„საუბარია 3-5 კაციანი შეღწევის ჯგუფის პოზიციების დაკავებაზე ტყის საფარში, რაც მოახერხეს რობოტიზებულმა სისტემებმა. ეს უკვე ისტორიაში შევა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, როგორ აჰყავთ უკვე უკრაინელებს ტყვეები რობოტების გამოყენებით.
სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას იბრუნებს, თუმცა კონტრშეტევისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის.
რუსები კი, უკვე მეხუთედ აცხადებენ, ლუგანსკი აღებაზე.
„არ ცხრება კონსტანტინოვკაზე რუსების შეტევის მცდელობები. სამი მხრიდან უტევენ კონსტანტინოვკას: აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან… გერასიმოვი ჩასულია ადგილზე და უშუალოდ ახორციელებს რუსების შეიარაღებული ძალების კონსტანტინოვკასთან არსებული დაჯგუფების ინსპექტირებას. ჯერჯერობით წარმატება არ აქვთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი და ტუაფსეზეც გვიყვება, უკრაინელებმა ისე დაარტყეს, ფაქტობრივად ნავთობის წვიმა მოდის ახლა ქალაქშიო.
„ტუაფსე უკვე მეხუთე დღეა იწვის. ტუაფსე არის ძალიან დიდი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობშენახვის რაიონი… ნავთობის ჭვარტლი ყველაფერს ედება. ადამიანები სუნთქავენ ამ ყველაფერს. საინტერესოა, რომ არ იღებს ზომებს პუტინი, მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაცია, ან ზომები ეკოლოგიასთან დაკავშირებით. რუსებს ფაქტობრივად მიტოვებული ჰყავთ ეს მოსახლეობა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.
რა იცვლება ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა სიახლე გვაქვს უკრაინის ფრონტის ხაზზე?
დიდი სიახლეები არ არის. სირსკი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე უკრაინა იბრუნებს გარკვეულ ინიციატივას. ცალკეულ მონაკვეთებზეა საუბარი და, ძირითადად, ზაპოროჟიეს ეხება, მაგრამ ეს რეალობაა. საინტერესოა ისიც, რომ არ ცხრება კონსტანტინოვკაზე რუსების შეტევის მცდელობები. სამი მხრიდან უტევენ კონსტანტინოვკას: აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან.
საინტერესოა ისიც, რომ გერასიმოვი ჩასულია ადგილზე და უშუალოდ ახორციელებს რუსების შეიარაღებული ძალების კონსტანტინოვკასთან არსებული დაჯგუფების ინსპექტირებას. წელზე მეტია რუსეთი უტევს ამ დასახლებულ პუნქტს, ფაქტობრივად, მიწასთან გასწორებულია ქალაქი. უკრაინელებმა ის გადააქციეს ძლიერ თავდაცვით რაიონად.
რუსები ახორციელებენ მასიურად საავიაციო დარტყმებს, სამ ტონიან ბომბებს ყრიან, დამანგრეველია. რუსებს უნდათ, კონსტანტინოვკა გადააქციონ ახალ ავდეევკად, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული, უნდათ, ახალი მთვარის ლანდშაფტი შექმნან, რომ იქ უკრაინელებს არ დაედგომებოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით წარმატება არ აქვთ.
რუსებს კონსტანტინოვკა სჭირდებათ იმიტომ, რომ მერე გავიდნენ დრუჟკივკაზე და მიუახლოვდნენ მაქსიმალურად დონბასში სამხრეთიდან მთავარ თავდაცვის რაიონს.
უკრაინელებმა გაააქტიურეს დარტყმები დრონების გამოყენებით, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. ტუაფსე უკვე მეხუთე დღეა იწვის. ტუაფსე არის ძალიან დიდი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობშენახვის რაიონი. წარმოიდგინეთ, კვამლი აღწევს სოჭსა და სტავროპოლის მხარემდეც კი. ამ წელიწადს მეორედ ჰქონდათ ასეთი მასიური დარტყმა. ცეცხლის 11 კერაა ტუაფსეში.
- ესეც დრონებით შეძლეს უკრაინელებმა?
არა მარტო დრონებით, აქ იყო კომბინირებული სხვადასხვა საშუალება. პირველად ტუაფსეს დაარტყა გრძელმა „ნეპტუნმა“, რაც იყო პირველი საბრძოლო დავალების წარმატებული შესრულება. ბოლოს კი, დარტყმა იყო კომბინირებულად, მათ შორის, დრონებით. უკრაინელები არ აძლევენ რუსებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას. ფაქტობრივად, ტუაფსე არის ეკოლოგიური საფრთხის წინაშე.
ახლა YouTube-ზე გამოჩნდა ტუაფსეს მოსახლეობა მიმართავს უკრაინელებს, ჩვენ რატომ გვესვრით, მშვიდობიანი მოსახლეობა ვართო. სინდისსა და ნამუსზე ზოგადად ლოგიკა რუსეთში ძალიან ჭირს ხოლმე: უკრაინამ დაიწყო ეს ომი?
- რამდენად მნიშვნელოვანია ტუაფსეს ეს ზარალი და რა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს ამას?
დიახ, ზარალი დიდია და ჯერ კიდევ არა არის დადგენილი. ნავთობის წვიმა მოდის ქალაქში ფაქტობრივად. ნავთობის ჭვარტლი ყველაფერს ედება. ადამიანები სუნთქავენ ამ ყველაფერს. საინტერესოა, რომ არ იღებს ზომებს პუტინი, მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაცია, ან ზომები ეკოლოგიასთან დაკავშირებით. რუსებს მიტოვებული ჰყავთ ეს მოსახლეობა.
ინტერნეტი რომ არ იყოს, ვერც ვერავინ გაიგებდა რუსეთში, რომ ტუაფსეში ასეთი ამბავია.
- გერასიმოვი ახსენეთ თქვენ და უკვე მეხუთედ გამოუცხადებია ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება. ეს რას აჩვენებს?
გაუჭირდებოდა თუ რა გერასიმოვს ამის გამოცხადება – კონსტანტინოვკა რამდენჯერ გამოაცხადა აღებულად?
ლუგანსკი ფაქტობრივად 98 % აღებული ჰქონდათ რუსებს და ძალიან მცირე ნაწილი იყო დარჩენილი და რამდენჯერმე გამოაცხადეს დიდ გამარჯვებად. რაღაც წარმატება ხომ უნდა თქვან, როცა 1521-ე დღეა ომი მიმდინარეობს?
უკვე ყველა ხვდება, რომ უკრაინას გააჩნია შესაძლებლობა, ყირიმის ხიდი გაანადგუროს. ჯერჯერობით აწყობთ კიდეც ამ ხიდის არსებობა: ყირიმის ხიდი იზიდავს თავის თავზე რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ყველაფერი აქ კონცენტრირდება და ამით ეხსნება სხვა მიმართულებები უკრაინას დრონებით სამოქმედოდ. საკითხი არ დგას ამგვარად: ამ ხიდს გაანადგურებენ თუ ვერ გაანადგურებენ უკრაინელები, არამედ როდის გაანადგურებენ. ელოდებიან ალბათ საჭირო მომენტს და შესაფერის დროს.
- რა მომენტი შეიძლება იყოს ყველაზე ხელსაყრელი უკრაინელებისთვის?
არ ვიცი. შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ტვირთის გადაზიდვის მომენტი, რაც რუსებმა დღეს შეაჩერეს და ცდილობენ, სახმელეთო გზით გაატარონ ეს ტვირთები. რუსები ცდილობენ, ხიდზე სამხედრო ტვირთები აღარ გაატარონ. სულაც შეიძლება, ეს იყოს კონტრშეტევის წინა პერიოდი.
- რუსები ისევ ემზადებიან ახალი ეტაპისთვის და მასშტაბური ოპერაციისთვის, თუ მხოლოდ უპილოტოებით გრძელდება უკრაინაზე პერმანენტული თავდასხმები?უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 107 უპილოტო საფრენი აპარატით და 2 ბალისტიკური რაკეტით. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 24 აპრილის მონაცემებით, დაიღუპა 2 და დაშავდა 14 ადამიანი.
ეს არ არის ყველაზე დიდი შეტევა. ჩვენ 500 და მეტი დრონით შეტევაც გვახსოვს. ფაქტია, რომ გამწარებული რუსები ურტყამენ და ურტყამენ განსაკუთრებით ოდესას, ახლოსაა მიღწევადობის თვალსაზრისით და ანადგურებენ ქალაქს, როცა მთელი რუსული სუბკულტურა ამ ქალაქზე იდგა: სერიალებით დაწყებული, ანეკდოტებით დამთავრებული. რუსებისთვის დამახასიათებელია ეს მიდგომა: თუ ჩვენ არა, მაშინ არც თქვენ და უბრალოდ ანადგურებენ ქალაქს.
