მთავარი,სიახლეები

ყავაში სოიას ფარულად დამატება იკრძალება – საქართველოში ყავის რეგლამენტი ამოქმედდება

16.04.2026
ყავაში სოიას ფარულად დამატება იკრძალება – საქართველოში ყავის რეგლამენტი ამოქმედდება

საქართველოში ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. ბაზარზე განთავსებული პროდუქციისთვის ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულო ხდება, პროცესს კი სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს.

ბოლო 5 წელში საქართველოში შემოტანილია ჯამში 360 მილიონი აშშ დოლარის ყავა, ყავის ექსტრაქტები და ესენციები.

ტერმინების სიზუსტე და ხარისხი:

ახალი რეგლამენტი მკაცრად განსაზღვრავს ყავასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, რათა მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს:

  • ნატურალური ყავა: ეს არის მხოლოდ ყავის მარცვლები [მოხალული ან ნედლი].
  • ხსნადი ყავა: იგულისხმება მხოლოდ ყავის ექსტრაქტი. ამ ტერმინის ქვეშ დაუშვებელია შაქრის ან რძის შემცვლელების არსებობა.
  • აკრძალული დანამატები: მწარმოებლებს ეკრძალებათ ყავაში ისეთი ნივთიერებების შერევა, რომლებიც ხელოვნურად ზრდის წონას ან ცვლის პროდუქტის ვიზუალს.
  • დაუშვებელია ყავაში ფარულად ისეთი კომპონენტების გარევა, როგორიცაა მარცვლეული [სოია, ქერი, შვრია და ა.შ.], ვარდკაჭაჭა [ციკორი] ან სხვა მცენარეული დანამატები.
  • კომბინირებული პროდუქტი: თუ ყავა შერეულია სხვა კომპონენტთან [მაგალითად, ციკორისთან], ეს შეფუთვაზე აუცილებლად მსხვილი შრიფტით უნდა იყოს მითითებული.

ყავა უნდა იყოს სუფთა, ყოველგვარი უცხო სუნის, გემოსა და მინარევების [მტვერი, ნაჭუჭი, ჩალის ნამცეცები] გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ობისა და მავნებლების არარსებობას და სხვა.

ეტიკეტირება და ვადები:

მწარმოებელი ვალდებულია შეფუთვაზე მიუთითოს:

  • არის თუ არა ყავა კოფეინის გარეშე;
  • მომზადების წესი [სპეციფიკური პროდუქტის შემთხვევაში];
  • შენახვის პირობები და სხვა აუცილებელი მონაცემები.

რეგლამენტი 2026 წლის 30 მარტს დამტკიცდა და ძალაში 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.

იმ პროდუქციას, რომელიც ბაზარზე რეგლამენტის ამოქმედებამდე [ანუ, 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე] იქნება განთავსებული, რეალიზაციის უფლება ვარგისობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1-ლი სექტემბრისა ექნება.

მოთხოვნები სუროგატებისა და ექსტრაქტების მიმართ:

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სტანდარტებს ძირითადი კომერციული სახეობების – Arabica-სა და Robusta-სთვის, ასევე ყავის სუროგატებისთვის:

  • ალაოს ყავის სუროგატი: თუ პროდუქტი იყიდება როგორც ყავის შემცვლელი, ის მხოლოდ მოხალული ქერის ალაოსგან უნდა დამზადდეს. სხვა მარცვლოვნების შემთხვევაში, დასახელებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს კონკრეტული მცენარე [მაგ.: „შვრიის ალაოს სუროგატი“].
  • ვიზუალური და გემოვნური თვისებები: სუროგატებს უნდა ჰქონდეს ღია ყავისფრიდან მუქ ყავისფრამდე ფერი და კონკრეტული მცენარისთვის დამახასიათებელი სუნი და გემო.
  • ექსტრაქტის შემცველობა: განსაზღვრულია წყალში ხსნადი ექსტრაქტის მინიმალური ნორმები: გაღივებული მარცვლოვნების შემთხვევაში – არანაკლებ 35%; სოიას შემთხვევაში – არანაკლებ 20%; სხვა სუროგატებში – არანაკლებ 40% [შაქრის დამატების გარეშე].
  • ვარდკაჭაჭას [ციკორის] ექსტრაქტი: ის უნდა იყოს მიღებული მხოლოდ ვარდკაჭაჭას გასუფთავებული და მოხალული ფესვებიდან წყლით ექსტრაქციის გზით. წარმოებისას მჟავებისა და ფუძეების გამოყენება აკრძალულია.

ბიზნესოპერატორების პასუხისმგებლობა:

ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ყავის წარმოებასა თუ დისტრიბუციაშია ჩართული, ვალდებულია დაიცვას ჰიგიენური მოთხოვნები. რეგლამენტი უშვებს გამონაკლისსაც: ოპერატორს შეუძლია გამოიყენოს განსხვავებული წესი, თუ დაასაბუთებს, რომ ამით ზოგადი ჰიგიენური სტანდარტები არ დაირღვევა.

შესაბამისობის კონტროლს სახელმწიფო დონეზე სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, ხოლო უშუალოდ საწარმოებში ბიზნესოპერატორი – შიდა საწარმოო კონტროლის დროს.

საქსტატის მონაცემებით ბოლო 5 წელში [2020 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით] საქართველოში შემოტანილია ჯამში 360 მილიონი აშშ დოლარის ყავა, ყავის ექსტრაქტები და ესენციები. მათ შორის:

198 მილიონი აშშ დოლარის – მოუხალავი და მოხალული ყავა [როგორც კოფეინით, ასევე უკოფეინო]

114 მილიონი აშშ დოლარის – ყავის ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები

47 მილიონი აშშ დოლარის – მზა პროდუქტები ყავის ექსტრაქტების, ესენციების ან კონცენტრატების ფუძეზე ან ყავის საფუძველზე

989 ათასი აშშ დოლარის – ვარდკაჭაჭა მოხალული და ყავის სხვა მოხალული შემცვლელები და ექსტრაქტები, ესენციები და მათი კონცენტრატები

ამასთან, საქსტატის მონაცემებით იმავე პერიოდში საქართველოში შემოტანილია ჯამში 48 მილიონი აშშ დოლარის ყავის ან ჩაის მოსამზადებელი ელექტროსახურებელი ხელსაწყოები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: