიზაციის ნორმები გათვალისწინების გარეშე. 2005 წლის განათლების კანონმა კი შექმნა საფუძველი სულადობრივი დაფინანსებისა და ახალი სახელფასო ჩარჩოსთვის.

2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით, საბაზო ხელფასი განისაზღვრა 165 ლარით. 2008 წელს ეს მაჩვენებელი რამდენიმეჯერ შესწორდა და გაუტოლდა 195 ლარს, ხოლო წლის ბოლოსთვის 220 ლარამდე გაიზარდა.

მასწავლებლის პირველი სასერთიფიკაციო გამოცდები 2010 წლის 13 ივლისს გაიმართა. ამ დროს შემოიღეს სერტიფიცირების დანამატი – 75 ლარი, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.

მასწავლებელს, რომელსაც ასევე ჰქონდა ჩაბარებული ინგლისური ენისა და საბაზო კომპიუტერული უნარების გამოცდა, დანამატის ჯამური ოდენობა 200 ლარამდე ეზრდებოდა (75+125 ლარი).

ამასთან, სერტიფიცირებული მასწავლებლების საუკეთესო 25%-ის ხელფასი, რომელთაც ასევე ჰქონდათ ინგლისურისა და კომპიუტერული უნარების სერტიფიკატი, მთლიანობაში 1000 ლარამდე ივსებოდა“ – ნათქვამია კვლევაში.

სქრინი CCIIR-ის კვლევიდან.

2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი დაახლოებით 330 ლარს შეადგენდა. ამ პერიოდისთვის მოქმედებდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც სამ კატეგორიად იყო განსაზღვრული: სერტიფიცირებული, პირველი, უმაღლესი.

ეს სიტემა 2015 წლამდე შენარჩუნდა, 2015 წელს კი შეიქმნა სახელფასო დანამატების ახალი სისტემა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ამოქმედებულ სქემას ეფუძნებოდა.

სქემის საფეხურების შესაბამისად, „უფროსი მასწავლებლის” სტატუსის დანამატი განისაზღვრა 160 ლარით, „წამყვანი მასწავლებლისა” – 250 ლარით, ხოლო „მენტორის” სტატუსის დანამატი კი – 300 ლარით.

2015-2023 წლებში მთავარი აქცენტი კეთდებოდა არა მასწავლებლის საბაზისო ხელფასის ზრდაზე, არამედ მასწავლებელთა პროფესიული სტატუსის შესაბამისი დანამატის გაზრდაზე. 2023 წლისთვის მასწავლებლის ყველა სტატუსის დანამატები თითქმის ხუთჯერ გაიზარდა 2015 წელთან შედარებით.

2024 წლის რეფორმის შედეგები კი სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებული აღმოჩნდა.

„ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს უფროსმა მასწავლებლებმა, სრული ან მაღალი დატვირთვის მქონე მასწავლებლებმა, დიდი სკოლების პედაგოგებმა, იმ მასწავლებლებმა, რომლებიც კვირაში 18-25 საათს ასწავლიან.

იმ პერიოდში, უფროსი მასწავლებლები წარმოადგენდნენ სისტემის ყველაზე დიდ ნაწილს – დაახლოებით 41 700 პედაგოგს. ამიტომ რიცხობრივად სწორედ ისინი გახდნენ რეფორმის მთავარი ბენეფიციარები“- ნათქვამია კვლევაში.

ამავე წყაროს მიხედვით, 2024 წლის ცვლილებებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგი კატერორიის მასწავლებლები: წამყვანი, მენტორი, ნაწილობრივი დატვირთვის მქონე პედაგოგები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები, სოფლისა და მცირე სკოლების მასწავლებლები, მაღალმთიანი და არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები.

ამ ცვლილებას მასწავლებლების პროტესტიც მოჰყვა. მათი ნაწილი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და ხელფასების მატების ნაცვლად დააკლდათ.

2023 წლისთვის სტატუსის დანამატები შეადგენდა: უფროსი მასწავლებელი – 795 ლარი; წამყვანი მასწავლებელი – 1 175 ლარი; მენტორი მასწავლებელი – 1 475 ლარი.

2024 წლის რეფორმის შემდეგ უფროსის სტატუსის დანამატი გაუქმდა; წამყვანის დანამატი 150 ლარამდე შემცირდა; მენტორის დანამატი 300 ლარამდე შემცირდა.

„ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი პროფესიული სტატუსების დანამატები დაახლოებით 80-85%-ით შემცირდა. შესაბამისად, კარიერული წინსვლის ფინანსური სტიმული მნიშვნელოვნად შესუსტდა“ – წერია კვლევაში.

პედაგოგების ნაწილმა სქემაში შეტანილი ბოლო ცვლილება მასწავლებლების დაცინვად შეაფასა.

კვლევის მიხედვით, ბოლო ცვლილებები ნეგატიურად აისახა მაღალმთიანის დანამატის წილზე საბაზო ხელფასთან მიმართებით.

„მაღალმთიანის დანამატი ამჟამად შეადგენს 150 ლარს.

2016 წელს იგი საბაზო ხელფასის დაახლოებით 35%-ს და საშუალო ხელფასის 11%-ს შეადგენდა, ხოლო დღეს საშუალო ხელფასის მხოლოდ დაახლოებით 8%-ს წარმოადგენს“ – ნათქვამია კვლევაში.

CCIIR-ი წერს, რომ საქართველოში მოქმედი მოდელი უფრო მეტად წაახალისებს ჩატარებული გაკვეთილის საათობრივ რაოდენობას, ვიდრე მასწავლებელთა პროფესიულ კომპეტენციას თუ ჩატარებული გაკვეთილების ხარისხს.

საქართველოს სახელფასო ფორმულა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგალითად, OECD-ის ქვეყნებში [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები] არსებული სისტემისგან, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება სტაბილურ საბაზო ხელფასზე და პროფესიული გამოცდილება და კარიერული წინსვლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასწავლებლის ხელფასის ფორმირებაში.

„საქართველოში მოქმედი მოდელი კი ახალისებს საათობრივ დატვირთვაზე ორიენტირებულ პრაქტიკას და ფოკუსირდება უშუალოდ ჩატარებულ გაკვეთილზე, ხოლო უგულებელყოფს სასკოლო პოლიტიკასა და იმ აქტივობებს, რომლებიც სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის არის აუცილებელი“ – ნათქვამია კვლევაში.

________________

ამ თემაზე:

„მასწავლებელთა უმრავლესობას შემცირებული ხელფასი ექნება სექტემბერში “- მანანა რატიანი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: