მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები მინისტრის მოადგილის ოჯახის ბიზნეს პარტნიორზე – „გვემუქრება, რომ გადაგვწვავს და აქ კორპუსს ააშენებს“

22.05.2026
მოქალაქეები მინისტრის მოადგილის ოჯახის ბიზნეს პარტნიორზე – „გვემუქრება, რომ გადაგვწვავს და აქ კორპუსს ააშენებს“

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში, ორი ოჯახის კომერციული ფართობების შესასვლელები მერიამ ისე გაყიდა, რომ ამ შენობების მესაკუთრეებს არაფერი გაუგიათ. ამ კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი „ოცნების“ მთავრობის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა.

კომერციული ფართობების მესაკუთრეების თქმით, ამ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას თავადაც ცდილობდნენ, როცა პარლამენტმა დაამტკიცა კანონი თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონების შესახებ, თუმცა უშედეგოდ – მერიამ არც უარი უთხრა და არც დაურეგისტრირა. 2024 წლის სექტემბერში კი მიწა სხვა პირს მიჰყიდეს.

დოკუმენტების მიხედვით, მერიამ სადავო მიწა ასმათ არძენაძეს მიჰყიდა. თუმცა, კომერციული ფართობების მესაკუთრეები ამბობენ, რომ ასმათ არძენაძე მათთან არასოდეს გამოჩენილა. ტელეფონით შეეხმიანა და ადგილზეც მივიდა მყიდველის სიძე, სამშენებლო ბიზნესის ერთ-ერთი მფლობელი, ბექა თვალაძე.

„გვემუქრება აქედან გაგყრით, გადაგწვავთ, იმდენ ჯარიმებს დავაწერინებ თქვენზე, დამიჩოქებთ, რომ თქვენი საკუთრება ვიყიდოო“, – გვიყვება ლამარა აბაშიძე, ერთ-ერთი მესაკუთრე და დასძენს, რომ მუქარა შეუსრულეს კიდეც. 

მესაკუთრეებმა იციან ისიც, რომ ბექა თვალაძე ბათუმში სახელისუფლებო გავლენების მქონე ოჯახის, მანველიძეების პარტნიორია და ამიტომაც ახერხებს საჯარო სტრუქტურებში საქმის ისე მოგვარებას, როგორც თავად სურს. 

ბექა თვალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ძმის ბიზნესპარტნიორია. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბიზნესპარტნიორები არიან მინისტრის მოადგილის ძმის, ბექა მანველიძის და ბექა თვალაძის ცოლებიც – მათ სამშენებლო ბიზნესი აქვთ და წლებია კორპუსებს აშენებენ ბათუმსა და თილისში. 

ლამარა აბაშიძე

გიორგი ბრწყინვალეს #63-ში მდებარე მცირე ზომის მიწის ნაკვეთები ბათუმის მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში 2024 წელს შეიტანა, ფასი განსაზღვრა და საკრებულოს თანხმობაც მიიღო.

როცა მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანასა და აუქციონის წესით მათ გასხვისებაზე საკრებულოს თანხმობა მოითხოვეს, მერიაში კარგად იცოდნენ, რომ ამ კონკრეტული ადგილით სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებსაც გასაყიდი მიწის ნაკვეთების გასწვრივ კომერციული შენობები აქვთ და კარგად იცოდნენ ისიც, რომ თუ ამ მიწას სხვა იყიდდა, ისინი საკუთარი ქონებას სათანადოდ ვეღარ გამოიყენებდნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მყიდველის უპირატესობაც, კერძო მესაკუთრეები კუთხეში უნდა მიემწყვდია, რომ უფრო მარტივად მიეღო თანხმობა შეთავაზებაზე, რომელიც მათთვის მომზადებული ჰქონდა. მისი გეგმა მესაკუთრეებისგან კომერციული ობიექტების სასურველ ფასად გამოსყიდვა და აქ კორპუსის მშენებლობაა.

როგორც ამ ოჯახებში გვიყვებიან, ეს კომერციული ფართობები არის მათი ერთადერთი საარსებო წყარო. ერთ ოჯახს მაღაზია აქვს, სადაც თავად მუშაობენ, მეორე მესაკუთრე კი კომერციულ ფართობს აქირავებს.

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს #63

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს #63. წითელი ფერით მონიშნული ანზორ ძირკვაძის და ლამარა აბაშიძის საკუთრება, მწვანე ფერით კი 3 მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიამ გაყიდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ლამარა აბაშიძის კომერციული ფართობის წინ მერიამ გაასხვისა 23 კვ.მეტრი, ანზორ ძირკვაძის საკუთრების წინ კი 41 კვ. მეტრი და 64 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები.

მათივე მონათხრობით, ანზორ ძირკვაძემ და მისმა მეზობელმა ლამარა აბაშიძემ, როგორც ფაქტობრივმა მოსარგებლეებმა, მერიას არაერთხელ მიმართეს, რომ მათი შენობების წინ არსებული მიწის ნაკვეთები ისევე დაეკანონებინათ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს. მათ კარგად იციან, რომ ქალაქში ასეთი მაგალითების პოვნა მრავლად შეიძლება.

ასეთი მაგალითების პოვნა, როცა თვითნებურად დაკავებული ფართობები უპრობლემოდ დაიკანონეს, მრავლად შეიძლება საჯარო მოხელეების, დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებშიც. გიორგი ბრწყინვალეს #63-ში კომერციული ფართობების მესაკუთრეებმა იგივე უფლებით ვერ ისარგებლეს. 

„მერიაში აგვიხსნეს, რადგან ორნი ხართ, ორი საკადასტრო ერთეულია საჭიროო. ნახაზები მოგვთხოვეს, ნახაზიც გავაკეთეთ. თუმცა, პროცესი მაინც გააჭიანურეს, ხან პანდემიის მიზეზით, ხან სხვა მიზეზით. ჩვენ ვაგროვებდით იმ დოკუმენტებს, რასაც მერია ითხოვდა. ყოველდღე ველოდით პასუხს მერიისგან“, – გვიყვება ანზორ ძირკვაძე.

ანზორ ძირკვაძე

2024 წელს, სექტემბერში ანზორ ძირკვაძეს უცნობმა პირმა დაურეკა:

„მოულოდნელად რეკავს ვიღაც ბექა თვალაძე და მეუბნება, შენი მაღაზია ვიყიდე, გვერდითა ტერიტორიაც ვიყიდე, მოვალ და გადავწვავ მაქაურობასო. გადავირიე კაცი, როგორ იყიდე ჩემი კერძო საკუთრება ისე, რომ მე არაფერი გამიგია-მეთქი. ავდექი და წავედი მერიაში, სადაც მანამდე არაერთხელ მივმართეთ მე და ჩემმა მეზობელმა, სწორედ იგივე ფართობების დაკანონების მიზნით“, – გვიყვება ანზორ ძირკვაძე.

ლამარა აბაშიძის თქმით, მუქარების შემდეგ მისი კომერციული ფართობის წინ ძველი მანქანა ჩააყენეს და შესასვლელი ჩაუკეტეს:

„ჩემი ფართობი გავაქირავე, როგორც კი დაინახა ბექა თვალაძემ, რომ დამქირავებელმა ავეჯის შეტანა დაიწყო, მოვიდა და შესასვლელი გადაკეტა. მანქანა ჩააყენა. ჩემი კლიენტი წავიდა, შეთანხმება გამიუქმა, რადგან ამ ფართობში ვერ იმუშავებდა“.

ლამარა აბაშიძის კომერციული ფართობი

მოქალაქეები გვიყვებიან ასევე, რომ ბექა თვალაძის ადგილზე მისვლისა და მუქარების შემდეგ, 30 წუთში მათთან მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და ჯარიმები დაუწერეს.

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, დავით მჭედლიძის 2026 წლის 20 აპრილის შეტყობინებით, ლამარა აბაშიძეს უნებართვო რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ჯარიმა გამოუწერეს და მუნიციპალურ ინსპექციაში დაიბარეს. 15 მაისს კი მითითება მისცეს მის მეზობელს, ანზორ ძირკვაძეს.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ანზორ ძირკვაძეს მერიასთან 2019 წელს შეთანხმებული ესკიზი დაურღვევია და ამ დარღვევაზე მერია პასუხს ექვსი წლის შემდეგ სთხოვს. საინტერესოა, რას აკეთებდა მერია 2019 წლიდან დღემდე, რატომ არ მოსთხოვა პასუხი ანზორ ძირკვაძეს დარღვევაზე, ვიდრე ამ ადგილით ბექა თვალაძე არ დაინტერესდა?

რატომ დაიწყო მერიამ ადმინისტრაციული წარმოება 2019 წელს ჩადენილ სამართალდარღვევაზე 2026 წელს? 

ასევე საინტერესოა, კიდევ ხომ არ დაურღვევია კანონი ვინმეს ამავე ქუჩაზე, ერთი კვარტლის მოშორებით, მაგალითად გიორგი ბრწყინვალის #42-ში? – საინტერესოა რა რეაგირება აქვს მერიას ამ საქმეზე? დაიბარეს დამრღვევი მერიაში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ისევე, როგორც ლამარა აბაშიძე?

ამ თემაზე: ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს

მითითებას, რომელიც ანზორ ძირკვაძეს სანებართვო პირობების დარღვევიდან [როგორც ამას მერიის წარმომადგენელი წერს] 6 წლის შემდეგ კომერციულ ობიექტზე მიაკრეს, ხელს აწერს ინსპექციის სპეციალისტი ასლან ბერიძე. მან მითითებაში დაწერა ისიც – მიწის ნაკვეთი დღესდღეობით კერძო საკუთრებას წარმოადგენსო.

ინსპექციამ იგივე მითითებით შეატყობინა ანზორ ძირკვაძეს, რომ 6000 ლარით დააჯარიმა.

ლამარა აბაშიძის დაჯარიმების უწყება

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამი მიწის ნაკვეთი გიორგი ბრწყინვალეს #63-ში ბათუმის მერიამ 2024 წელს უპირობო აუქციონის წესით გაყიდა. ბათუმში არსებული პრაქტიკით, როცა მერიას მცირე ზომის ნაკვეთები გამოაქვს გასაყიდად, მათ ძირითადად მომიჯნავე ობიექტების მეპატრონეები ყიდულობენ. ამჯერად ასე არ მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, ჯამში 120 კვ.მეტრი მერიამ, თითო ბიჯით, 227 650 ლარად გაყიდა.

 ამ კონკრეტული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში კითხვებზე არ გვიპასუხეს. ვცადეთ ბექა თვალაძესთან დაკავშირებაც, თუმცა უშედეგოდ.

  • ვინ არის ბექა თვალაძე და რა კავშირი აქვს მას მანველიძეებთან?

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბექა თვალაძე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ბაგრატ მანველიძის შვილის, ბექა მანველიძის ბიზნესპარტნიორია. ისინი აფუძნებენ სამშენებლო კომპანიებს და წილებს ინაწილებენ, ისევე, როგორც მათი ცოლები – თამთა ვერძაძე და ლანა აბალოიძე.

მანველიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრია, აჭარაში „ოცნების“ მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი მანველიძე, რომელიც 2025 წელს, ბათუმში, ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო. მათი პარტნიორია ასევე მანველიძეების სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, ანრი გეგუჩაძე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბექა თვალაძე და ბექა მანველიძე შპს „ფორის დეველოპმენტის“ 50-50 პროცენტს ფლობენ, ეს კომპანია 2020 წელს ბექა თვალაძის მეუღლემ თამთა ვერძაძემ დააფუძნა. კომპანიის დირექტორი ბექა თვალაძეა. ეს კომპანია თბილისში, იალბუზის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მრავალბინიან კორპუსს აშენებს.

ბექა თვალაძე და ბექა მანველიძე თანაბრად ინაწილებენ შპს „ფორის დეველოპმენტ 2“ – ის წილებს, ამ კომპანიამ თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე ააშენა საცხოვრებელი კორპუსი.

შპს „ბათუსი ჯგუფში“ ბექა თვალაძის პარტნიორი ანრი გეგუჩაძეა. ამ კომპანიამ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა, N 120-124 – ში ააშენა კორპუსი.

ბექა თვალაძის მეუღლე თამთა ვერძაძე და ბექა მანველიძის მეუღლე ლანა აბალოიძე ფლობენ შპს „სმარტ ჰაუსს“. სხვათა შორის, ამ კომპანიამ  ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ორ კვარტალში, მერიასთან შეთანხმებულ 15- სართულიან კორპუსის 2 სართული უკანონოდ დააშენა. ამაზე „ბათუმელები“ 2022 წელს წერდა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „სმარტ ჰაუსის“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევა მალევე დააფიქსირა, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. კომპანიამ გაფრთხილება არ გაითვალისწინა და სამუშაოები კანონდარღვევით გააგრძელა.

დიდი ხნის განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის მამა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე უარყოფდა, რომ ახვლედიანის ქუჩაზე, #3-ში, კორპუსის მშენებლობა სწორედ მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ დაიწყო.

ყოფილი ვიცე-მერი აცხადებდა, რომ ამ მისამართზე საკუთრება მიჰყიდა მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიას. მშენებლობით კი მისი შვილის, ბექა მანველიძის პარტნიორის, ავთანდილ გეგუჩაძის კომპანია – „ელიტ ჰაუსი“ იყო დაინტერესებული, რომელმაც ააშენა კიდეც კორპუსი.

კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2015 წელს ბაგრატ მანველიძის ვიცე-მერობის პერიოდში მიიღო.

ბექა მანველიძის ძმა გიორგი მანველიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. 2021 წელს გიორგი მანველიძემ დეკლარაციაში  მნიშვნელოვანი საჩუქრის შესახებ ჩაწერა, მაგრამ არ მიუთითა, ვინ აჩუქა მას 65,6 კვ.მეტრი ბინა ბათუმის ცენტრში, ახვლედიანის ქუჩაზე, #3-ში.

ამონაწერის მიხედვით, ამ კორპუსში გიორგი მანველიძეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე კიდევ 2 ბინა, ჯამში 400 კვ მეტრამდე ფართობი აქვს დარეგისტრირებული.

სხვადასხვა დროს მანველიძეები ბათუმში არაერთი გახმაურებული სკანდალის მონაწილეები იყვნენ.

2025 წლის 15 იანვრის ღამეს „ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარაში „ოცნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.

შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

2020 წელს არჩევნების წინ პარტია „ლელოს“ წევრებს, ალექსანდრე მილორავასა და მიშა ქავთარაძეს სცემეს. ინციდენტი 19 ნოემბერს მოხდა. გავრცელდა ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელშიც რამდენიმე პირის ჩხუბი ჩანს. მიშა ქავთარაძის თქმით, მას და ალექსანდრე მილორავას კომპანია „ელიტჰაუსის“ წარმომადგენელმა, ბექა თვალაძემ და მისმა მეგობრებმა სცემეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: