მთავარი,სიახლეები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა

16.04.2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა.

„ბაზისბანკი, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% – ის მფლობელი გახდა,“ – ნათქვამია ლიბერთი ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.

ლიბერთი ბანკი ავრცელებს ოფიციალურ რელიზს და ორივე ბანკის დირექტორის კომენტარს და იქვე განმარტავს, რომ ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას.

„აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.  ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“ – ამბობს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას,“ – თქვა ორი ბანკის გაერთიანების შესახებ ბექა გოგიჩაიშვილმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ოფიციალური რელიზის მიხედვით, მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები – ლიბერთი ბანკში.

მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.

  • ბაზისბანკის შესახებ

ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული.

2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს.  მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარია.

  • ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი.  ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

რა ფასად გაიყიდა ლიბერთი ბანკი, ჯერჯერობით უცნობია. ბაზის ბანკის მთავარი მფლობელი ჩინური ჰუალინგ ჯგუფია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.