„ის, რაც ახლა სკოლებში ამ ფორმით შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის სწავლება, არამედ ეს არის მცდელობა, შეიტანონ ერთგვარი იდეოლოგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს“- ასე ეხმაურება საჯარო კოლებში სასულიერო პირების შეყვანას თეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ბექა მინდიაშვილი ფეისბუქზე.
მისი თქმით, სკოლებში რელიგიის სწავლების დაბრუნებას საპატრიარქო წლებია ცდილობს, მაგრამ „ამჯერად საქმე სხვა მოვლენასთან გვაქვს“.
„2017 წელს ეს მცდელობა სასწავლო გეგმის შექმნაზე მუშაობის დაწყებამდეც კი მივიდა, მაგრამ მალევე დასრულდა, – იმდენად წარმოუდგენელ მოთხოვნებს აყენებდნენ, თუ რა უნდა ასახულიყო სასწავლო გეგმაში. მაგალითად, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ითხოვდა კაცობრიობის ისტორიის გადაწერას და მის გამართვას ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით და ა.შ.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, პირადად მეც და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით, ვეწინააღმდეგებოდით რელიგიის სწავლების შეტანას საჯარო სკოლებში სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოში რელიგიური განათლება უაღრესად პრობლემურ ხასიათს ატარებდა და არსებითად განათლების სამოქალაქო და აკადემიურ მიზნებს უპირისპირდებოდა, უგულებელყოფდა სკოლისა და რელიგიის გამიჯვნის, ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის მოთხოვნებს.
თავისთავად, რელიგიის აკადემიური სწავლება უმნიშვნელოვანესია და ის უნდა ატარებდეს როგორც ისტორიულ, ისე ფენომენოლოგიურ ხასიათს. უნდა მოიცავდეს მთელ მრავალფეროვნებასა და იმ რელიგიურ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სამოქალაქო თანაარსებობას: სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების პატივისცემის, სიყვარულის, თანასწორუფლებიანობის, უმცირესობისა და უმრავლესობის ურთიერთობის, სამოქალაქო გაბედულების, ქველმოქმედებისა და ემპათიის, შემწყნარებლობის ღირებულებებს – ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ყველა დიდ რელიგიაში საერთოა.
მაგრამ საქართველოში რელიგიის სკოლებში შეტანის წინააღმდეგ ჩვენ სწორედ იმ საფუძვლით გამოვდიოდით, რომ არ არსებობენ აკადემიურად და ღირებულებათა დონეზე სათანადოდ მომზადებული, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების მქონე პედაგოგები, რომლებიც რელიგიის შესახებ და რელიგიიდან სწავლებას შეძლებენ, არ არსებობდა სკოლებში სხვა აღმსარებლობისა და შეხედულებების მოსწავლეების დისკრიმინაციისგან დაცვის ეფექტური სისტემა
რა გააკეთეს ახლა? ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე აიღეს და პირდაპირ მართლმადიდებელი სასულიერო პირები შეიყვანეს სკოლებში. ოღონდ ისინი ასწავლიან არა რელიგიას, როგორც ასეთს, არამედ ფაქტობრივად რელიგიისა და ეთნიკური იდენტობის საფუძველზე ჩამოყალიბებული შეხედულებების ჰიბრიდს, რასაც ნაციონალიზმსაც ვერ დავარქმევ, რამდენადაც, შესაძლოა სწავლების ეს ფორმა, საბოლოო ჯამში, სწორედ ანტიეროვნულ მიზნებს ემსახურებოდეს.
ფაქტობრივად, სწავლების საფუძველი არის ის პარადიგმა, რომ ვიწრო ეთნიკური და არა ფართო ეროვნული იდენტობა და მართლმადიდებლობა ერთი და იგივეა და ამ ორ რამეს ერთობლივად მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს სწავლების ფორმა თითქოსდა კლუბურია და არაა სავალდებულო, ნებაყოფლობითია.
თუმცა, ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, თუ სასკოლო აკადემიური დროის მიღმა სკოლის სივრცეში რელიგია კლუბური ფორმით ისწავლება, მაშინ ეს უშუალოდ მოსწავლეების თავისუფალი ინიციატივა უნდა იყოს და არა განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს მხრიდან ასე მეთოდურად და დემონსტრაციულად თავსმოხვეული რამ.
ის, რაც ახლა სკოლებში ამ ფორმით შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის სწავლება, არამედ ეს არის მცდელობა, შეიტანონ ერთგვარი იდეოლოგია, რომლითაც ქართული ოცნება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საჯარო სკოლებში რელიგიის საფარქვეშ სწორედ ამ იდეოლოგიური ჰიბრიდის სავალდებულო სწავლების ხასიათს მიიღებს და მძიმე გავლენას მოახდენს ბავშვების ცნობიერებასა და ფსიქიკაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რამდენად დისკრიმინაციულია ამგვარი სწავლების ფორმა სხვა რელიგიებთან მიმართებით და ამ კუთხით რამდენად პრობლემატური იქნება თავად სწავლების შინაარსი.
სავსებით შესაძლებელია, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველად, იდეოლოგიური და პოლიტიკური პროპაგანდა – აგიტაციის დაბრუნების მცდელობა საჯარო სკოლებში“- წერს ბექა მინდიაშვილი.
________________
ამ თემაზე:
სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან – განათლების სამინისტრო






