მთავარი,სიახლეები

ანაპასთან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა საქართველოს სანაპიროს მოაღწიოს – კომენტარი

20.04.2026
ანაპასთან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა საქართველოს სანაპიროს მოაღწიოს – კომენტარი

შავ ზღვაში 7 აპრილს ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს.

„თუ აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ტიპიური დინება არ ფორმირდა და არ გაძლიერდა (ბოლო პერიოდში ის პირიქით მოძრაობდა), ლაქა საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს მიაღწევს.

ლაქის დრეიფის სიჩქარეა 3-3.5 მ/წამში, პერიოდულად – 5 მეტრი წამში, ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში.

საქართველომდე მოღწევას (დისტანცია 105 კილომეტრია) ამ მოცემულობით ხვალისთვის უნდა ველოდოთ,“ – ამბობს ბიოლოგიის დოქტორი, იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

ნავთობპროდუქტები შავ ზღვაში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩაიღვარა რუსეთის ქალაქ ანაპასთან. ნავთობით ზღვის დაბინძურების სავარაუდო გამომწვევია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი „სოფია“.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 350 ტონამდე ნედლი ნავთობი მოხვდა შავ ზღვაში.

„ეს ძალიან დიდი, კატასტროფული ოდენობაა, ამხელა ნავთობის ზღვაში მოხვედრა. თანამგზავრული გამოსახულებებით დადგინდა, რომ ანაპის აკვატორიაში მოხდა ჩაღვრა. პირველსავე დღეებში ლაქის ფართობმა მიაღწია 200 კვადრატულ კილომეტრამდე, რაც ძალიან დიდი ფართობია.

შემდგომ დაიწყო ნავთობის ლაქამ გავრცელება. ერთი ნაწილი უტრიშის ნაპირებთან (ანაპის რაიონი) გაირიყა, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა.

უტრიში არის ნაკრძალი, დაცული ტერიტორია. გამოირჩევა თავისი უნიკალური მრავალფეროვნებით, მათ შორის ეს ადგილი მნიშვნელოვანია თევზების ბიომრავალფეროვნების და ზღვის ძუძუმწოვრებისთვის. მოკლედ, შავ ზღვაში ერთ-ერთი გამორჩეული ცხელი წერტილია ბიომრავალფეროვნების კუთხით.

იქ ამხელა ოდენობის ნავთობის ჩაღვრა არის ძალიან მძიმე შავი ზღვის ეკოსისტემისთვის.

ანაპის შემდეგ ნავთობის ლაქამ დაიწყო დრეიფი შავი ზღვის აღმოსავლეთით, ანუ ჩვენი მიმართულებით.

ეს გარკვეულწილად უჩვეულოა, რადგან ყველას კარგად მოეხსენება შავ ზღვაში გაბატონებული დინება როგორია.

ჩვენთან დინება მოძრაობს აღმოსავლეთ ნახევარში, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მაგრამ ბოლო პერიოდში დავინახე, რომ დინება უკუღმა იყო შემობრუნებული შავ ზღვაში. ეს ძალიან კარგად ჩანდა ბათუმიდანაც, ბინძური ზღვა მდინარესავით მიედინებოდა უკუმიმართულებით. როგორც ჩანს, ამან გავლენა იქონია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელებთან“

19 აპრილის მონაცემებით, ჩაღვრილი ნავთობის ერთი ნაწილი, დაახლოებით 7 კილომეტრი სიგრძით და 1.5 კილომეტრი სიგანით, ტუაფსეს [ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში] სანაპიროს მიუახლოვდა.

„დინების და ქარის მეშვეობით მოიწევს აღმოსავლეთით. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩაღვრის ადგილიდან ტუაფსემდე 200 კილომეტრზე მეტია.

წარმოიდგინეთ, რომ 200 კილომეტრი ამ ლაქამ აღმოსავლეთით, ანუ ჩვენი მიმართულებით უკვე გამოიარა და დარჩა გამოსავლელი კიდევ 100-105 კილომეტრი, რომ მოაღწიოს ჩვენს ნაპირებთან. მე ვგულისხმობ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს, აფხაზეთის უბანს.

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ იქამდე მოაღწევს, ეს იქნება კატასტროფა მთელი ჩვენი ზღვისპირეთისთვის. სატელიტური ფოტოებით რაც გავთვალეთ, ნავთობის ლაქას ჩვენს სანაპირომდე მოსაღწევად დაახლოებით 10 საათი დასჭირდება, რა თქმა უნდა, თუ ამ მიმართულებით იდრეიფა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

არჩილ გუჩმანიძე

ის იმედოვნებს, რომ შავ ზღვაში აღმოსავლეთის დინება ფორმირდება, შედეგად ნავთობის ლაქის ბლოკირება მოხდება და მანამ გაირიყება ნაპირზე, სანამ საქართველოს ტერიტორიას მოაღწევს.

„სავარაუდოდ, გარიყვის ადგილი იქნება სოჭის რაიონი. ყველაფერი ისე რომ დამთავრდეს, რომ ჩვენს ნაპირებს არ შეეხოს, გავლენა შავი ზღვის ეკოსისტემაზე მაინც ძალიან დიდი იქნება, რადგან მნიშვნელოვანი სანაპირო უბანია, გამორჩეული თავისი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. ეს სანაპირო უბანი დიდ როლს ასრულებს თევზების მარაგების, მაგალითად, ქაფშიის მარაგის ფორმირებაში.

ეს არის ქაფშიის სამიგრაციო გზა, ზუსტად იმ გზით მოდის ჩვენთან ქაფშია, რა გზაც ნავთობის ლაქამ გამოიარა.

თუმცა ამ გავლენას შესწავლა და სამეცნიერო კვლევები სჭირდება,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს სანაპიროს მოაღწევს ნავთობის ლაქა? – ვკითხეთ არჩილ გუჩმანიძეს.

„ჩვენი სანაპიროს აფხაზეთის უბანი დაახლოებით 200 კილომეტრია. ამის შემდგომ არის უშუალოდ ის უბანი, რომელსაც დღეს საქართველო აკონტროლებს. თუ აქეთ წამოიღო, პირველ რიგში შეეხება ანაკლიას. მოგეხსენებათ, ანაკლიიდან 2-3 კილომეტრში სამხრეთით გვაქვს კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორი, დაცული ტერიტორია. რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი უბანი ჩვენი ბიომრავალფეროვნებისთვის, განსაკუთრებით ზუთხისებრი თევზებისთვის, რომლის ყველა სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, ასევე შეტანილია მსოფლიო წითელ ნუსხაში.

გარდა ანაკლიის უბნისა, მნიშვნელოვანია ოჩამჩირის და გუდაუთის უბნები, როგორც ზუთხისებრი თევზებისთვის, ისე ზოგადად შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისი თქმით, ხვალ, 21 აპრილს, უფრო ნათელი გახდება, მოაღწევს ნავთობის ლაქა საქართველოს ტერიტორიამდე თუ ვერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ზღვა ნავთობპროდუქტებით ბინძურდება.

__________________________

მთავარი ფოტო: ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ანაპის პლაჟის დასუფთავება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: