განათლება,მთავარი,სიახლეები

„შეიძლება ეს იყოს ოცნების უკანასკნელი შანსი“ – რას მოუტანს განათლებას ჩინური სისტემა

12.06.2026
„შეიძლება ეს იყოს ოცნების უკანასკნელი შანსი“ – რას მოუტანს განათლებას ჩინური სისტემა

„ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთი ჯერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა, შემდეგ კი ვიზიტებს მოუხშირა ამ ქვეყანაში.

არაერთი ვიზიტით იმყოფებოდა „ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძეც კომუნისტურ ჩინეთში. ბოლო ვიზიტი ივნისის დასაწყისში ჰქონდა და პრესრელიზების მეშვეობით გვამცნო, რომ საქართველოსა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

მიქანაძის აზრით, ჩინეთთან გაფორმებული პარტნიორული ურთიერთობები ქართველ ახალგაზრდებს მისცემს „უნიკალურ შესაძლებლობებს“ მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და გაიღრმაონ პროფესიული უნარები.

რას ნიშნავს დასავლეთთან ურთიერთობების დაზიანების შემდეგ, ჩინეთთან აქტიური თანამშრომლობა და როგორ შეიძლება აისახოს ამ ურთიერთობების შედეგები განათლების თავისუფლებაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, რას შეიძლება ველოდეთ ჩინეთთან „ოცნების“ გახშირებული ვიზიტებისგან. თუ ხედავთ რისკებს იმაში, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემა შესაძლოა დაუახლოვდეს იმ ქვეყნის სისტემას, რომელიც არ გამოირჩევა თავისუფლების მაღალი ხარისხით?

ჩემი აზრით, ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. პირველი ის, რომ ჩინეთი არის ძალიან განვითარებული სახელმწიფოა და უმაღლეს სასწავლებლებშიც აქვთ განათლების ძალიან მაღალი ხარისხი. ამიტომ ამ მხრივ, ნამდვილად შეუძლია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, რომ ნახოს სარგებელი ამ თანამშრომლობით.

მაგრამ მეორე ფაქტორია აქ გასათვალისწინებელი. ის, თუ რა ფორმები აქვს ჩინურ უმაღლეს განათლებას. ჩვენ ვიცით, რომ ის თავისუფალი ლიბერალური საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ჩვენთან არსებობს, გულისხმობს თანამშრომლობას ევროპასთან.

ჩინური მოდელი კი უფრო მეტად დაფუძნებულია კონტროლზე, სტუდენტებისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ამიტომაც, ამ ნაწილში ცხადია არსებობს რისკები. რადგან ჩვენ აქამდე ვთანამშრომლობდით ევროპასთან ჯერ Tempus-ის, შემდეგ Erasmus-ის, ახლა Erasmus+-ის პროგრამების საშუალებით და ვუახლოვდებოდით ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას, ვცდილობდით, თავსებადი ყოფილიყო ჩვენი სისტემა ევროპულთან, რომ გამარტივებულიყო ჩვენი სტუდენტების წასვლა ევროპაში და ჩვენი განათლების აღიარება.

გივი მიქანაძე და პეკინის განათლების და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი იუ იუნფენგი.

ცხადია, ჩინეთისგანაც შეიძლება იხეიროს სტუდენტმა, მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით ცოდნის გაღრმავების, მაგრამ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ევროპული მიდგომების ჩანაცვლება ჩინურით, რაც დაგვაშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას – ეს არის პირველი რისკი.

უნივერსიტეტები, რომლებიც ისედაც არ გამოირჩევიან მაღალი ავტონომიით, აკადემიური თავისუფლების ხარისხით და დღეს მეტად იზღუდება ეს თავისუფლება, მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნებიან მოქცეული პარტიული სახელმწიფოს დიქტატის ქვეშ.

  • სტუდენტებისგან, მოგზაურებისგან მსმენია, რომ ჩინეთში ადამიანები თავს არიდებენ პოლიტიკაზე ლაპარაკს. აკრძალულია ხელისუფლების კრიტიკა, შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება. მაშინ, როცა „ოცნების“ პროპაგანდაც მუშაობს იმაზე, რომ „უნივერსიტეტები უნდა დაიცალოს პოლიტიკისგან“, რომ უნივერსიტეტში არ არის პოლიტიკის ადგილი და ასე შემდეგ, არადემოკრატიულ ქვეყანასთან ჩვენი განათლების სისტემის მიბმა, კიდევ უფრო მეტად არ დააზიანებს თავისუფლების ხარისხს?

ამ მხრივ „ქართულ ოცნებას“, შეიძლება ითქვას, გაცხადებული მიზანი აქვს, რომ საქართველოს განათლების სისტემა მიემსგავსოს ჩინურს. ამის უკან იგულისხმება ის, რომ ქართული უმაღლესი განათლება და უნივერსიტეტი არ იყოს თავისუფალი აზროვნების კერა.

უმაღლეს სასწავლებელში არ იყოს აკადემიური თავისუფლება, ლექტორს არ შეეძლოს იმის კვლევა და სწავლება, რაც მას აინტერესებს. ამიტომ შემთხვევითი არ არის ჩინეთში მოხშირებული ვიზიტები. ეს სასურველი მოდელია მათთვის.

რას გულისხმობს ეს მოდელი? მაგალითად, ავიღოთ ე.წ დიპლომატიური უნივერსიტეტის შექმნის ინიციატივა, რაც გულისხმობს იმას, რომ სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამები პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის ქვეშ იქნება მოქცეული.

ახლო მომავალში მივიღებთ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკური მეცნიერებები, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები აღარ ისწავლება თსუ-ში ან სხვა უნივერსიტეტებში და მხოლოდ ამ უნივერსიტეტის ქვეშ შეეძლება სტუდენტს ამ პროფესიის მიღება.

ყველას, ვისაც მოუნდება ისწავლოს და გახდეს დიპლომატი, პოლიტიკის მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, სახელმწიფო უწყების ქვეშ არსებულ უნივერსიტეტში მიიღებს განათლებას. ეს არის ჩინური მოდელი.

მაგალითად, ჩინეთში ასეთი უნივერსიტეტი მეცნიერებათა აკადემიის ქვეშ არის მოქცეული და აქაც, არის მცდელობა, რომ კრიტიკული მიმართულებები იყოს მონოპოლიზებული ისეთი სასწავლებლების მხრიდან, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან სახელმწიფო უწყებას და ეს სახელმწიფო უწყება გაიგივებულია პარტია „ოცნებასთან“.

ამიტომ, ჩინეთი არის კარგი მაგალითი – ჩვენც ასეთ, სახელმწიფო დომინაციაზე დაფუძნებულ უმაღლეს განათლების სისტემას მივიღებთ.

  •  „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმაც ხომ რეალურად აქეთკენ არის მიმართული?

კი, „ოცნების“ რეფორმა ამ მხრივ მიესადაგება ჩინურ მოდელს და პროპაგანდასაც მარტივად შეუძლია „დაასაბუთოს“, რომ აი, ჩინეთი წარმატებული სახელმწიფოა.

თუ გათვალისწინებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ვერანაირ რეალურ თანამშრომლობაზე ვერ დაიყოლია ჩინეთი, ამდენი მცდელობის მიუხედავად, განათლების სფერო შეიძლება იყოს უკანასკნელი შანსი, რასაც შეიძლება „ოცნება“ ჩაეჭიდოს ამ ურთიერთობაში.

ჩინური რბილი ძალის დემონსტრირებაა თუნდაც საგანმანათლებლო სფეროში გავლენების გაფართოება, გაცვლითი პროგრამები და ასე შემდეგ.

შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთის მხრიდან რბილი ძალის გატარების სურვილის პარალელურად, შესაძლოა მსოფლიოს აჩვენოს, რომ ჩინეთთან სერიოზული თანამშრომლობა აქვს დაწყებული.

  • ღირებულებების ნაწილში რამდენად თავსებადი იქნება ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა განათლების ნაწილში?

ბოლო ორი წელია „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა საქართველოს მოსახლეობას, რომ მისთვის ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატია არ არის მნიშვნელოვანი ღირებულება.

აქედან გამომდინარე, ძალიან თავსებადია ის, რასაც ჩინეთი აკეთებს ჩინეთში და ის, რასაც „ოცნება“ აკეთებს საქართველოში. აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, რომ ეს ორი – ჩინეთის კომუნისტური პარტია და „ქართული ოცნება“ – თანხვედრაშია.

ამიტომაც არის „ქართული ოცნების“ რეფორმის მიზანი, საბოლოოდ დაამყაროს სრული კონტროლი უმაღლესი განათლების სისტემაზე. ჯერჯერობით ეს შეეხო სახელმწიფო უნივერსიტეტებს, თუმცა ნაწილობრივ კერძო უნივერსიტეტებსაც, რადგან ფაქტობრივად, სახელმწიფო განუსაზღვრავს კერძო უნივერსიტეტებს რამდენი უცხოელი სტუდენტი მიიღოს და საბოლოოდ, ჩემი ვარაუდით, სახელმწიფო განსაზღვრავს იმასაც, ვინ, სად და რა შინაარსით ასწავლოს.

ეს არის „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკა. მათი ყველა ქმედება ამისკენ მიდის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: