„პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა.
ჩავეძიე – კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო,“- მოქალაქე მარიამ მელიქიშვილი აღწერს თუ როგორ მოექცა ქალი პოლიციელი, რომელსაც მისი იზოლატორში გადაყვანა უნდა უზრუნველეყო.
მარიამ მელიქიშვილი ტროტუარზე დგომის გამო 27 მარტს, 2-დღიან პატიმრობაში გაუშვეს.
იმ დღეს, ტროტუარზე დგომის გამო, პატიმრობა სხვა მოქალაქეებსაც შეუფარდეს.
დაკავების შემდეგ გაშიშვლებასა და ე.წ. ბუქნების გაკეთების იძულებაზე არაერთმა მოქალაქემ ისაუბრა.
თუმცა, როგორც ადამიანის უფლებადამცველები აცხადებენ, ამგვარი პრაქტიკა სცდება კანონით დადგენილ ნორმებს და უტოლდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იზოლატორში გაშიშვლების პრაქტიკაზე ვრცელი ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა მარიამ მელიქიშვილმა.
„სასამართლოს დარბაზიდან დროებითი მოთავსების საკანში ჩამიყვანეს მანდატურებმა.
ყველა დეტალის შემჩნევა და დამახსოვრება მინდოდა, – რკინის ნაცრისფერი გისოსების, კარებების და პირქუში კედლების, საკნების წინ მსხდომი თანამშრომლების გამომეტყველების.
როცა თვალს ვუსწორებდი მინდოდა ამომეკითხა გაკვირვება მათ სახეზე – „ამ გოგოს აქ რა უნდა“.
ნივთების აღწერას და ოქმის გაჭირვებით შედგენას რომ მორჩნენ, ორი პოლიციელი ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად, ლანა სულამანიძე კევს ღეჭავდა გამალებით, დიდად არ აინტერესებდა ვის მოაკითხა, ოქმზე ხელი მოაწერა და ჩემი გეგმა, რომ მათთან კარგი ნაცნობობა შემენარჩუნებინა, რამდენიმე წუთში ნაწილებად ჩამოშალა.
პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე, კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო. ავიჭერი, თუმცა უცებ როგორც შევძელი თავი ხელში ავიყვანე და მტკიცედ ვუთხარი უარი.
ეს პროცესი რამდენიმე წუთი გაიწელა. (სავარაუდოდ) ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე.
ვიდგეთ მაშინ აქ ვერ წაგიყვან ისეო, ვიდგეთ-მეთქი. არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მახსოვს ჩემი თავი ასეთი მტკიცე. ლანამ ისიც მითხრა აქ თუ არ გაიხდი გურჯაანში კაცები დაგხვდებიან და იმათთან მოგიწევს გაშიშვლებაო. საბოლოოდ ჩემი გავიტანე და მე და ლანამ ალეწილი სახეებით დავტოვეთ შენობა.
სასამართლოს ეზოში ოჯახი და მეგობრები მელოდებოდნენ გამამხნევა მათმა დანახვამ, თუმცა უკვე სრულიად მოშლილი ვიყავი, ენერგია გამომაცალა ჩხუბმა და გურჯაანამდე თავის ძლიერი ტკივილით ვიმგზავრე ჩემს ეკიპაჟზე გაბუტულმა.
იზოლატორში გვიან შემასახლეს, უკვე ბნელოდა. ეკა და ოლიკო ჩამოვიდნენ და გარეთ ველოდით ყველა სანამ შემიყვანდნენ. იქ კარგი ხალხი დამხვდა, თავაზიანად მიმიღეს, ყველა საჭირო პროცედურა წესების დაცვით გამატარეს და შემიძღვნენ საკანში.
პირველი რაც შევამჩნიე კარიანი ტუალეტი იყო და გამიხარდა, მაგრამ თვითონ საკნის რკინის კარი რომ მომიხურეს და ურდულიც გაჯახუნდა მანდ მივხვდი, რომ კიდევ რაღაც ახალი უნარი აღმომაჩენინა ჩემს თავში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.
ორ დღეში ორჯერ ვისარგებლე სეირნობის უფლებით, მაღალი კედლებით ამოყვანილ უჭერო სივრცეში. წიგნმა, თანამესაკნესთან საუბარმა და ექიმთან შევლამ გადამაგორებინა საუკუნედ გადაწელილი საათები. გურჯაანელი ბადრაგები პატივისცემით გვექცეოდნენ “სამართალდამრღვევ” გოგოებს და სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს ოჯახის წევრებთან მაინც მიიტანდნენ ამ აბსურდულ ამბავს.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) განმარტებით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება.
ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ადამიანების სრულად გაშიშვლების პრობლემაზე იყო საუბარი, საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დადგენილება მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სთხოვს “გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს”.
ჩხრეკის უკანონო და დამამცირებელ პრაქტიკად არის შეფასებული Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხეულის სრული გაშიშვლების იძულება.
სრულად გაშიშვლების თაობაზე არაერთი დარღვევა აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც, მით უმეტეს, გაშიშვლებას, თან ახლავს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქცევა, ასეთი ქცევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.






