ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარის გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უნებართვო კომერციული ობიექტების დაშლით დაწყო, თუმცა რამდენიმე გამონაკლისი დაუშვეს და გენგეგმაში შესაბამისი ცვლილებებიც შეიტანეს.
შეუსაბამო ნაგებობების ნგრევის პროცესს აქტიურად ეხმაურებოდა და მხარს უჭერდა საკრებულოში „ოცნების“ უმრავლესობა. ამაში, თავისთავად, ცუდი არაფერია, იმ შემთხვევაში, თუ მიდგომა შერჩევითი არ იქნება და მერია რეალურად „გაჰყვება“ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს.

ობიექტების დემონტაჟის პროცესი ბათუმის ბულვარში
ბათუმის ბულვარის გენგეგმაზე ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.
ნგრევის პროცესის შეჩერების შემდეგ სოციალურ ქსელებში მოქალაქეებმა არაერთხელ დააფიქსირეს ეჭვები იმის თაობაზე, რომ ბულვარში კაფე-რესტორნების ძველ მფლობელებს ახლები ჩაანაცვლებენ და რეალურად არაფერი შეიცვლება.
შეძლებს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, რომ ეს მოლოდინი არ გაამართლოს? – საეჭვოა, რადგან რამდენიმე გამონაკლისი მერიის ინიციატივით საკრებულომ უკვე დაუშვა. მაგალითად, გენგეგმაში ახალი ჩანაწერი გაჩნდა „სანრემოსთან “ დაკავშირებით. ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ მერია არ იმჩნევს რესტორან „G17“-ს , რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვადაგასული ხელშეკრულებით, ანუ უკანონოდ ფუნქციონირებს.
გარდა იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გასული აქვს, „ბათუმელები“ მშენებლობის მომენტიდან ამ დრომდე არკვევს, თუ იყო გაცემული ნებართვა პლაჟზე იმ მასშტაბის მშენებლობისთვის, როგორშიც რესტორანი „G17“ არის განთავსებული. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც სანდო წყარომ დაგვიდასტურა, კომპანიას მხოლოდ პირსის აღდგენისა და მცირე ზომის მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობაზე ჰქონდა ნებართვა.
მშენებლობის პროცესში მერიაში გვითხრეს ისიც, რომ ადმინისტრაციული წარმოება იყო დაწყებული, თუმცა კონკრეტულად რა დარღვევაზე – არ დაგვიკონკრეტეს.
„G17-ს“ ბიზნესმენი ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს. ცნობილია, რომ ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარია. საინტერესოა, იმიტომ ხომ არ ხუჭავს თვალს მერია, რომ რესტორნის მფლობელს ზურაბ პატარაძე ლობირებს? – ამაზე ზურაბ პატარაძეს ჰკითხეს კიდეც აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, როცა თავის გეგმებზე ისაუბრა.
მაშინ ზურაბ პატარაძემ ამ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საქმე გვქონდა სამართლებრივ პროცესთან, თუმცა მას არ დაუზუსტებია, რა სამართლებრივ პროცესს გულისხმობდა.
სამაგიეროდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ უკანონო რესტორანში, გასულ კვირას, ქორწილში მივიდა. ბიზნესმენმა პაპუნაიშვილმა სწორედ ამ რესტორანში გადაიხადა შვილის ქორწილი, რომელსაც „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილიც ესწრებოდა მეჯვარის ამპლუაში, ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი კი თამადა იყო.
სხვათა შორის, „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ყოფილი მერი, არჩილ ჩიქოვანი მიპატიჟების მიუხედავად არ მივიდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებულ რესტორანში იმართებოდა: „გვითხრა მანდ ვერ წამოვალ, უკანონოდ აშენებულიაო“, თუმცა ვერაფერი გააკეთა უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად – ამ შემთხვევაშიც საქმე დიდ ფულთან ერთად დიდ გავლენებს ეხებოდა.
ისეთ მასშტაბებს, როგორიც არის „G17“ და „სანრემო“ ბულვარის გენგეგმა არ უშვებს. აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ საკრებულომ დოკუმენტის დამტკიცებამდე ამოიღო ჩანაწერი მშენებარე სასტუმრო „ამბასადორზე“ – გენგეგმაში ეწერა, რომ ის ბულვარისთვის შეუსაბამოა. შემდეგ „სანრემოსთან“ დაკავშირებული ჩანაწერიც შეცვალეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩვენი ურბანული მეხსიერების ნაწილიაო.
„ბათუმელები“ ამჯერად იმით დაინტერესდა, როგორ უნდა გადანაწილდეს კომერციული ობიექტები ბულვარში, თუ გადაწყვეტილებებს მართლაც მიიღებენ უკვე დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით.
გენგეგმით განსაზღვრულია ძირითადი გასასვლელები სანაპიროზე და თითოეული ასეთი გასასვლელი წერტილიდან დადგენილია ხედვის არეალები [120 გრადუსიანი კუთხე], ამ არეალებში კი დადგენილია შეზღუდვის ზონა, რომელშიც არ უნდა განთავსდეს არც ერთი შენობა – ბულვარიდან პრომენადზე გამოსვლისას, შენობებმა რომ არ შეუშალოს ხელი ზღვის ხედის აღქმას. სწორედ ამ მიდგომით განსაზღვრეს შენობების განთავსების არეალები.