ამის საპასუხოდ უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული ხომალდი გაუნადგურეს რუსებს: დიდი სადესანტო ხომალდი „იამალი“ და „ფროლიოვი“. ზარალი დაახლოებით 150 მლნ დოლარია.
- რა მოცემულობა აქვთ ამჯერად რუსებს საზღვაო თვალსაზრისით?
სადღაც 30%-მდე განადგურებულია. ფაქტობრივად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უმოქმედოა. შეიძლება, ეპიზოდურად გავიდეს რომელიღაც რაკეტის მატარებელი ხომალდი, გაუშვას რაკეტები და ეგაა.
მე მაინც მგონია, რომ რუსები ემზადებიან საზაფხულო კამპანიისთვის. საგაზაფხულო აღარ ეთქმის – ეს ვერ მოახერხეს.
სამი რამ დარჩა რუსეთს, რაც არ გამოუყენებია ამ დაპირისპირებაში: ბირთვული იარაღი, სრული მობილიზაცია და ბელარუსის ჩართვა ომში. დანარჩენი რუსეთმა ყველაფერი გამოიყენა. ამ ჩამოთვლილთაგან კი, ძალიან მეეჭვება, ბელარუსის იძულების და ომში ჩათრევის გარდა, რუსეთმა რამე შეძლოს.
მე ისევ ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე რუსეთი მოაწერს ხელს ცეცხლის შეწყვეტას. ეს არ იქნება ომის შეწყვეტა. მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი.
ამასობაში, უკრაინელებმა დაასრულეს საარმიო კორპუსულ სისტემაზე გადასვლის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სისტემის მართვის რგოლის ჩამოყალიბებას, კორპუსების დაკომპლექტებას. საარმიო კორპუსების შტაბების დაკომპლექტება დასრულებულია. ახლა უკვე დანაყოფების დაკომპლექტებასა და გაერთიანებაზე მიდის მუშაობა. ეს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი განვითარებაა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება.
ასევე, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ეს „Front Strike“, „Middle Strike“ და „Deep Strike“. „Front Strike“ტაქტიკური დარტყმებია ტაქტიკურ სიღრმეზე. „Middle Strike“არის ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეზე დარტყმები და „Deep Strike“ არის ოპერატიულ სიღრმეზე დარტყმები.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია „შუალედური დარტყმა“ და რატომ: უკრაინელებმა შეძლეს და გაზარდეს დარტყმის ტაქტიკური სიღრმე, „სიკვდილის ზონა 10-დან 15/20 კმ. ასევე, ოპერატიული დარტყმებით 300-დან 1000 კილომეტრამდე აღწევენ უკვე დარტყმებით.
შუალედური რგოლი ნაკლებად იყო განვითარებული და შესაბამისად, ოპერატიულ-ტაქტიკური სიღრმეები აუთვისებელი იყო. ამ ტერიტორიაზე ათავსებდნენ რუსები ბრძოლის მარაგებს. საბჭოთა სისტემების მსგავსად, რუსები 10-12 დღის მარაგს აგროვებენ ე.წ. კორპუსის ზურგის საველე საწყობებში, 35-60 კმ-ის სიღრმეში, არმიის საწყობებში კი, 15-30 დღის მარაგები გროვდება 100-150 კმ სიღრმემდე სტაციონარულ საცავებში. მიწოდება ხდება ეშელონირებულად, რომ ერთდროულად არ განადგურდეს ეს ყველაფერი. ზუსტად ეს შუალედური ეშელონი იყო დარტყმებისგან მოცილებული.
უკრაინელები ტექნოლოგიურად ძლიერდებიან. უკვე იმდენი დრონი აქვთ, ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ასევე, „შტორმ შედოუ“ და „სკალპი“ – ფრანგული და ბრიტანული რაკეტები ამ სიღრმეებზე ძალიან აქტიურად მოქმედებს. 90 მილიარდი ევროს ფარგლებში, რაც უკრაინას ახლა დაუმტკიცდა, უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება და მათ შეიარაღებაში „ტაურუსებსაც“ ველი.
- ბოლო ცნობების თანახმად, უკრაინა საკმაოდ აქტიურად იყენებს საბრძოლო რობოტებს. ზელენსკის ოფისი ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ „დრონების რაოდენობის გაზრდა ფუნდამენტურად აღარ წყვეტს პრობლემას“, მაგრამ უკრაინა ოკუპანტებისთვის ტექნოლოგიურ სიურპრიზს ამზადებს. „შემდეგი ეტაპი ხელოვნური ინტელექტის სრული ინტეგრაციაა“ – თქვა მან. რა არის ცნობილი რობოტების გამოყენებაზე?
ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ გამოიყენეს სახმელეთო, რობოტიზებული კომპლექსი საჰაერო დრონებთან ერთად და ამის საშუალებით აიყვანეს ტყვეები, ანუ სუფთა რობოტიზებული შეტევით დაიკავეს ტერიტორია და აიყვანეს ტყვეები.
არა მგონია, საუბარი იყოს თავდაცვითი ზღუდის გარღვევაზე. საუბარია ალბათ იმ 3-5 კაციანი შეღწევის ჯგუფის პოზიციების დაკავებაზე, სადღაც ტყის საფარში, რაც მოახერხეს რობოტიზებულმა სისტემებმა. ეს უკვე ისტორიაში შევა.
ასევე, ისტორიაში შევა ის, რომ პირველად საზღვაო დრონმა ჩამოაგდო შაჰედი, ანუ უპილოტო საზღვაო აპარატმა ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი.
დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჰაერო უპილოტო საფრენ აპარატებში და ნოვატორი ამ საკითხში უკრაინა ვერ იქნება. ამას დიდი ხანია იყენებს ისრაელი, ამერიკა და გერმანიაც. შეიძლება, საუბარი იყოს მცირე ზომის იაფ დრონებზე, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებს უკრაინა – ფაქტობრივად, დრონებს 30%-ით უფრო მეტს აწარმოებს უკრაინა, ვიდრე რუსეთი და იყენებს საბრძოლო ველზე, ანუ სამჯერ მეტს იყენებს, ვიდრე რუსეთი.
ამას დაუმატეთ ისიც, რომ „სტარლინკი“ გამორთულია და ეს დაზვერვის თვალსაზრისით ძალიან ურთულებს რუსებს ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ჭადრაკს ვთამაშობთ, მე ვხედავ მთელ დაფას და თქვენ ხედავთ მარტო თქვენს დაფას, ანუ დაფის ნახევარს. ცხადია, უპირატესობა მე მექნება, რადგან ვიცი, თქვენ რას აკეთებთ.
- რუსი პროპაგანდისტები ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის შესახებ. რამდენად რეალურია დღევანდელ მოცემულობაში რუსეთი თავს დაესხას ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას?
დიახ, იძახიან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით დაფრინავენ ეს თვითმფრინავებიო. შეიძლება იყოს რაღაც პროვოკაცია, მაგრამ სამხედრო, ფართომასშტაბიანი ოპერაცია რომელიმე ნატოს წევრ ქვეყნის წინააღმდეგ არ ძალუძს რუსეთს და არც გააკეთებს. თუმცა არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს, მაგალითად, დრონის შეფრენას, ან რაღაც ძალის ჩვენებას, იგივე თვითმფრინავის შეფრენას რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეში.
შვედეთში იყო, მაგალითად, მსგავსი შემთხვევა და გამოაცილეს რუსული თვითმფრინავი საჰაერო სივრციდან. თავისთავად, პროვოკაცია შესაძლებელია, თუმცა უახლოეს პერიოდში გამოვრიცხავ, რუსეთმა დაიწყოს ნატოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები.
- რუსეთს ისევ აქვს იმედი, რომ ირანის ომის გამო უკრაინის დახმარებას აქტიურად ვეღარ შეძლებს დასავლეთი, განსაკუთრებით კი, აშშ? შეუჩერდა მხარდაჭერის რომელიმე კომპონენტი უკრაინას აშშ-გან რასაც იღებდა?
ვერ გეტყვით, რადგან არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, თუმცა, ის, რაშიც ფული უკვე გადახდილი აქვს ევროპას ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობაზე, ამას მიიღებს უკრაინა და არა მგონია, დიდი წყვეტა იყოს.
არანაკლებ დიდ დახმარებას იღებს უკრაინა ევროპიდან. ასე რომ, ირანის საკითხებმა ევროპის დახმარება ნამდვილად არ შეწყვიტა და შეამცირა. პირიქით. ის თანხა, რაც გამოუყვეს უკრაინას, დიდი ნაწილი მოხმარდება უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას.
ირანთან ომმა თუ დააკლო ვინმეს, ისევ რუსეთს დააკლო – ირანი იქით გახდა დასახმარებელი.
- ბოლოს ირანზე მინდა გკითხოთ: ირანი დათანხმდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს. ჩანს შეთანხმების მიღწევის პირობა?
ვერ გეტყვით. ის, ვინც დათანხმდა მეორე რაუნდს, როგორც ამბობენ. „გუშაგთა კორპუსს“ და „ბასიჯებს“ ჰყავთ შინაპატიმრობაში. ამიტომაც, გააგრძელა ტრამპმა სამშვიდობო ეტაპი, ადამიანები, ვისაც ელაპარაკებოდნენ, არ შეუძლიათ ჩვენთან ლაპარაკიო.
ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ არ იქნება ეს მეორე ეტაპი ამ პირობებში. ამას უნდა დავამატოთ ის ფაქტორი, რომ ამერიკა აძლიერებს თავის ყოფნას რეგიონში – უკვე მესამე საავიაციო დამრტყმელი დაჯგუფება მიუახლოვდება რეგიონს. „ფორდი“ უკვე შესულია წითელ ზღვაში, „ბუში“ მიუახლოვდა და „ლინკოლნი“ ადგილზეა. ტყუილად რატომ გააძლიერებდა ძალებს მესამე საავიაციო დამრტყმელი დაჯგუფებით აშშ?
ამას დაუმატეთ ირანის განხორციელებული თავდასხმები ტანკერებზე. ასევე ჩანს, რომ არის დაპირისპირება, „გუშაგთა კორპუსს“ „ბასიჯებსა“ და ხელისუფლებას შორის.
- სახმელეთო ჯარების შეყვანა ირანში ისევ განიხილება, თუ ამის გარეშე ხედავს აშშ-ისრაელი თავისი მიზნების შესრულებას?
კონფიგურაცია, რაც დღეს აქვს რეგიონში აშშ-ს და ისრაელს, არ იძლევა ნიშანს, რომ იქნება სახმელეთო ოპერაცია. არ გამოვრიცხავ ამფიბიურ ოპერაციას საზღვაო ქვეითების გამოყენებით, ან სპეციალურ ოპერაციას ირანის მიწაზე, მაგრამ სახმელეთო ფართომასშტაბიანი ოპერაცია არსებული დაჯგუფებით შეუძლებელია. ამ მოცემულობით სახმელეთო ოპერაცია არ იქნება.
ჩანს, რომ ირანში ძლიერდება წინააღმდეგობა, „ბასიჯების“ ერთ-ერთი ცნობილი მეთაური მოკლეს, ცივი იარაღით 14 ჭრილობა აქვს მიყენებულიო. არის ინფორმაცია, რომ დანაღმული მანქანები აფეთქდა თეირანში და ასე შემდეგ.
ირანი დღეში 500 მილიონს კარგავს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის შედეგად. როცა ხელფასი აღარ ექნებათ „გუშაგთა კორპუსის“ მებრძოლებს, ან „ბასიჯებს“, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები.
მაგალითად, ირანი დაახლოებით 2 კვირაში შეავსებს ყველა რეზერვუარს, რაც მას გააჩნია, რის შემდეგაც მან უნდა დაკეტოს ნავთობის წარმოების ჭაბურღილები. ჭაბურღილების დაკეტვა ისედაც რთული პროცესია ტექნოლოგიურად, ხელახლა თუ გახსნი, 10-15 % დანაკარგია, ვინაიდან დახურვის შემდეგ იქ წყალი შედის და იმდენს ვეღარ მოიპოვებ, რაც მანამდე გქონდა. ჭაბურღილი რომ შეაჩერო, ეს ნიშნავს, რომ მუშებიც უნდა გაუშვას სახლში.
სხვათა შორის, შაჰის რეჟიმის დამხობის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის მოპოვების შეჩერების შედეგად წარმოქმნილი მასიური უმუშევრობა იყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს და უმუშევრობა სხვა სოციალურ სიდუხჭირესთან ერთად, სოციალური დაძაბულობის წარმოშობის წინაპირობაა.