სპეციალისტები ასევე განმარტავენ, რომ მსოფლიო ანალოგების გათვალისწინებით, განისაზღვრა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა განთავსებაც შესაძლებელია სანაპირო ზოლში – მცირე ზომის კაფე, საჩრდილობელი, ტუალეტი, საშხაპე, გასახდელი, სამაშველო კოშკი, ბავშვთა სათამაშო მოედანი, ქვიშის სპორტული მოედანი.
დოკუმენტის მიხედვით, სანაპირო ზოლში განთავსებული კვების ობიექტები განკუთვნილი უნდა იყოს ძირითადად პლაჟის მომსახურებისთვის, თუმცა მათთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს პრომენადის მხრიდანაც.

ესკიზი გენგეგმიდან
ჯამში სანაპირო ზოლში გათვალისწინებულია 20 მცირე ზომის კაფე, რომლებიც ერთმანეთისგან საშუალოდ 240 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. თითოეულ კვების ობიექტს, პრომენადის გასწვრივ უნდა ეკუთვნოდეს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, სადაც შესაძლებელი იქნება შეზლონგების, სპორტული მოედნების ან საბავშვო ზონის განთავსება.
დოკუმენტის მიხედვით, სანაპირო ზოლში კაფე-რესტორნებისთვის ალტერნატიული ადგილი გამოინახა საოცრებათა პარკის ტერიტორიაზე, რომელიც უმეტესად თავისუფალია.
სპეციალისტები წერენ ისტორიული ბულვარის საზღვრის მიჯნაზე, ნინოშვილის ქუჩის საფეხმავლოდ გარდაქმნაზე სეზონურად, კვირის არასამუშაო დღეებში, ან მუდმივად. მათი მოსაზრებით, ეს შექმნის განსხვავებულ საჯარო სივრცეს. მეორე მხრივ კი მოხსნის ეკონომიკურ დაწოლას ბულვარში რესტორნებისა და კაფეების მშენებლობის კუთხით.
„ქუჩაზე შესაძლებელია ღია, სეზონური [საზაფხულო] კაფე-ბარების განთავსება, რომელიც დღის და საღამოს განმავლობაში აქტიურად მოემსახურება ბათუმის სტუმრებს.“
გენგეგმა ცალკე განიხილავს არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის შესაძლებლობებს:
„არდაგანის ტბას სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ე.წ. რესტორნების კლასტერი. ეს ტერიტორია თავიდანვე განვითარდა, როგორც კვების ობიექტების არეალი და აქ განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული არქიტექტურის იმიტაციით შესრულებული შენობები სარესტორნო ფუნქციებით, შენობების არქიტექტურული ხარისხი უმეტესად მდარეა.“
სპეციალისტები წერენ, რომ კვების ობიექტები ამ ტერიტორიაზე უსისტემოდ არის განლაგებული. ამასთან, ისინი ძირითადად პრომენადის პირას მდებარეობენ და ფასადებით უხეშად გამოდიან ზღვისპირა ღია ფრონტზე. ეს არღვევს ბულვარისთვის მნიშვნელოვან გეგმარებით პრინციპს, რომ სანაპირო ზოლს გასდევს პრომენადი, მას თავის მხრივ ველობილიკი, რომელსაც მოსდევდეს გამწვანების ზოლი.
„გრძელვადიან პერსპექტივაში ამ შენობებმა უნდა გადაინაცვლონ ხიმშიაშვილის ქუჩის პირზე. ასე უკეთესად მოხდება ამ რესტორნების მომსახურება ქუჩის მხრიდან, ხოლო გამოთავისუფლებული ადგილი უნდა შეივსოს გამწვანებით და ამგვარად აღდგეს მწვანე ზოლის განგრძობადობა პრომენადის გასწვრივ და კავშირი ტბასთან.“
გენგეგმა კაფესთვის სივრცის მოწყობის შესაძლებლობას განიხილავს საზაფხულო თეატრშიც:
„ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გახლდათ საზაფხულო თეატრი. თავდაპირველ საზაფხულო თეატრს გააჩნდა მსუბუქი, საპარკო არქიტექტურისთვის შესაფერისი გადაწყვეტა და ის ხის მასალით იყო შესრულებული. ახლანდელი თეატრი უფრო დიდი ზომისაა და მისი არქიტექტურული იერ-სახე ამოვარდნილია გარემო კონტექსტიდან.
მიგვაჩნია, რომ მომავალში უნდა აღდგეს ხანძრის შედეგად განადგურებული საზაფხულო თეატრის შენობა, რომელსაც გარდა გარკვეულ დღეებში, კონკრეტულ საათებში გამართული საკონცერტო ან თეატრალური წარმოდგენებისა, შეუძლია დღის და საღამოს განმავლობაში შეითავსოს საზაფხულო კაფე-რესტორნის, ხოლო ღამის საათებში ღამის საცეკვაო თუ კლუბური მუსიკის ფუნქციები. ამისათვის შესაძლებელია მოეწყოს ტრანსფორმირებადი შიდა სივრცე.“







